Facebook Twitter

ბს-1453-1435(კ-11) 1 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. ბ-ის, ჯ. ზ-ის, გ. კ-ისა და ჯ. ძ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 14 მარტს შ. ბ-მ, ჯ. ზ-მა, გ. კ-მ, ჯ. ძ-მ, ლ. ბ-მა და გ. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.

მოსარჩელეების განმარტებით, მათ ,,უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონისა და საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რექტორის 2005 წლის 27 ივნისის ¹57 ბრძანების შესაბამისად, აკადემიაში ღია კონკურსის წესით ჩატარებული კონკურსის შედეგების საფუძველზე, სსიპ – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში დაიკავეს სრული პროფესორის თანამდებობები.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ,,სსიპ – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ» საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის ¹140 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რეორგანიზაცია და იგი სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიუერთდა.

მოსარჩელეების მითითებით, მათთან, როგორც სრულ პროფესორებთან, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები და მათ მიერ თანამდებობის დაკავება მოხდა ,,უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 39-ე მუხლის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის სტატუსი. მოსარჩელეთა განმარტებით, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უარი განაცხადეს მოსარჩელეებისათვის ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მათთვის ემერიტუსის წოდების მინიჭება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 აპრილის განჩინებით ლ. ბ-ისა და გ. რ-ის სარჩელი მოპასუხე - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, ემერიტუსის წოდების მინიჭების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების - შ. ბ-ის, ჯ. ზ-ის, გ. კ-ისა და ჯ. ძ-ს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. ბ-მ, ჯ. ზ-მა, გ. კ-მ და ჯ. ძ-მ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინებით შ. ბ-ის, ჯ. ზ-ის, გ. კ-ისა და ჯ. ძ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ. ბ-მ, ჯ. ზ-მა, გ. კ-მ და ჯ. ძ-მ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. ბ-ის, ჯ. ზ-ის, გ. კ-ისა და ჯ. ძ-ს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ბ-ის, ჯ. ზ-ის, გ. კ-ისა და ჯ. ძ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ბ-ის, ჯ. ზ-ის, გ. კ-ისა და ჯ. ძ-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.