Facebook Twitter
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1307-1292(კ-კს-11) 12 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა გ. კ-ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2011წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2011 წ. განჩინებით გ. კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2010წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თავდაპირველი სარჩელის თავდაპირველი სახით სრულად განხილვა მოითხოვა. გარდა აღნიშნულისა, კასატორმა მიუთითა, რომ მის მიერ დაცულია საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს 18.05.2011წ. განჩინებას გაეცნო 31.10.2011წ., ხოლო საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 30.11.2011წ. კასატორი თვლის, რომ გასაჩივრების ვადა არ უნდა აითვალოს სააპელაციო სასამართლოს განჩინების შეტყობინების საჯაროდ გავრცელების წესით. კასატორის მოსაზრებით, კასაციის შეტანის უფლება შეიძლებოდა დაეკარგა საჯარო შეტყობინებიდან მე-7 დღეს, თუ სხვა საშუალებების ამოწურვის შემდეგ კანონიერად მოხდებოდა საჯარო შეტყობინების საიტზე განთავსება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში საჯარო შეტყობინების შესახებ მითითებულია, რომ გ. კ-ს 18.11.2011წ. განჩინება გაეგზავნა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ..., ბინა 64). კასატორის მითითებით, მას არც სარჩელში და არც სააპელაციო საჩივარში არა აქვს მითითებული საცხოვრებელ მისამართად ..., რადგან ცხოვრობს დიდ დიღომში. კასატორი აღნიშნავს, რომ მას მითითებული ჰქონდა ტელეფონის ნომრები, შესაბამისად, განჩინების ჩაბარებასთან დაკავშირებით შესაძლებელი იყო მას დაკავშირებოდნენ ტელეფონის მეშვეობით. გარდა აღნიშნულისა, კასატორის მოსაზრებით, საჯარო შეტყობინება ვრცელდება მხოლოდ მოპასუხეზე და არა მოსარჩელეზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლო შეტყობინებების გაგზავნის სხვადასხვა საშუალებებს, კერძოდ, შეტყობინება იგზავნება ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით, სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით. სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საჯარო გავრცელების გზით შესაძლებელია კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლო უნდა ეცადოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მითითებული რომელიმე საშუალებით ჩააბაროს მხარეს სასამართლო შეტყობინება. თუ ამოიწურა მხარისათვის ზემოთ მითითებული რომელიმე საშუალებით სასამართლო შეტყობინების ჩაბარების შესაძლებლობა ან თუ მისი ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლო იყენებს საჯარო შეტყობინებას. საჯარო შეტყობინება ხორციელდება ორ შემთხვევაში: როდესაც მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება. საჯარო შეტყობინება გამოიყენება, თუ უცნობია მოპასუხის ადგილსამყოფელი სარჩელის აღძვრისას. მოსარჩელესთან მიმართებაში საჯარო შეტყობინების გამოყენება არ შეიძლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის – გ. კ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სსსკ-ის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
საქმის მასალების თანახმად, გ. კ-ს სააპელაციო სასამართლოს 18.05.2011წ. განჩინების ასლი 02.06.2011წ. გაეგზავნა. გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, კურიერი მისული იყო გზავნილში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ..., ბინა 64), მაგრამ ბინაში არავინ დახვდა. სააპელაციო სასამართლოს 20.06.2011წ. განჩინებით სსსკ-ის 78.1 მუხლის შესაბამისად, დადგინდა სააპელაციო სასამართლოს 18.05.2011წ. განჩინების საჯაროდ გავრცელების საშუალებით გაცნობა, რადგან განჩინება ადრესატს არ ჩაბარდა. შეტყობინება განთავსდა სასამართლოს ვებ-გვერდზე. 21.06.2011წ. საკასაციო საჩივარი გ. კ-მ სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 30.11.2011წ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსსკ-ის 78.1 მუხლი, რადგან საჯარო შეტყობინების გამოყენების წინაპირობა იარსებებდა მხოლოდ განჩინების ჩაბარების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საშუალების ამოწურვის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 78.1 მუხლის შესაბამისად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში _ მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლო შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა საჯარო შეტყობინების გამოყენების პროცესუალურ წინაპირობად განსაზღვრავს ორ შემთხვევას: 1. როდესაც უცნობია მხარის ადგილსამყოფელი; 2. მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება. მოცემულ შემთხვევაში ვებგვერდზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების განთავსება მოხდა იმის გამო, რომ ფოსტის მეშვეობით განჩინების გაგზავნის მიუხედავად, ადრესატის სახლში არყოფნის გამო ვერ მოხერხდა მისთვის ჩაბარება. სსსკ-ის 73.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება იგზავნება ამავე კოდექსის 70.3 მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული დაიცვას თანმიმდევრობა. ამდენად, სასამართლომ გამოიყენა განჩინების ჩაბარების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალება – ფოსტის მეშვეობით გაგზავნა, რა გზითაც ადრესატს განჩინება ვერ ჩაბარდა. შესაბამისად, სახეზე იყო სსსკ-ის 78.1 მუხლით განსაზღვრული მე-2 პირობა საჯარო შეტყობინების გამოყენებისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საშუალების ამოწურვის შემდეგ შეიძლებოდა საჯარო შეტყობინების გამოყენება, რადგან მითითებული ნორმის ამგვარი გაგება არ გამომდინარეობის მისი შინაარსიდან. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ მას სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაეგზავნა არასწორ მისამართზე, რამდენადაც საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, განჩინება გაიგზავნა შემდეგ მისამართზე – ქ. თბილისი, ..., ბინა 64, ხოლო განჩინებაში მისამართად ... მასივის მითითება ტექნიკურ ხარვეზით არის განპირობებული. მით უფრო, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ადრესატი ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, რაც დაადასტურა მეზობელმა, მაგრამ სახლში არ იმყოფებოდა. ამდენად, არასწორ მისამართზე განჩინების გაგზავნას ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ასევე ვერ დაეთანხმება კასატორს, რომ სსსკ-ის 78-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო შეტყობინების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მოპასუხის მიმართ, რადგან ამგვარ დათქმას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ შეიცავს. ამგვარი განმარტების შესაძლებობას არც სსსკ-ის VIII თავში თავმოყრილი ნორმების ანალიზი იძლევა. საჯარო შეტყობინება წარმოადგენს სასამართლო აქტების ჩაბარების თუ შეტყობინებების გაცნობის ერთ-ერთ საშუალებას, შესაბამისად, ლოგიკურ განმარტებას მოკლებულია მოსაზრება მისი მხოლოდ ერთი მხარის მიმართ გამოყენება და გარკვეულწილად თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება.
გარდა აღნიშნულისა, საქმის მასალების თანახმად, გ. კ-ს ფოსტის მეშვეობით არაერთხელ გაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს სხვადასხვა განჩინებები, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჩაჰბარდა. სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულ განჩინებებს აპელანტი ეცნობოდა, რაც დასტურდება მისივე განცხადებებით, შესაბამისად, სასამართლომ საჯარო შეტყობინების გამოყენების საპროცესო საშუალება მართებულად გამოიყენა, მით უფრო, რომ გ. კ-ა ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს 18.05.2011წ. მთავარ სხდომას, სხდომის ოქმის თანახმად, მხარეებს გამოეცხადათ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და განემარტათ დასაბუთებული განჩინების ჩაბარებისა და მისი გასაჩივრების წესი და ვადა. შესაბამისად, გ. კ-სათვის ცნობილი იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღების შესახებ და შესაძლებლობა ჰქონდა სასამართლოსათვის მიმართვით ან ვებგვერდზე ინფორმაციის მოძიებით შეეტყო დასაბუთებული განჩინების მომზადების შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის არგუმენტები იმის შესახებ, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლა უნდა მოხდეს 2011 წლის 31 ოქტომბრიდან, როდესაც გაეცნო განჩინებას და ვადის ათვლის დასაწყისად არ უნდა მიეჩნია სასამართლოს საჯარო შეტყობინების ვებგვერდზე განთავსების თარიღიდან _ 2011 წლის 21 ივნისიდან მე-7 დღე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გაშვების გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 397-ე, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.