Facebook Twitter

ბს-1541-1520(კ-11) 22 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ რ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 30 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – რ. კ-ის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის 31 მაისს რ. კ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი და რ. კ-ი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, ჩაირიცხა საკონტრაქტო-პროფესიულ-სამხედრო სამსახურში.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 6 ნოემბრის ¹4014 ბრძანებით, 2007 წლის 2 ოქტომბრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, რ. კ-ი დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ, ჯარიმის სახით _ 17 536 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 5256,23 ლარისა და ზიანის საკომპენსაციო თანხის სახით – 5356,23 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რ. კ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის სახით – 17 536 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით – 5256,23 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის სახით _ 5356,23 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამხედრო სამსახური წარმოადგენდა სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები, განისაზღვრებოდა სახელმწიფო შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებით, რაც დაკავშირებული იყო დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს, ან შექმნიდა პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა 4 წლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, სამინისტროსათვის ჯარიმის სახით აენაზღაურებინა მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხა შემდეგი წესით: ერთ წლამდე და ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, სამსახურის დარჩენილი ვადის სახით, საშუალოდ 14 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნებოდა ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხიმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი) მეორე პუნქტის მიხედვით, თუ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნებოდა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდებოდა გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისაგან ითხოვდა პირგასამტეხლოს არა კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, არამედ საქართველოს პრეზიდენტის დასახელებული ბრძანებულებით შემცირებული ფინანსური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კერძოდ, ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენდა და მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ამ კოდექსის ნორმები და ხელშეკრულების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები გამოიყენებოდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვდა ზიანის სახით მოპასუხისათვის 5356,23 ლარის დაკისრებას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენდა არა ზიანის ანაზღაურებას, არამედ უკვე გადახდილი ხელფასისა და კვებაზე დახარჯული თანხის უკან დაბრუნებას.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ იყო დადგენილი. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში სამხედრო მოსამსახურეებზე უნდა გავრცელებულიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმები. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი იყო, რომ მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, დანამატების გაცემა უნდა განხორციელებულიყო მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით (ძველი რედაქციის) დადგენილი იყო, რომ სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი იყო, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი იყო მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშვებოდა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, არ არსებობდა მოპასუხისათვის ზიანის სახით _ 5356,23 ლარის დაკისრების საფუძველი, რადგან მითითებული თანხა რ. კ-მა მიიღო შრომის ანაზღაურების – ხელფასის სახით, რომლის გადახდის ვალდებულება თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა როგორც კანონის, ისე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა რ. კ-ის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და აღნიშნულის შედეგად, მისი მხრიდან ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტი, რაც სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-მა, რომელმაც გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინებით რ. კ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე და სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინება მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი _ რ. კ-ის განმარტებით, მას კონტრაქტის პირობები არ დაურღვევია, ვინაიდან, მისი განთავისუფლების მიზეზი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და 2007 წელს მომხდარი ბუნტი, რომელშიც მას მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. ამდენად, არ არსებობდა მისთვის ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო თანხების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, რ. კ-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის სახით _ 17 536 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება რ. კ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის სახით _ 17 536 ლარის დაკისრების ნაწილში; რ. კ-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით _ 5256.23 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა ჩაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ, ვინაიდან 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით რ. კ-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის სახით _ 17 536 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე პირგასამტეხლოს სახით 5256,23 ლარის დაკისრების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს მხოლოდ მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს თანხის _ 5256,23 ლარის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2006 წლის 31 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. კ-ს შორის 4 წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება (ს.ფ. 10-17). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 6 ნოემბრის ¹4014 ბრძანების საფუძველზე, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად 2007 წლის 2 ოქტომბრიდან რ. კ-ი დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან (ს.ფ. 20).

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის _ რ. კ-ის მსჯელობას, გასაჩივრებული განჩინების პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების ნაწილში გაუქმების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2006 წლის 31 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. კ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროს მიერ მასზე გათვალისწინებული ფულადი თანხები, ხოლო აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0.2% ოდენობით (ს.ფ. 12-13). ამასთან, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისაგან ითხოვდა პირგასამტეხლოს არა კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირებული ფინანსური პასუხისმგებლობის ფარგლებში (ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე ოდენობით).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შეუსრულებლობის პრევენციული ფუნქცია. ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალება და კრედიტორის აქცესორული უფლებაა _ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე, ხოლო ძირითადი უფლების ნამდვილობის იურიდიული აღიარება-დადასტურება და საპროცესო ლეგიტიმაცია პირგასამტეხლოს დაკისრების უდავო საფუძველია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე, როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს.

საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით რეგლამენტირებულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილია უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით _ 17 536 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დამატებით 5256,23 ლარი უკვე პირგასამტეხლოს პირგასამტეხლოა, რასაც ასევე არ ცნობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თავისუფალი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისა და ეკონომიკური თავისუფლების, როგორც კონსტიტუციური პრინციპის, უზრუნველყოფა-რეალიზების ინტერესები მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხასთან მიმართებაში. მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს 2011 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმად, აღნიშნულ თავს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-41 პუნქტი: ,,სამხედრო მოსამსახურისათვის ჯარიმის და პირგასამტეხლოს ერთობლივად დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს ან მისი ნაწილის გადახდისაგან”.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ერთობლივად ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი გონივრულ ფარგლებში, კერძოდ, პირგასამტეხლოს თანხის _ 5256,23 ლარის დაკისრების ნაწილში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინება რ. კ-ისთვის პირგასამტეხლოს სახით 5256,23 ლარის დაკისრების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით _ 5256,23 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. რ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ _ პირგასამტეხლოს თანხის 5256,23 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინება რ. კ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით 5256,23 ლარის დაკისრების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით _ 5256,23 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.