Facebook Twitter

ბს-1474-1456 (კ-11) 14 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნინო ქადაგიძე

საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2010 წლის 23 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის – ლ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის, ზიანის საკომპენსაციო თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ. ბ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის 20203.20 (ოციათას ორასამი ლარი და ოცი თეთრი) ლარის და ულუფის საკომპენსაციო თანხის-664,74 (ექვსასსამოცდაოთხი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ლ. ბ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად ძალაში დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ნ. ბ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ასევე ლ. ბ-მ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.