Facebook Twitter

¹ბს-1853-1807(კ-10) 27 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ ნ. გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) _ სს “...”; წარმომადგენელი – თ. ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახური (სსიპ გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს უფლებამონავლე), წარმომადგენელი – ქ. გ-ი

მესამე პირი – დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა; წარმომადგენელი – მ. უ-ი

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 1 სექტემბერს სს “...” სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში სსიპ გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს მიმართ და მოითხოვა გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს 2009 წლის 26 ივნისის ¹20-34-12/325 გადაწყვეტილებისა და 2009 წლის 8 ივნისის ¹15787 დადგენილების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:

საქმის გარემოებები:

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს 2009 წლის 26 ივნისის ¹20-34-12/325 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს “...” საჩივარი და ძალაში დარჩა 2009 წლის 8 ივნისის ¹15787 დადგენილება სს “...” ჯარიმის სახით 500 ლარისა და მიყენებული ზიანის სახით 1930 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1, ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. ბიურომ ვერ მოიპოვა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. აღნიშნულის მიუხედავად, სადავო გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი სს “...”, კონკრეტულად კი მცხეთა-მთიანეთის ფილიალის, დუშეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე, რამდენადაც სს “...” თანამშრომლების მიერ რაიმე ქმედების ჩადენა თავისთავად არ ნიშნავს ქმედების ჩადენას “...” მიერ. მოსარჩელის მითითებით, გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს მიერ სადავო დადგენილების გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 252-ე და 264-ე მუხლების მოთხოვნები, საქმის განმხილველმა ორგანომ დავა განიხილა მოქმედი კანონმდებლობის სრული იგნორირებით, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

ადმინისტრაციულმა ორგანომ სამართალდარღვევის ჩამდენად მიიჩნია სს “...” კონკრეტულად _ მცხეთა-მთიანეთის ფილიალის, დუშეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლები. მოსარჩელის მითითებით, სამართალდარღვევის ოქმის ასლი არ ჩაჰბარებია კომპანიის წარმომადგენელს. სადავო გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ სამართალდარღვევის ოქმის ერთი პირი ჩაჰბარდა კომპანიის მენეჯერს _ თ. ს-ს, რომელიც მიჩნეულ იქნა კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლად, თუმცა სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იყო თ. ს-ის, როგორც ფიზიკური პირის და არა კომპანიის მიმართ, მისი თანამდებობა არ ითვალისწინებდა სს “...” სახელით რაიმე ქმედების განხორციელების ან კომპანიისათვის განკუთვნილი დოკუმენტების მიღების უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უზრუნველეყო კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა როგორც ოქმის შედგენისას, ასევე საქმის განხილვისას, სს “...” არ შეუტყობინებიათ საქმის განხილვის შესახებ. ამასთან, სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგენიათ ჟინვალში, ასევე არ შემდგარა ოქმი სამართალდარღვევის ჩადენის ან გამოვლენის დროს.

მოსარჩელის მითითებით, სადავო აქტის გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის მოთხოვნები, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანომ გაითვალისწინა მხოლოდ ოქმში მითითებული გარემოებები, ადმინისტრაციული წარმოების დროს არ იქნა გამოკვლეული ფაქტები, რის შედეგადაც უკანონო გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

მოსარჩელემ დაუსაბუთებლად მიიჩნია სადავო დადგენილება ასევე ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით. გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი რეგულირდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის £¹538 ბრძანებით დამტკიცებული “გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკით”, რომლის თანახმად, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის აუცილებელია მონაცემები ხის სახეობის, ამავე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ სიმაღლეზე გაზომილი დიამეტრის, რაოდენობისა და მდებარეობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის £¹019684 ოქმის თანახმად, დაზიანებული იყო იფნის ჯიშის 10 ხე, მითითებული დიამეტრებით, თუმცა, გაურკვეველია რა სიმაღლზე გაიზომა იგი.

მოსარჩელის მითითებით, სამართალდაღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, მასში სამართალდამრღვევად დაფიქსირებული პირი საერთოდ არ მოიხსენიება სამართალდარღვევის ოქმში. Aამდენად, მოსარჩელის მითითებით, სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მნიშვნელოვანი დარღვევებით (იხ. ს.ფ. 1-17; ტ.I).

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (იხ. ს.ფ. 163; ტ.I).

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რაიონულმა სასამართლომ DAდაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს სწრაფი რეაგირების განყოფილების მთავარი სპეციალისტის მიერ 2009 წლის 24 აპრილს ქ. დუშეთში შედგა სამართალდარღვევის ოქმი, სადაც სამართალდამრღვევად მიეთითა სს “...” მცხეთა-მთიანეთის ფილიალის დუშეთის მომსახურების ცენტრი, წარმომადგენელი _ თ. ს-ი. ოქმის მიხედვით, 2009 წლის 24 აპრილს დაბა ჟინვალში , კორპუსების გასწვრივ კომპანია “...” მცხეთა-მთიანეთის ფილიალის დუშეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა თვითნებურად მოახდინეს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მწვანე ნარგავების დაზიანება. სამართალდარღვევის ოქმზე ახსნა-განმარტება შედგენილია დუშეთის მომსახურების ცენტრის მენეჯერის _ თ. ს-ის მიერ, რომელიც დაეთანხმა ოქმში მოყვანილი ფაქტების სისწორეს და ხელი მოაწერა ოქმს. Gგარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექციის მიერ შედგენილი გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებით, კომპანიის მიერ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1930 ლარი. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს 2009 წლის 8 ივნისის ¹15787 დადგენილებით კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ასევე დაეკისრა გარემოსათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო თანხის – 1930 ლარის გადახდა. 2009 წლის 19 ივნისს გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს სწრაფი რეაგირების განყოფილების მთავარმა ინსპექტორებმა შეადგინეს აქტი იმის თაობაზე, რომ თ. ს-მა უარი განაცხადა ოქმთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების მიცემაზე. ასევე უარი განაცხადეს ახსნა-განმარტების მიცემაზე თ. ფ-მა და ნ. ზ-მა, რომლებმაც მოჭრეს ხეებზე ტოტები. გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს 2009 წლის 8 ივნისის დადგენილება საჩივრით გაასაჩივრა სს “...”, რაც არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაზე არ ვრცელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ¹472 ბრძანება, რომლითაც სს “...” მიენიჭა სპეციალური ჭრების განხორციელების უფლებამოსილება სახელმწიფო ტყის ფონდში ელექტროგადამცემი ხაზებით დაკავებულ ფართობებზე, რამდენადაც დავა ეხება მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ფართზე აღმოცენებული მწვანე ნარგავების დაზიანების ფაქტს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ დაბა ჟინვალში საცხოვრებელი კორპუსების წინ მდებარე გამწვანების ზოლი არ წარმოადგენს თვითმმართველობის ერთეულის ქონებას, რამდენადაც იგი კანონით დადგენილი წესით არ გადასცემია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა “ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 20.2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით და განმარტა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ავტომატურად გადაეცა მითითებული კანონის 2.5 მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე ძირითადი ქონება, მათ შორის დაბა ჟინვალში, საცხოვრებელი კორპუსების წინ მდებარე მწვანე ნარგავები.

რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 24 აპრილს სს “...” მცხეთა-მთიანეთის ფილიალის დუშეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა თვითნებურად, სათანადო ნებართვის გარეშე დააზიანეს ხეები, რაზედაც შედგა სამართალდარღვევის ოქმი კომპანიის მცხეთა-მთიანეთის ფილიალის დუშეთის მომსახურების ცენტრში, რადგან გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას არ დახვდათ კომპანიის თანამშრომლები.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ კომპანიის თანაშმრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და დადგენილად მიიჩნია, რომ ოქმი შედგა კომპანიის მცხეთა-მთიანეთის ფილიალის დუშეთის მომსახურების ცენტრის მიმართ, საქმის განხილვას ესწრებოდა კომპანიის მცხეთა-მთიანეთის ფილიალის დუშეთის მომსახურების ცენტრის ოფის-მენეჯერი და სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია.

რაიონულმა სასამართლომ ასევე გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ მიყენებული ზიანის გამოანგარიშება მოხდა ტაქსაციური დიამეტრით, დიამეტრიც გაიზომა მიწის ზედაპირიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე და ზიანის ოდენობამ შეადგინა 1930 ლარი.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დადგენილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი (იხ. ს.ფ. 182-189; ტ.I).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “...” და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

აპელანტის მოსაზრებით, რაიონულ სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნლობის მქონე ყველა გარემოება, აპელანტმა არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ კომპანიის დუშეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომელმა ჩაიბარა სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისად, კომპანიისათვის ცნობილი იყო აღნიშნულის თაობაზე. ენერგოკომპანიამ სადავო გახადა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ოქმში არსად არ ფიგურირებდა ენერგოკომპანია და იგი შედგენილი იყო ფიზიკური პირის _ თ. ს-ის მიმართ. აპელანტის მოსაზრებით, ოქმი შედგენილია სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. ასევე დაირღვა სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლი, რადგან ოქმის შედგენას არ დასწრებია კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

აპელანტის მითითებით, სახდელის დადების შესახებ დადგენილების მიღებისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე, 264-ე მუხლები, რაც კანონიერად მიიჩნია სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად. რაიონულ სასამართლოს არ გამოუკვლევია სად მოხდა სამართალდარღვევის ჩადენა, დაბა ჟინვალის ტერიტორია და თუნდაც კორპუსების მიმდებარე ტერიტორია ზოგადი მისამართია, დაბა ჟინვალი ძირითადად მოიცავს კორპუსების ტიპის დასახლებას, ამასთან, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორია განეკუთვნება კერძო საკუთრების სფეროს და არ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საკუთრებას.

აპელანტმა ასევე არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით (იხ. ს.ფ. 196-207; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სს “...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 377.1, 377.2 მუხლებით, 390.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აპელანტებმა ვერ გააბათილეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები (იხ. ს.ფ. 36-41; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “...” და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისგებაში მიცემული პირის სავალდებულო მონაწილობას ამავე კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართლადარღვევის საქმის განხილვაში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. კასატორის მითითებით, ოქმის შედგენას არ დასწრებია კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ამასთან, ოქმი არ შემდგარა სამართალდარღვევის ადგილას, რითაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ოგანომ დადგენილების მიღებისას დაარღვია ზოგადი ადმინისტრაცული კოდექსის 96-ე მუხლი და ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე და 264-ე მუხლის მოთხოვნები (იხ. ს.ფ. 46-54; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი სს “...” საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად (აბსოლუტური კასაცია) (იხ. ს.ფ. ).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის საოქმო განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება სს “...” საკასაციო საჩივარზე გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ-ცენტრალური ბიუროს საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე /იხ.ს.ფ. 102-103; ტ.2/.

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ-ცენტრალური ბიუროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ენერგეტიკის ბუნებრივი რესურსების სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახური და განახლდა საქმის წარმოება სს “...” საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს “...” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს “...” სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ; ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს 2009 წლის 26 ივნისის ¹20-34-12/325 გადაწყვეტილება სრულად მისი გამოცემის მომენტიდან, ასევე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს ინსპექტირების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ა. ჯ-ის 2009 წლის 8 ივნისის ¹15787 დადგენილება, მისი გამოცემის მომენტიდან და სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებებისა და შეჯერების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის მოტივი განსახილველ საქმეში, რამაც შექმნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული აბსოლუტური კასაციის წანამძღვრები, არის საგულისხმო და განსაკუთრებული სამართლებრივი თვალსაზრისით, რამაც მოცემულ საქმეს მიანიჭა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი, კერძოდ, სამართლის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცეს ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიკაციისას მისი, როგორც არამართლზომიერი ქმედების შემადგენლობის განსაზღვრისა და გამორკვევის აუცილებლობას. კანონმდებელი მიიჩნევს რა ქცევის კონკრეტულ წესს მართლსაწინააღმდეგოდ, კანონის ტექსტში მკაფიოდ და ცალსახად განსაზღვრავს თუ რა პირობებში და რა შემთხვევაში ექვემდებარება იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიკაცია დამოკიდებულია მომხდარი ფაქტის, სამართლის ნორმაში სწორედ ასეთად მიჩნეული ფაქტის, გარემოების სრულად და ზუსტად აღწერილთან თანადამთხვევაზე და შესაბამისობაზე, ანუ ქმედება ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნების შემადგენლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოების მხრიდან სამართალდარღვევათა სხვაგვარი, თავისუფალი შეფასების შემთხვევაში დაირღვევა სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ქვაკუთხედია და რის გარეშეც მოქალაქეთა კანონიერი მოლოდინი – პასუხისმგებლობა მხოლოდ კანონით ზუსტად გათვალისწინებული გარემოებების დადასტურებისას, რაც შეესაბამება სამართლის პრინციპს: ,,აკრძალულია ის, რაც კანონით აკრძალულია”, უსაგნო და შინაარსგამოცლილი გახდება. რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანეს - კანონიერების პრინციპს და კანონიერი ნდობის უფლებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ საქმეზე ჩამოყალიბებული სასამართლო განმარტებები და დასკვნები სასარგებლო იქნება როგორც ადმინისტრაციული, ისე სასამართლო ორგანოებისათვის და ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენისა და შეფარდების პროცესში ერთგვაროვანი სამართლებრივი ტენდენციის ჩამოყალიბებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ურთიერთობა წარმოშობილია ეკოლოგიური სამართალურთიერთობის სფეროში ადმინისტრაციულ ორგანოსა და კ/ს იურიდიულ პირს შორის. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ახორციელებს სახელმწიფოს ტყის ფონდში სპეციალურ ჭრებს ელექტრო გადამცემი ხაზებით დაკავებულ ფართობებზე (იხ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ¹472 ბრძანება).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ განსახილველი დავა გადაწყვიტა არსებითად, მაშინ როცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე ოფიციალობის პრინციპის გამოყენებით სრულყოფილად არ არის მოპოვებული და გამოკვლეული საქმის გარემოებებთან დაკავშირებული მტკიცებულებები, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე ობიექტური სამართლებრივი დასკვნის ჩამოყალიბება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სამართლებრივი შეფასება მისცეს მტკიცებულებას, რომლებიც სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს განხილვისა და შეფასების საგანი არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე, არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურმა (სსიპ გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს უფლებამონაცვლე) ისე გამოსცა 2009 წლის 8 ივნისის ¹15787 დადგენილება, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ¹019684 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომ საერთოდ არ გამოუკვლევია აღნიშნული ოქმი შედგენილ იქნა თუ არა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევები საქართველოში მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩამდენს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 151-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებურად მოჭრა, ან გამწვანებისათვის გამოყოფილი ზოლის დაზიანება იწვევს დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმებას - 1000 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, განმარტავს: იმისათვის, რომ ფიზიკური თუ იურიდიული პირის ქმედება ზემოაღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირდეს, სახეზე უნდა იყოს არამართლზომიერი ქმედების როგორც დასჯადის, შემადგენლობა, კერძოდ: 1. მწვანე ნარგავის დაზიანების ფაქტი;

2. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს თვითმმართველი მუნიციპალიტეტის საკუთრება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზეც დადგინდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა, პირის ბრალეულობა მის ჩადენაში და სხვა გარემოებები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს მონაცემები დგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით... და სხვა დოკუმენტებით. ამასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა და დამრღვევის დასჯა ემსახურება მმართველობის კანონიერებას, საჯარო წესრიგს, ხოლო პროცედურული მოქმედებების ჩატარების ვალდებულება _ კერძო ინტერესის _ ადამიანის უფლების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფას. ასეთის იგნორირების პირობებში ირღვევა ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი _ კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 252.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე., ამასთან ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 151-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში დამრღვევის მოწვევის ვალდებულება უზრუნველყოფს პირის უფლებას ისარგებლოს საპროცესო უფლებებით და მათი მეშვეობით დაიცვას თავისი მატერიალური უფლებები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 240-ე მუხლით სამართალდარღვევის ოქმისათვის დადგენილი რეკვიზიტებიდან და თავად სამართალდარღვევის ოქმის, როგორც იურიდიული დოკუმენტის მნიშვნელობიდან, გამომდინარეობს, რომ მისი შედგენა აუცილებელია სწორედ სამართალდარღვევის ადგილზე. სამართალდარღვევის ოქმით ფიქსირდება სამართალდარღვევის ფაქტი, გარემოებები, მონაწილე პირები და იმავდროულად იგი წარმოადგენს ერთ-ერთ და სარწმუნო მტკიცებულებას სამართალდარღვევის მოცემულ დროსა და ადგილას, მოცემულ ვითარებაში გამოვლენის და ამ ფაქტის მონაწილე პირების შესახებ. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის არა სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე შედგენა წარმოადგენს პროცედურის არსებით დარღვევას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, იმ პირობებში, როცა საქმის მასალებით ცალსახად არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში მითითებული დაზიანებული მწვანე ნარგავები წარმოადგენს თუ არა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, მით უფრო იმ ვითარებაში, როცა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურის (სსიპ გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს უფლებამონაცვლე) 2009 წლის 8 ივნისის ¹15787 დადგენილების გამოცემისას დარღვეულია დადგენილების გამოცემის მთელი რიგი პროცედურები, კერძოდ, დადგენილება ისე იქნა გამოტანილი, რომ მოწვეული არ ყოფილა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი, ასევე არ გამორკვეულა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღევის ჩადენის ადგილას, მითითებულია თუ არა მასში სამართალდამრღვევი იურიდიული პირი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ მოცემულ შემთხვევაში სადავოა ქმედების სამართალდარღვევად არაკვალიფიციური მიჩნევა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მუხლის 1-ლი ნაწილის, მე-7 ნაწილის “ა” პუნქტისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს ინსპექტირების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ა. ჯ-ის 2009 წლის 8 ივნისის ¹15787 დადგენილება, მისი გამოცემის მომენტიდან და ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე. ასევე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს 2009 წლის 26 ივნისის ¹20-34-12/325 გადაწყვეტილება, სს “...” საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე, რამდენადაც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავის ნორმების საფუძველზე სრულყოფილად არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, რის გამოც იგი ცალსახად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53.1. მუხლის თანახმად, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურს სს “...” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

სს “...” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სს “...” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს 2009 წლის 26 ივნისის ¹20-34-12/325 გადაწყვეტილება სრულად მისი გამოცემის მომენტიდან; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს ინსპექტირების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ა. ჯ-ის 2009 წლის 8 ივნისის ¹15787 დადგენილება, მისი გამოცემის მომენტიდან და დაევალოს უფლებამონაცვლეს _ სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურს დაეკისროს სს “...” მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100, 150, 300 = 550 ლარის გადახდა სს “...” სასარგებლოდ; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.