Facebook Twitter
საქმე ¹ბს-296-234-კ-05 14 დეკემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – კ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (მოსარჩელე)

მესამე პირი – თ. პ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 15.12.04წ. განჩინება

დავის საგანი – შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის” 02.06.03წ. ¹34-1 დადგენილებით კ. ბ-ეს დაევალა საკუთარი ხარჯებით 10 დღის ვადაში ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹44-ში მისი დაკვეთით მშენებარე სათავსოს შენობის დანგრევა და ტერიტორიის ნანგრევებისაგან გაწმენდა, წინააღმდეგ შემთვევაში ქ. თბილისის არქმშენინსპექცია მიმართავდა სასამართლოს.
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ქ. თბილისის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ,,არქმშენინსპექციამ” 12.06.03წ. სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე კ. ბ-ის მიმართ, რომელშიც აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹44-ში მცხოვრები მოქ. კ. ბ-ის მიერ მშენებლობის სათანადო ნებართვის, პროექტის და ლიცენზირებული სამშენებლო ორგანიზაციის გარეშე მიმდინარეობს სათავსოს მშენებლობა. “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის “კ.ა”, “კ.ბ” და “კ.გ” ქვეპუნქტებზე, 4.8 მუხლის “თ.ა” და “თ.დ” ქვეპუნქტებზე, 5.5 მუხლზე მითითებით არქმშენინსპექციამ მოითხოვა კ. ბ-ის დაკვეთით მშენებარე სათავსოს შენობის დანგრევა, ტერიტორიის გაწმენდა ნანგრევებისაგან.
სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მიმართა აგრეთვე მოქ. გ. პ-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ 02.05.03წ ქ. თბილისში, ... ქ. @44-ში 02.05.03წ შეიძინა საცხოვრებელი სახლის ნაწილი, ერთი ოთახი – 19 კვ.მ., კ. ბ-ემ საერთო საკუთრების ეზოში თვითნებურად აწარმოა სახლის მშენებლობა და გადაადგილა ალაყაფის ჭიშკარი. გ. პ-მა მოითხოვა თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელთან ერთად მისი სარჩელის განხილვა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, აშენებული შენობის დანგრევა, ალაყაფის პირვანდელ ადგილას დაბრუნება.
დიდუბე – ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 24.11.03წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა, სასამართლომ დაადგინა მშენებარე სათავსოს დანგრევა და ტერიტორიის ნანგრევებისაგან გაწმენდა, დაკმაყოფილდა აგრეთვე მესამე პირის გ. პ-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა, კ. ბ-ეს დაევალა ალაყაფის ჭიშკარის გადატანა თავდაპირველ ადგილას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მშენებლობით დაირღვა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 20.12.01წ. ¹72 ბრძანებით დამტკიცებული “მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის დროებითი წესის” მე-3, მე-4 პუნქტები, საქართველოს პრეზიდენტის 24.09.01წ. ¹384 ბრძანებულებით დამტკიცებული “კანონმდებლობის დარღვევით აშენებულ შენობა-ნაგებობათა მთლიანად ან ნაწილობრივ იძულებით დანგრევისა და მშენებლობის შეჩერების წესის” მოთხოვნები, “ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის “კ.ბ”, “კ.გ” ქვეპუნქტები, ასევე გ. პ-ის, როგორც საერთო სარგებლობის ეზოს მობინადრის, უფლებები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა კ. ბ-ის მიერ. აპელანტმა აღნიშნა, რომ დარღვეულია სსკ-ის 70-75-ე მუხლის მოთხოვნები, სასამართლო უწყება, სასარჩელო განცხადებები ან რაიმე დოკუმენტაცია მას არ ჩაბარებია, მის ადვოკატს მიმართული ჰქონდა განცხადებით სასამართლოსათვის საქმის შესწავლის მიზნით საქმის სასამართლო პროცესის გადადებისათვის. აპელანტმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ამხანაგობის შექმნის მიზნით 17.11.98წ. ... ქ. ¹44 მაცხოვრებლებმა მოიწვიეს საერთო კრება, ამხანაგობის თავჯდომარედ აირჩიეს კ. ბ-ე, დიდუბის რაიონის გამგეობის 15.12.98წ. ¹133 განკარგულებით ინდივიდუალურ მესაკუთრეთა ამხანაგობა “...” რეგისტრაციაში გატარდა. 2002 წლის აპრილში მომხდარი მიწისძვრით დაზარალდა აპელანტის სახლი, რის გამოც განახორციელა საკუთარი დამხმარე ფართის რეკონსტრუქცია, ამხანაგობის თანხმობის შემდეგ გამგეობამ მისცა ნებართვა ფართის პრივატიზაციის, რაც დაკმაყოფილდა და 05.06.03წ. სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით მოხდა ფართის პრივატიზაცია. აღნიშნულის შემდეგ ამხანაგობის კრებამ, მიწისძვრის შედეგად სახლის დაზიანების გამო, მისცა დამხმარე ფართის რეკონსტრუქციის უფლება. ალაყაფის გადატანას საფუძვლად დაედო ამხანაგობის გადაწყვეტილება, რათა აცილებულიყო საკომუნიკაციო გაყვანილობების დაზიანება.
აპელანტმა სააპელაციო საჩივარს დაურთო: ... ქ. ¹44-ის მცხოვრებელთა 17.11.98წ. საერთო კრების ოქმი ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის და ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ; დიდუბის რაიონის გამგეობის 15.12.98წ. ¹133 განკარგულება ამხანაგობის რეგისტრაციაში გატარების შესახებ; ამხანაგობის დებულება; სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დასკვნა მიწისძვრის შედეგად სახლის მძიმე ავარიულ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ; ამხანაგობის დადგენილება საკომუნიკაციო გაყვანილობის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ეზოს ჭიშკრის გადატანის შესახებ; ეზოს მაცხოვრებელთა განცხადება დამხმარე სათავსოს კ. ბ-ის მიერ ფლობის შესახებ; გამგეობის მიერ სპეციალისტ ნ. ს-ის სახელზე 04.06.03წ. ¹4/2003 გაცემული წარმომადგენლობის უფლებამოსილება; სანოტარო წესით 05.06.03წ. დამოწმებული ხელშეკრულება დამხმარე ფართის პრივატიზების შესახებ, რომელიც დაიდო გამგეობასა და კ., ი., დ., გ., ს. ბ-ეებს შორის; ამხანაგობის დადგენილება დამხმარე ფართის რეკონსტრუქციის შესახებ; ... ქ. ¹44-ში მდებარე ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 15.12.04წ. განჩინებით კ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხე სათანადოდ არ ყოფილა გამოძახებული რაიონული სასამართლოს სხდომაზე. რაც შეეხება მობინადრეთა ამხანაგობის მიერ შენობის რეკონსტრუქციის შეთანხმებას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 20.12.01წ. ¹72 ბრძანებით დამტკიცებული “ მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის დროებითი წესის” თანახმად მშენებლობის ნებართვა საჭიროა ყოველგვარი შენობა-ნაგებობის და რეკონსტრუქციისათვის. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 02.06.03წ. ¹34-1 დადგენილებით კ. ბ-ეს დაევალა ხსენებული სათავსოს დანგრევა და ტერიტორიის ნანგრევებისაგან გაწმენდა, კ. ბ-ემ მშენებლობით დაარღვია “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის “კ.ბ”, “კ.გ” ქვეპუქნტების მოთხოვნები, შელახა მესამე პირის გ. პ-ის, როგორც საერთო სარგებლობის ეზოს მობინადრის, უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა კ. ბ-ის მიერ. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას თავი აარიდა სასამართლოს სხდომაზე მონაწილეობის მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ 24.11.03წ. წარმოუდგინეს მხოლოდ უწყება, რომელიც არ ჩაიაბარა იმ მოტივით, რომ უწყებას არ ჰქონდა დართული დოკუმენტაცია, რომლიდანაც მისთვის ცნობილი გახდებოდა მოსარჩელის ვინაობა, მოტივები, რითაც დაირღვა მისი, როგორც მოპასუხის უფლებები. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა განცხადება, რომლითაც ადვოკატი ითხოვდა სასამართლო სხდომის გადადებას საქმის მასალების გაცნობის და შესაგებლის ვადის წარდგენის მიზნით. გაუგებარია სააპელაციო პალატის დასკვნა არასაპატიოდ გამოუცხადებლობის შესახებ მაშინ, როდესაც უწყებით და ხელწერილით დასტურდება, რომ უწყება ვერ ჩაბარდა.
კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ ალაყაფის რეკონსტრუქცია და ალაყაფის გადატანა მიმდინარეობდა თანამესაკუთრეებთან შეთანხმებით, სკ-ის 225-ე მუხლის თანახმად ბინის მესაკუთრენი ერთობლივად წყვეტენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა შენობის მთლიანად ან ნაწილობრივ აღდგენა, მოცემულ შემთვევაში მიმდინარეობდა რეკონსტრუქცია ყველა თანამესაკუთრის თანხმობით. კასატორი აღნიშნავს, რომ 2002 წლის აპრილში მომხდარი მიწისძვრით მისი სახლი დაზიანდა, ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროს მიერ შექმნილმა კომისიამ დაადგინა, რომ მიწისძვრისგან გამოწვეული დაზიანების გამო სახლი მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია და საცხოვრებლად სახიფათოა. ვინაიდან გამგეობა ვერ იხდიდა დაწესებულ თანხას მიწისძვრით დაზარალებულთათვის, ხოლო საცხოვრებელი ფართი დრო და დრო უფრო სახიფათო ხდებოდა, კასატორმა გადაწყვიტა საკუთარი სახსრებით მოეხდინა დამხმარე ფართის რეკონსტრუქცია, რათა იქ გადაეყვანა თავისი მშობლები. ამხანაგობის თანხმობის მიღების შემდეგ 05.06.03წ. მოახდინა ფართის პრივატიზება. ალაყაფის გადატანის საკითხზე იმსჯელა ამხანაგობამ და ერთობლივად იქნა გადაწყვეტილი მისი ერთი კუთხიდან მეორეში გადატანა, რათა აცილებულიყო საკომუნიკაციო გაყვანილობის დაზიანების საშიშროება, რაც არაერთხელ მომხდარა. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია თუ რა უშუალო ზიანი ადგებოდა მესამე პირს – გ. პ-ს, რომელიც აღნიშნულ მისამართზე საერთოდ არ ცხოვრობს, გახსნილი აქვს თავის კუთვნილ ფართში მაღაზია, რომლის შესასვლელს არანაერი კავშირი არ აქვს არც ალაყაფთან და არც ეზოსთან.
05.07.05წ. კ. ბ-ემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც ითხოვა საქმის წარმოების შეჩერება, რადგანაც სარჩელი ჰქონდა აღძრული საქალაქო სასამართლოში არქმშენინსპექციის 02.06.03წ ¹34-1 აქტის გაუქმების მოთხოვნით.
საკასაციო პალატის 15.09.05წ. განჩინებით, სსკ-ის 279ე-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუზველზე, დაკმაყოფილდა კ. ბ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, საქმის წარმოება შეჩერდა კ. ბ-ის სარჩელზე საქმის საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.12.06წ. განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი კ. ბ-ის სარჩელი, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გაცდენილი აქვს სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული აქტის გასაჩივრების ვადა. აღნიშნული განჩინება კერძო საცჩივრით გასაჩივრდა კ. ბ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.02.08წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლოს 22.09.2010წ. განჩინებით საქმის წარმოება განახლდა, ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური. კ. ბ-ემ 22.11.2010წ. განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ 07.08.09წ. ¹ლეგ 588 ბრძანების საფუძველზე, სზაკ-ის 52-ე, მე-100, საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. ¹660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, შენობა-ნაგებობა ლეგალიზებულია.
მესამე პირის გ. პ-ის გარდაცვალების გამო (გარდაცვალების მოწმობა ალ ¹161822) საკასაციო პალატის 03.11.10წ. განჩინებით უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა შვილი - თ. პ-ი (სამკვიდრო მოწმობა 06.04.06წ., ¹2-64; საჯარო რეესტრის ამონაწერი 22.07.2011წ., ¹882011350458-21.07.2011, უფლების რეგისტრაციის საფუძველი ჩუქების ¹1-341,09.02.07წ. ხელშეკრულება)
სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ კ. ბ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვათ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხისათვის პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესით სასარჩელო განცხადების ასლის ჩაბარება, შესაგებლის წარდგენის ვადის მიცემა, მოპასუხის წარმომადგენელმა მიმართა სასამართლოს განცხადებით, რომლითაც ითხოვდა საქმეში სასამართლო პროცესის დღეს ჩართვის გამო სხდომის გადადებას საქმის მასალების შესწავლის, შესაგებლის წარმოსადგენად ვადის განსაზღვრის მიზნით, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული.
სააპელაციო პალატას შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისთვის, რომ ქ. თბილისის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 15.12.1998წ. ¹133 განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა ინდივიდუალურ მესაკუთრეთა ამხანაგობა “...”, დამტკიცდა ბინის მესაკუთრეთა დებულება (ტ.1, ს.ფ. 51-60). ამხანაგობის თანხმობის საფუძველზე კ. ბ-ემ განცხადებით მიმართა დიდუბე – ჩუღურეთის რაიონის გამგეობას, 05.06.03წ. სანოტარო წესით დამოწმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება. ამხანაგობის საერთო კრებამ თანხმობა განაცხადა მიწისძვრით დაზარალებული ფართის რეკონსტრუქციაზე, ალაყაფის გადატანაზე. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება,რომ კ. ბ-ის სახლი იმყოფებოდა ავარიულ მდგომარეობაში და მას ესაჭიროებოდა გამაგრებითი სამუშაოები (ტ.1., ს.ფ. 61,62). 05.06.03წ. სანოტარო წესით დამოწმდა დამხმარე ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 67-70), რომლითაც ი., ს., გ., კ. ბ-ეებს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ ქ. თბილისში, ... ქ. ¹44-ში მდებარე 42.80 კვ.მ, 2.20 კვ.მ., 20.10 კვ.მ. დამხმარე ფართი. სანოტარო წესით დამოწმებული 05.06.03წ. პრივატიზაციის ხელშეკრულება არ გასაჩივრებულა და ძალაშია. საქმეზე არ არის უარყოფილი ფართის მიწისძვრით დაზიანება, ამხანაგობის თანხმობის გაცემის მტკიცებულებები, საამისოდ მოწინააღმდეგე მხარეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება. ამასთანავე, საქმეში მესამე პირად ჩაბმული აწგარდაცვლილი გ. პ-ის უფლებამონაცვლეს თ. პ-ს, სადავო ნაგებობის ლეგალიზების შესახებ ¹ლეგ-588 07.08.09წ. ბრძანების გაცნობის მიუხედავად, კ. ბ-ის განცხადების საფუძველზე უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების შესახებ აქტი არ გაუსაჩივრებია. ამასთანავე, საჯარო რეესტრის ჩანაწერით დასტურდება, რომ თ. პ-ს თავის მხრივ ლეგალიზაციის აქტის (11.06.08წ., ¹ლეგ -1794 ბრძანება) საფუძველზე ეზოში თავის სახელზე აღრიცხული აქვს უძრავი ქონება.
საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. ¹660 ბრძანებულებით დამტკიცებული“ პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის” 1-ლი მუხლის თანახმად 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის დაკანონებას, ექსპლუქტაციაში მიღებას. ხსენებული წესის მე-8 მუხლის თანახმად, უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება შესაბამისი ორგანოს მიერ ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთვევაში. განსახილველ შემეთხვევაში “ქ. თბილისში, ... ქ. ¹44-ში უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების შესახებ” თბილისის არქიტექტურის სამსახურის 07.08.09წ. ¹ლეგ-588 ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. ¹660 ბრძანებულების საფუძველზე, დაკმაყოფილდა მოქალაქე კ. ბ-ის განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ... ქ. ¹44-ში აშენებული შენობა-ნაგებობა, განმცხადებელს განემარტა, რომ ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის საექსპლოატაციოდ ვარგისად აღიარებას და მის ექსპლუატაციაში მიღებას. ამდენად, არ არსებობს ობიექტის დემონტაჟის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. საჯარო რეესტრის ჩანაწერით დასტურდება, რომ ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენობა აღირიცხა საჯარო რეესტრში, 14.07.09წ., 26.02.10წ., 11.03.10წ. ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდა შენობა-ნაგებობის და დამხმარე ფართების გაყიდვა. შენობა-ნაგებობის ლეგალიზების შესახებ 07.08.2009წ. ¹ლეგ-588 ბრძანება არ გასაჩივრებულა, ძალაშია, რაც საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. ¹660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის თანახმად გამორიცხავს ობიექტის დემონტაჟს. “ არქიტექტურულ – სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის 41 მუხლის მე-5 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ობიექტის ლეგალიზების შესახებ აქტის მიღების შემთვევაში ითვალისწინებდა არქიტექტურულ – სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველი ორგანოს მიერ არქიტექტურულ – სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიღებას. ამჟამად მოქმედი “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” 04.08.2010წ. კანონის 35.15 მუხლის თანახმად ის სუბიექტები, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამდე დაეკისრათ პასუხისმგებლობა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევისათვის და ამ კანონის ამოქმედების დროისათვის გამოასწორებენ სამართალდარღვევას, თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან. ამავე კანონის 13.8 მუხლის თანახმად, ობიექტის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ შენობის დემონტაჟზე.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და


გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 15.12.04წ. განჩინება. ქ. თბილისის არქიტექტურულ – სამშენებლო ინსპექციის უფლებამონაცვლის - ქ. თბილსის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და გ. პ-ის უფლებამონაცვლის თ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.