Facebook Twitter

ბს-1388-1352(2კ-10) 14 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ი. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

დავის საგანი – ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.10წ. გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 28.09.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ი. კ-ის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ჯარიმის სახით – 18837,23 ლარის, ზიანის _ 3915,73 ლარისა და პირგასამტეხლოს – 5651,17 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 19.11.09წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. კ-ს დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის – 18837,23 ლარის, პირგასამტეხლოს – 5651,17 ლარისა და ზიანის საკომპენსაციო თანხის – 3915,73 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. კ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.10წ. გადაწყვეტილებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 19.11.09წ. გადაწყვეტილება ზიანის თანხის – 3915,73 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. კ-ს შორის 30.12.05წ. დადებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტი განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებსა და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის ფარგლებს იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ,,თავისი სურვილით” და ,,სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ოთხწლიანი კონტრაქტი. ასეთ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხა, შემდეგი წესით: ა) ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 3 (სამი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით; ბ) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 (ორი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10000 ლარის ოდენობით; გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 1 (ერთი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5 000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების დანართი ¹1-ით ცვლილება შევიდა მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულების 7.3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტში, კერძოდ, დასახელებული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ გახდა ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხა ერთ წლამდე და ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ სამსახურის დარჩენილი ვადის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით, რომლის დაანგარიშებაც ხდებოდა ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა მოპასუხისათვის ჯარიმისა და პირგასამტეხლოს თანხების დაკისრების ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო. ასეთი გასამრჯელოს სახით ი. კ-ს მიღებული ჰქონდა 3915,73 ლარი. სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ნამსახურობის პერიოდში მიღებული შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) უკან დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელი იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ხელფასის თანხის _ 3915,73 ლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ი. კ-მ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ი. კ-მ გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ი. კ-ის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია როდის შედგა ხელშეკრულების დანართი, რომლითაც ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში, ვინ წარმოადგენდა ხელშეკრულების აღნიშნული დანართის მხარეს და რომელი ხელშეკრულების დანართს წარმოადგენდა აღნიშნული ცვლილება. ამასთან, ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა შესაძლებელი იყო მხოლოდ ახალი საკანონდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.10წ. განჩინებებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო ი. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. კ-ს შორის 30.12.05წ. დადებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტი განსაზღვრავდა ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებსა და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის ფარგლებს იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა 4 წლიანი კონტრაქტი. ასეთ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხა, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.

საქმეში დაცული ხელშეკრულების ¹1 დანართით ცვლილება იქნა შეტანილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. კ-ს შორის 30.12.05წ. დადებულ ხელშეკრულებაში, რის შედეგადაც ხელშეკრულების 7.3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ სამხედრო მოსამსახურე კისრულობდა ვალდებულებას ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხა ერთ წლამდე და ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ სამსახურის დარჩენილი ვადის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით, რომლის დაანგარიშებაც ხდებოდა ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად (ს.ფ. 29). მხარეებს შორის დადებული ძირითადი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელი იყო ურთიერთშეთანხმებით, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის გაფორმების გზით. ხელშეკრულების დანართს, რომლითაც ხელშეკრულებაში დამატება იქნა შეტანილი ხელს აწერს ი. კ-ე, რაც ადასტურებს იმას, რომ მხარეები არსებითად შეთანხმდნენ როგორც ხელშეკრულების ძირითად, ასევე დამატებით პირობებზე. სკ-ის 327.1 მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სკ-ის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. საქმის მასალებით დასტურდება ი. კ-ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. კ-ს შორის ხელშეკრულება შეწყდა 1 წლის გასვლამდე, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა ქმნის კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის გამოყენების საფუძველს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა იმავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონტრაქტის ტექსტი არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და მრავალმნიშვნელოვან გამონათქვამებს, კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრა არ უკავშირდება საკანონმდებლო ცვლილებებს. სკ-ის 327.2 მუხლის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომელზეც მიღწეულ იქნა შეთანხმება მხარეებს შორის ან რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. მოცემულ შემთხვევაში არსებითი პირობების ჩამონათვალს კანონი არ განსაზღვრავს, მას თვითონ მხარეები განსაზღვრავენ ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ჯარიმის თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. კ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.3 და 7.4 პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ჯარიმის სახით აენაზღაურებინა ფულადი თანხები, ხოლო აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0.2% ოდენობით. საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე, ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შეუსრულებლობის პრევენციის ფუნქცია. ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალება და კრედიტორის აქცესორული უფლებაა _ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე, ხოლო ძირითადი უფლების ნამდვილობის იურიდიული აღიარება-დადასტურება და საპროცესო ლეგიტიმაცია პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე, ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიების სახით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.

ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის 41 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურისთვის ჯარიმის და პირგასამტეხლოს ერთობლივად დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს ან მისი ნაწილის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში მხარეთა თავისუფლების მიუხედავად, სასამართლოს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილია უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით _ 18837,23 ლარის ოდენობით. ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს სახით 5651,17 ლარის დამატებით დაკისრება ადასტურებს პირგასამტეხლოს ოდენობის აშკარა შეუსაბამობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სამართლიანი გადაწყვეტის, ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის ინტერესი მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხასთან მიმართებაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა 5651,17 ლარის ნაწილში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება 5651,17 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ი. კ-ისათვის პირგასამტეხლოს – 5651,17 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ჯარიმის სახით - 18837,23 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.10წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 19.11.09წ. გადაწყვეტილება ი. კ-ისათვის პირგასამტეხლოს – 5651,17 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ი. კ-ისთვის 5651,17 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.10წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ი. კ-ისათვის ჯარიმის - 18837,23 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.