Facebook Twitter

ბს-1868-1821(2კ-10) 20 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ ვ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

დავის საგანი _ ჯარიმის, პირგასამტეხლოსა და სანივთე ქონების დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის – ვ. ი-ის მიმართ და მოითხოვა, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მოპასუხისათვის: ჯარიმის სახით – 18171,07 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 5451,33 ლარის, ზიანის სახით – 5770,56 ლარისა და სანივთე ქონების დავალიანების სახით – 125,68 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელის მითითებით, ვ. ი-ი 2006 წლის 23 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე დაინიშნა სამხედრო-საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 სექტემბრის ¹2954 ბრძანებით 2007 წლის 24 ივლისიდან ვ. ი-ი დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

ვ. ი-ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა შეადგენს 11 თვესა და 1 დღეს, მისი ბოლო თვის ხელფასი შეადგენდა 491,11 ლარს. შესაბამისად, მასზე ვრცელდება კონტრაქტის 7.3 მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება.

მოსარჩელის მითითებით, ვ. ი-ი კონტრაქტის 8.2, 8.3 პუნქტების შესაბამისად, ვალდებულია გადაიხადოს ზიანის საკომპენსაციო თანხა, ვინაიდან, ვ. ი-ის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოუწია სხვა სამხედრო მოსამსახურესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება და მოპასუხეზე დახარჯული თანხის ხელახლა დახარჯვა ახალი სამხედრო მოსამსახურის სამხედრო მომზადების იმ დონემდე მისაღწევად, რაც ჰქონდა მიღწეული მოპასუხეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისას. სანივთე უზრუნველყოფის ფარგლებში სამხედრო სამსახურის განმავლობაში მოპასუხეზე გადაცემული ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ მოპასუხეს არ დაუბრუნებია სანივთე ცნობაში ჩამოთვლილი სანივთე ქონება, რაც შეადგენს 125,68 ლარს (იხ. ს.ფ. 3-11).

მოპასუხე ვ. ი-მა შესაგებლით სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 31-38).

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს, ვ. ი-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით – 18171,07 ლარის, პირგასამტეხლოს სახით - 5451,33 ლარის, სანივთე ქონების დავალიანების სახით – 125,68 ლარისა და ზიანის სახით – 279,45 ლარის ანაზღაურება, ხოლო ზიანის სახით – 5491,11 ლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის «ზ» ქვეპუნქტით, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მე-10, 12.1, 65-ე, სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1, 327.1, 361.2, 417-ე მუხლებით.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ვ. ი-მა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევით იძულებული გახადა თავდაცვის სამინისტრო შეეწყვიტა მასთან გაფორმებული კონტრაქტი. მოპასუხესთან დადებული კონტრაქტის 7.3 მუხლით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და «სამინისტროსთან» შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს, ან შექმნიდა პირობებს იმისათვის, რომ «სამინისტრო» იძულებული გამხდარიყო, შეეწყვიტა 4-წლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსათვის მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები. კონტრაქტზე თანდართულ ხელშეკრულებაში დამატების შეტანის თაობაზე 2005 წლის 12 დეკემბრის 31 დანართის ,,ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,ერთ წლამდე და ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ სამსახურის დარჩენილი ვადის ხელფასის სახით, საშუალოდ 14 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნებოდა ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად». მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. ი-ს შორის დაიდო 2006 წლის 23 აგვისტოს, ხოლო ვ. ი-ი სამსახურიდან დათხოვნილ იქნა თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 სექტემბრის ¹2954 ბრძანების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, ,,პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის».

კონტრაქტის 7.4 მუხლით სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3. და 7.4 მუხლებში აღნიშნული თანხების ამავე მუხლებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების» XVI თავის (საქართველოს თავდცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი) II პუნქტის ,,ბ» ქვეპუნქტის მიხედვით ,,თუ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30%-მდე».

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ არ შეასრულა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მას უნდა დაეკისროს ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება, ასევე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სანივთე დავალიანების არსებობის ფაქტიც.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების სახით მომზადების პერიოდში მასზე დახარჯული თანხის – 5770,56 ლარის დაკისრების შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით, რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის შესაბამისად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოპასუხე ვლადიმიერ ი-ის მომზადებაზე გახარჯული იქნა 5770,56 ლარი, თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი ცნობებით დადგენილია, რომ ვ. ი-ს მსახურობის პერიოდში მიღებული აქვს ხელფასის სახით სულ – 5 491,11 ლარი.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ ვ. ი-ისათვის გაცემული ხელფასი და მასზე დახარჯული სხვა თანხები წარმოადგენს ზიანს, რადგან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ვ. ი-ი, კი ხელფასს იღებდა ყოველთვიურად გაწეული სამსახურისათვის. ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ,,მომსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი)», კონკრეტულ შემთხვევაში კი, II ქვეითი ბრიგადის საფინანსო სამსახურის 2010 წლის 25 აპრილის ¹256 ცნობის თანახმად ვ. ი-ის სწავლებაზე დახარჯული თანხა შეადგენს 279,45 ლარს, ხოლო ხელფასის სახით აღებული თანხა არის 5 491,11 ლარი (იხ. ს.ფ. 66-72).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტმა მოითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 76-85).

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ვ. ი-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ვ. ი-ისათვის ჯარიმისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა კონტრაქტის 7.3 და 7.4 მუხლები, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების XVI თავის მე-2 პუნქტის ,,ბ» და ,,გ» ქვეპუნქტები. (იხ. ს.ფ. 93-102).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს და თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ანაზღაურებას კი ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის მხრიდან მიყენებულ ზიანს ნაწილობრივ უწოდებს იმ ხარჯს, რაც ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე იქნა გაწეული და ამ თანხას განსაზღვრავს ვ. ი-ის ხელფასის სახით გადახდილი თანხით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კონტრაქტის 4.1 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მიეცემა ანაზღაურება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით დადგენილი ხელფასის სახით. ამავე კონტრაქტის 5.1.2. პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ვალდებულია: ,,სამხედრო მოსამსახურეს» გადაუხადოს 4.1 მუხლში აღნიშნული ხელფასი.

პალატის მითითებით, უდავოა, რომ სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოფილია სათანადო ანაზღაურებით ანუ ხელფასით. ამდენად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია, რომ მას ზიანი მიადგა სამხედრო მოსამსახურეზე კონტრაქტით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების (ხელფასის) სახით თანხის გაცემით, ასევე უსაფუძვლოა ვ. ი-ის სააპელაციო პრეტენზია ჯარიმისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რამდენადაც სამხედრო მოსამსახურემ დაარღვია კონტრაქტის პირობები.

ხოლო ხელშეკრულების (კონტრაქტი) 7.3 მუხლით, კი თუ სამხედრო მოსამსახურე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს ან შექმნის პირობას იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს, შეწყვიტოს 4 წლიანი კონტრაქტი. სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით, აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხები შემდეგი წესით; ა) 1 წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო სამი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით; ბ) 2 წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ორი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10000 ლარის ოდენობით; გ) 3 წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადიმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებთა შესახებ. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შეუძლით ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც მათ შორის პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მხარემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების 7.3 მუხლი – მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულება, რომლის შემთხვევაშიც სამხედრო მოსამსახურე ვალდებული ხდება გადაიხადოს კონტრაქტით დარჩენილ ვადაში მოსამსახურისათვის გასაცემი ფულადი თანხა (იხ. ს.ფ. 194-197).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 203-210).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ვ. ი-მაც, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი, კერძოდ: 2006 წლის 23 აგვისტოს მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ჯარიმისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 219-227).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (იხ. ს.ფ. 245-248).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განჩინებით ვ. ი-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად (იხ. ს.ფ. 249-252).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაანალიზების, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. ი-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება მოპასუხე ვ. ი-ისათვის პირგასამტეხლოს სახით ჯარიმის - 18171.07 ლარის 30%-ის - 5451,33 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ვ. ი-ისათვის პირგასამტეხლოს სახით – 5451,33 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, დანარჩენ ნაწილში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში დასაბუთებელია, შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, შესაბამისად, სახეზეა ამ ნაწილში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლის შესაბამისად, განჩინების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2006 წლის 23 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. ი-ს შორის 4 წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება (ს.ფ.12-17), 2006 წელს გაიწვიეს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა საინჟინრო-მესანგრეთა ასეულის საინჟინრო-მესანგრეთა II ოცეულის I ათეულის მესანგრედ.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის თანახმად, 2007 წლის 24 ივლისიდან ვ. ი-ი დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან (ს.ფ. 21). სახმელეთო ჯარების სახელობის II ქვეით ბრიგადის 2010 წლის 25 აპრილის ¹256 ცნობის შესაბამისად, ვ. ი-ის ბოლო თვის ხელფასი შეადგენდა 491,11 ლარს, ხოლო ამავე ცნობის თანახმად მთლიანად ნამსახურობის პერიოდში ხელზე გაცემულმა ხელფასმა შეადგინა 5491,11 ლარი (ს.ფ. 24).

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოპასუხე - ვ. ი-ისათვის ჯარიმის თანხის დაკისრების ნაწილში.

აღნიშნულის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიაჩნია, რომ ვ. ი-ს მართებულად დაეკისრა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ამავე კონტრაქტის 7.3 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, 2006 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულების 7.3 მუხლი განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებსა და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის ფარგლებს იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და «სამინისტროსთან» შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა 4-წლიანი კონტრაქტი, ასეთ შემთხვევაში. სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, ხელშეკრულების 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ფულადი თანხა, შემდეგი წესით: ა) ერთ წლამდე და 1 (ერთი) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 3 (სამი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით; 2) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 (ორი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10000 ლარის ოდენობით. გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 1 (ერთი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5000 ლარის ოდენობით.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა, რომ სასამართლოს ჯარიმის სახით უნდა დაეკისრებინა 14000 ლარი, როგორც ეს კონტრაქტში იყო მითითებული და არა 18171.07 ლარი, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა 7.3 «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ წლამდე და ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ სამსახურის დარჩენილი ვადის სახით, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, ხელშეკრულების 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ფულადი თანხა საშუალოდ 14 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნებოდა ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით დადგენილია, რომ კონტრაქტით დარჩენილი 3 წლისა და 30 დღის ფულადი თანხა შეადგენდა 18171.07 ლარს, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ჯარიმის თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ დასკვნას მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების ნაწილში.

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2006 წლის 23 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. ი-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროს მიერ მასზე გათვალისწინებული ფულადი თანხები, ხოლო აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით (იხ. ს.ფ. 15). ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისაგან ითხოვდა პირგასამტეხლოს არა კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირებული ფინანსური პასუხისმგებლობის ფარგლებში (ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე ოდენობით).

საკასაციო სასამართლო ჯარიმის და პირგასამტეხლოს სამართლებრივი შეფასებისას ეყრდნობა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განჩინებაში (საქმეზე ბს-1580-1509(კ-09)საქართველის თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო მოპასუხე არჩილ როსტიაშვილის მიმართ) ჩამოყალიბებულ განმარტებას: განმარტავს, რომ ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია მხარეთა უფლებამოსილება - ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინონ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი, მათ შორის, პირგასამტეხლო.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმად. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე – ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს. პირგასამტეხლოს 2 ძირითადი ფუნქცია გააჩნია:

მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის (ჯარიმა შეუსრულებლობისათვის) მოლოდინის გამოისობით.

ან

წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა.

დასაშვებია, პირგასამტეხლოში შემავალი თანხის ოდენობის გამოთვლის წესი სხვადასხვაგვარი იყოს. ხელშეკრულების ან მისი შეუსრულებელი ნაწილის თანხის პროცენტის სახით.

ტრადიციულად, პრაქტიკაში პირგასამტეხლოს მრავალსახეობიდან გამომდინარე, გამოიყენება ჯარიმა და საურავი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუკი ჯარიმასთან მიმართებით რთულია გამოიყოს რაიმე განსაკუთრებული ნიშნები, საურავის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სპეციფიკური ნიშნები თვალსაჩინოა. ისინი გამოიხატება იმაში, რომ საურავი დგინდება ვალდებულების შესრულების გადაცილების შემთხვევაში, ანუ ის მოწოდებულია უზრუნველყოს მხოლოდ ვალდებულების თავისდროული შესრულება. საურავი, როგორც წესი, გამოითვლება პროცენტებში ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების თანხასთან მიმართებით. საურავი წარმოადგენს განგრძობად პირგასამტეხლოს, რომელიც გადაიხდევინება ყოველი მომდევნო პერიოდის (მაგ. ყოველდღიურად) გადაცილების ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის.

წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, სამხედრო მოსამსახურის მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შეთანხმდნენ ჯარიმის სახით კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხების (სამხედრო მოსამსახურის ხელფასის) 10 დღის ვადაში ანაზღაურების თაობაზე, რაც, სახელშეკრულებო სამართლის თანახმად, წარმოადგენს პირგასამტეხლოს.

საკასაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლის – ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ორივე სახე: ჯარიმა და მისი ვადაში გადაუხდელობისთვის - საურავი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს “შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.»

განსახილველ შემთხვევაში მართალია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა, ფულად ოდენობაში დაანგარიშებულია სამხედრო მოსამსახურის დარჩენილი წლების ხელფასის ოდენობით, რაც არსებული სოციალური ფონისა და ვ. ი-ის მდგომარეობის გათვალისწინებით, აშკარად შეუსაბამოა და მძიმე დღეში აგდებს მხარეს. ამის მიუხედავად, ისედაც მაღალ პირგასამტეხლოზე კიდევ დაწესდა მისი ვადაში გადაუხდელობისთვის პირგასამტეხლოს მეორე სახე – საურავი – კონტრაქტის 7.3 პუნქტის ,,ა» ქვეპუნტით გადასახდელი ჯარიმის - 18171,07 ლარის 30% - 5451.33 ლარი, რაც უდავოდ მძიმე სახელშეკრულებო დათქმაა და შეუსაბამოდ მაღალია მოსალოდნელი ზიანის მიმართ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს 2011 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმად, აღნიშნულ თავს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-41 პუნქტი: ,,სამხედრო მოსამსახურისათვის ჯარიმის და პირგასამტეხლოს ერთობლივად დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს ან მისი ნაწილის გადახდისაგან”.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ჯარიმა და საურავი, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რომლის ოდენობა ჯამურად შეუსაბამოდ მაღალია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ი-ის საკასაციო საჩივარი პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე საფუძვლიანია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ხოლო, რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ვ. ი-ისთვის სახელმწიფო ბაჟის – 720 ლარის დაკისრების ნაწილში, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე მას სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავას და სსკ-ის 406-ე მუხლიდან გამომდინარე, ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა 2006 წლის 23 აგვისტოს კონტრაქტის ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან არც აღნიშნულ საკითხზე არ წარუდგენია შესაბამისი მოთხოვნა კასატორს რაიონულ და სააპელაციო სასამართლებში და შეგებებული სარჩელის წარდგენის გზით არ მოუხდენია მისი უფლების რეალიზაცია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2-ე, 399-ე, 408.3, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ვ. ი-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება მოპასუხე ვ. ი-ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ვ. ი-ისათვის პირგასამტეხლოს _ 18171,07 ოდენობის თანხის 30%-ის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს; დანარჩენ ნაწილში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.