Facebook Twitter

ბს-1551-1530(კ-11) 1 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ამხანაგობა ,,...ს” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 18 ივნისს ამხანაგობა ,,...ს” წევრებმა კ. ვ-მა, ზ. ძ-მა, ტ. თ-მა, ვ. ქ-მ, ლ. კ-მა, ლ. დ-მ, ი. ლ-მ, მ. ე-მ, ლ. ჯ-მა და ლ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.

მათი განმარტებით, ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 22 მარტის ¹05.11.112 გადაწყვეტილებითა და ქ. თბილისის 26 კომისრის სახ. რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 6 ივნისის ¹13.145.1573 გადაწყვეტილებით ... მე-2 კორპუსსა და მაღაზია “...ს” შორის არსებული თავისუფალი ტერიტორია (2045 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) 16 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოეყო ამხანაგობა ,,...ს”. მათი მითითებით, აღნიშნულის მიუხედავად ამხანაგობა ,,...ს” უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.

ამდენად, ამხანაგობა “...მ” ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 25 ნოემბრის ¹06-8/23640 და ¹06-8/23629 წერილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2010 წლის 19 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე ამხანაგობა ,,...მ” გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 27 იანვრის ¹06-8/783 და ¹06-8/779 წერილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ თანამოპასუხედ ქ. თბილისის მერია დაასახელა.

2010 წლის 16 დეკემბერს ამხანაგობა ,,...მ” განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოპასუხეებად ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური მიუთითა. ამასთან, მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 13 იანვრის ¹882009380146-11, 2009 წლის 7 დეკემბრის ¹882009390669-03 და 2010 წლის 3 თებერვლის ¹882010458427-03 გადაწყვეტილებების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისთვის მიწის ნაკვეთზე ამხანაგობა ,,...ს” უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ამხანაგობა ,,...ს” სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 27 იანვრის ¹06-8/783 და ¹06-8/779 წერილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა ,,...მ”. აპელანტმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინებით ამხანაგობა ,,...ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა ,,...მ”. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ამხანაგობა ,,...ს” საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ამხანაგობა ,,...ს” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ზ. ძ-ს ამხანაგობა ,,...ს” საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ამხანაგობა ,,...ს” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება;

3. ზ. ძ-ს დაუბრუნდეს მის მიერ ამხანაგობა ,,...ს” საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახლმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.