Facebook Twitter

ბს-1478-1460(კ-11) 1 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს ,,...ს» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 5 ნოემბერს სს ,,...მ» სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის – გ. ი-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2007 წლის 24 მაისის ¹198 ბრძანებით ა. გ-ს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა ქ. ახალციხეში, ...ის ¹68-ში მდებარე 61.6 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინა. მითითებული ბრძანებისა და საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურმა ა. გ-ის სახელზე განახორციელა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული ფართი ა. გ-ის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე გ. ო-მ სანოტარო წესით დადასტურებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასცა მის მეუღლეს - გ. ი-ს, რაც სათანადო წესით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2007 წლის 24 მაისის ¹198 ბრძანებას და უთითებს, რომ ა. გ-ისათვის საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი 110/10 კილოვატიანი მაღალი ძაბვის ქვესადგურის ტერიტორიაზე არსებული შენობის პირველ სართულზე მდებარეობდა; აღნიშნული ქვესადგური სს ,,...ის» საწესდებო კაპიტალში შეტანილია საწარმოთა მართვის სააგენტოს 2005 წლის 23 სექტემბერის ¹1-3/579, 2006 წლის 10 თებერვლის ¹1-3/74 და 2006 წლის 20 ივლისის ¹1-3/498 ბრძანებების საფუძველზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა გასცდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს და ა. გ-ს საკუთრებაში გადასცა სს ,,...ის» (ამჟამად სს ,,...») საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2007 წლის 24 მაისის ¹198 ბრძანების, ა. გ-ის სახელზე გაცემული ¹16 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა და ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ახალციხეში, ...ის ქ. ¹68/1-ში მდებარე ფართზე გ. ი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების დავალება მოითხოვა.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ გ. ი-ე და ა. გ-ი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სს ,,...ს» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2007 წლის 24 მაისის ¹198 ბრძანება და ა. გ-ის სახელზე გაცემული ¹16 საკუთრების უფლების მოწმობა; მოსარჩელეს უარი ეთქვა გ. ი-ის სახელზე დარეგისტრირებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობაზე გ. ი-ის წილზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2007 წლის 24 მაისის ¹198 ბრძანებისა და ა. გ-ის სახელზე გაცემული ¹16 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-მ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება გ. ი-ის სახელზე დარეგისტრირებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...მ», რომელმაცAგასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინებით გ. ი-ისა და სს ,,...ს» სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინება სს ,,...ს» სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...მ». კასატორმა გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს ,,...ს» საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,...ს» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სს ,,...ს» საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,...ს» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინება;

3. სს ,,...ს» დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.