Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1317-1302(კ-11) 23 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განვიხილე გ. ფ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2011წ. განჩინებაზე.

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 23 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რამდენადაც საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მითითებული განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ხარვეზის შევსება და საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ასევე, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

8.11.2011წ. კასატორმა მომართა საკასაციო სასამართლოს, კასატორი არ დაეთანხმა ხარვეზის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობას საკასაციო საჩივრის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მითითებული იყო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სასამართლოს ინიციატივით კასატორს გ. ფ-ს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.09.11წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით; კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვება და დარჩება განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.11წ. განჩინება კასატორს ჩაბარდა 2011 წლის 16 დეკემბერს.

20.12.2011წ. კასატორმა მომართა საკასაციო სასამართლოს განცხადებით, რომლითაც კვლავ არ დაეთანხმა ხარვეზის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობას საკასაციო საჩივრის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ არ არსებობს კანონის ის მუხლი, რომელიც დაირღვა, ასევე მიუთითა, რომ კანონით არ არის განსაზღვრული, თუ რა უნდა იყოს მოყვანილი დოკუმენტურ დასკვნაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერებას სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი, რომლითაც მხარე ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების გადამოწმებას, უნდა ემყარებოდეს სსსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებს, კერძოდ, საკასაციო პრეტენზია არგუმენტირებული უნდა იყოს სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით გამოყენებული კანონის არასწორად გამოყენებასა თუ სამართლის ნორმების არასწორად განმარტებაზე, ან გადაწყვეტილების (განჩინების) მიღებისას 394-ე მუხლით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძვლების არსებობაზე მითითებით, რასაც გ. ფ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს. კასატორი ზოგადად უთითებს საქპატენტის პროცედურულ დარღვევაზე, რაც გამოიხატა მის მიერ წარდგენილი კორექტირებული მასალების გაუთვალისწინებლობაში, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს აპელანტის არგუმენტების არ გაზიარების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ჩამოყალიბებული დასკვნების სამართლებრივ შეფასებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება. კასატორმა გ. ფ-მა არ შეავსო ხარვეზი სასამართლოს მირ დადგენილ ვადებში, რაც გ. ფ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 393-ე-396-ე მუხლებით, 397-ე მუხლით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.