ბს-1521-1500(კ-11) 22 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ვ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 14 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის – ვ. გ-ის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2005 წლის 31 მარტს ვ. გ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი და ვ. გ-ე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, ჩაირიცხა საკონტრაქტო-პროფესიულ-სამხედრო სამსახურში.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ¹1942 ბრძანებით, 2008 წლის 20 მარტიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ვ. გ-ე დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ, ჯარიმის სახით _ 23618.40 ლარის, პირგასამტეხლოს სახით საჯარიმო თანხის 30% – 7085.52 ლარისა და ზიანის სახით – 16771.94 ლარის დაკისრება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ვ. გ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, ჯარიმის სახით – 23618.40 ლარის, ზიანის სახით კვებაზე დახარჯული თანხის – 90.44 ლარის და ზიანის სახით სწავლებაზე გაწეული თანხის – 283.14 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-მ, რომელმაც გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე (პირგასამტეხლოს მოთხოვნის თაობაზე) უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; ვ. გ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 7085.52 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელებულიყო მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ზიანი წარმოადგენდა სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს, თუ არ იქნებოდა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლებოდა დამდგარიყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის მხრიდან მიყენებულ ზიანს ნაწილობრივ უწოდებდა იმ ხარჯს, რაც ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე იქნა გაწეული და ამ თანხას განსაზღვრავდა ვ. გ-ისათვის ხელფასის სახით გადახდილი თანხით, რომელშიც კვებასა და სწავლებაზე გაწეული ხარჯიც შედიოდა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხიმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი) მეორე პუნქტის მიხედვით, თუ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნებოდა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე, ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდებოდა გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისაგან ითხოვდა პირგასამტეხლოს არა კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, არამედ საქართველოს პრეზიდენტის დასახელებული ბრძანებულებით შემცირებული ფინანსური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კერძოდ, ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენებოდა ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეეძლოთ ხელშეკრულებით გაეთვალისწინებინათ დამატებითი საშუალებებიც, მათ შორის პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მხარეს უნდა გადაეხადა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეეძლოთ თავისუფლად განესაზღვრათ პირგასამტეხლო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისიტროს სააპელაციო საჩივარი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-მ, რომელმაც გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მასალები და არ შეაფასა მტკიცებულებები ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რასაც შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-418-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით _ 23618.40 ლარის, ზიანის სახით _ კვებაზე დახარჯული თანხის _ 90.44 ლარისა და სწავლებაზე დახარჯული თანხის _ 283.14 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება ვ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით _ 7085.52 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა ჩაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ვინაიდან, ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით _ 23 618.40 ლარის, ზიანის სახით _ კვებაზე დახარჯული თანხის _ 90.44 ლარისა და სწავლებაზე დახარჯული თანხის _ 283.14 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით _ 7085.52 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს მხოლოდ მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს თანხის _ 7085.52 ლარის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2005 წლის 31 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. გ-ს შორის 4 წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება (ს.ფ. 10-15). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ¹1942 ბრძანების საფუძველზე, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, 2008 წლის 20 მარტიდან ვ. გ-ე დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან (ს.ფ. 16). სამხედრო ნაწილი ¹06327-ის ცნობის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე _ ვ. გ-ს მთლიანად ნამსახურებ პერიოდში შრომის ანაზღაურების, ხელფასის სახით მიღებული აქვს _ 19343.63 ლარი, კვებაზე დახარჯული თანხა _ 90.44 ლარი, ხოლო სწავლებაზე დახარჯული თანხა _ 283.14 ლარი (ს.ფ. 19).
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის _ ვ. გ-ის მსჯელობას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების ნაწილში გაუქმების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2008 წლის 31 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. გ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროს მიერ მასზე გათვალისწინებული ფულადი თანხები, ხოლო აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0.2% ოდენობით (ს.ფ. 10-15). ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისაგან ითხოვდა პირგასამტეხლოს არა კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირებული ფინანსური პასუხისმგებლობის ფარგლებში (ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე ოდენობით).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შეუსრულებლობის პრევენციული ფუნქცია. ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალება და კრედიტორის აქცესორული უფლებაა _ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე, ხოლო ძირითადი უფლების ნამდვილობის იურიდიული აღიარება-დადასტურება და საპროცესო ლეგიტიმაცია პირგასამტეხლოს დაკისრების უდავო საფუძველია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე, როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს.
საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით რეგლამენტირებულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილია უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით _ 23618.40 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დამატებით 7085.52 ლარი უკვე პირგასამტეხლოს პირგასამტეხლოა, რასაც ასევე არ იცნობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თავისუფალი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისა და ეკონომიკური თავისუფლების, როგორც კონსტიტუციური პრინციპის, უზრუნველყოფა-რეალიზების ინტერესები მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხასთან მიმართებაში. მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს 2011 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმად, აღნიშნულ თავს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-41 პუნქტი: ,,სამხედრო მოსამსახურისათვის ჯარიმის და პირგასამტეხლოს ერთობლივად დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს ან მისი ნაწილის გადახდისაგან”.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ერთობლივად ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი გონივრულ ფარგლებში, კერძოდ, პირგასამტეხლოს თანხის _ 7085.52 ლარის დაკისრების ნაწილში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება ვ. გ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით _ 7085.52 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით _ 7085.52 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ _ პირგასამტეხლოს თანხის 7085.52 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება ვ. გ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით _ 7085.52 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით _ 7085.52 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.