Facebook Twitter

¹ბს-627-622(კ-11) 21 დეკემბერი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) – ნ. ი-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ქ. თბილისის მერია; ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

დავის საგანი – არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის დაჯარიმების და ობიექტის დემონტაჟის, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ი-ემ 15.03.10წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის დაჯარიმებისა და ობიექტის დემონტაჟის შესახებ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.11.09წ. ¹00001358 დადგენილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მერის 5.02.2010წ. ¹307 განკარგულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.11.09წ. ¹00001358 დადგენილებით დაჯარიმდა 13000 ლარით “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, კერძოდ, საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე ქ. თბილისში, ... I შესახვევის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის.

მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია აღნიშნული დადგენილება, რადგან ქ. თბილისში, ... I შესახვევის მიმდებარე შენობა-ნაგებობა არ იყო მის მიერ აშენებული, რაც დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შენობა არ ირიცხება მის სახელზე, იგი ეკუთვნოდა მის ბაბუას, შენობა არის I კატეგორიის და არ აღემატება 60 კვ.მ-ს, არის კეთილმოუწყობელი. მოსარჩელეს ჰყავს 10 თვის ჩვილი, არ ყავს მეუღლე, არის სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მიღმა, რის გამოც იღებს შემწეობას, რაც მის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, სადავო აქტებში დაფიქსირებულ მშენებლობის განხორციელების დროს იგი იმყოფებოდა სამშობიარო სახლში.

ნ. ი-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე ქ. თბილისის მერიამ უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით. მოპასუხემ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” 14.11.97წ. საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტზე, 4.2, 4.3, 4.4 მუხლებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ ნ. ი-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას დადგინდა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.11.09წ. სადავო დადგენილების კანონიერება, რის გამოც არ არსებობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად მისი ბათილად ცნობის წინაპირობები, რისი საწინააღმდეგო არგუმენტები არც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას და არც სარჩელში ყოფილა მითითებული. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტს, რომ იგი ცხოვრობდა ბაბუის სახლში და უკანონო მშენებლობა მას არ განუხორციელებია. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს “...” 04.11.09წ. წერილიდან ირკვეოდა, რომ მოსარჩელემ საკუთარი ძალებით განახორციელა ძველი, ამორტიზირებული სახურავის დემონტაჟი და მოაწყო მონოლითური რკინაბეტონის ფილოვანი სასხვენო გადახურვა. ამასთანავე, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა აღნიშნულის საპროექტო დოკუმენტაცია.

ნ. ი-ის სარჩელი ასევე არ ცნო მოპასუხე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით. მოპასუხე მიიჩნევს, რომ ნ. ი-ემ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განახორციელა საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე, რის გამოც ზედამხედველობის სამსახურის მიერ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის 41 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შედგა მიწერილობა, რომლითაც ნ. ი-ეს განესაზღვრა 14-დღიანი ვადა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისათვის. მიწერილობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, 30.10.2009წ. შედგა შემოწმების აქტი, რომელშიც დაფიქსირდა მიწერილობაში მითითებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ამდენად, მოპასუხემ კანონიერად მიიჩნია სადავო დადგენილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 3.09.2010წ. გადაწყვეტილებით ნ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად ვერ დაასაბუთა თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტლად რა გარემოებები არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელთა გამოკვლევის დადგენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.

საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 15.10.2009წ. შედგენილი მიწერილობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ი-ემ ქ. თბილისში, ... ქ. I შესახვევის მიმდებარედ განახორციელა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშენებლობა, რითაც დაარღვია “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის 51 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნები. 2009 წლის ზაფხულში მოსარჩელის მიერ სახლის სახურავის დემონტაჟისა და რკინაბეტონის ფილოვანი სასხვენო გადახურვის განხორციელების ფაქტი დადასტურებულია ასევე შპს “...” 04.11.09წ. წერილითაც. საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მიწერილობით განსაზღვრულ 14-დღიან ვადაში მოსარჩელემ არ გამოასწორა დარღვევა. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე სადავო დადგენილებით დაჯარიმდა კანონით დადგენილი წესით, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ი-ემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 3.09.2010წ. გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით:

აპელანტის მითითებით, მიწა იყო მისი ბაბუის საკუთრებაში, ასევე სახლიც აშენებული იყო ამ უკანასკნელის მიერ. სახურავის ჩამოშლის შემდეგ მოსარჩელის მეზობლები და ნათესავები იძულებულები იყვნენ მოეწესრიგებინათ იგი. შენობა იყო I კატეგორიის, რაც დასტურდებოდა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით.

ნ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ ცნეს მოწინააღმდეგე მხარეებმა _ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და ქ. თბილისის მერიამ უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით ნ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 3.09.2010წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი დასკვნები და მიუთითა, რომ საქმის მასალებით დადასტურებული იყო ნ. ი-ის მიერ საცხოვრებელი სახლის უნებართვო სამშენებლო საქმიანობის – გადახურვის განხორციელება, რითაც დაირღვა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის 51 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები და კანონიერად მიიჩნია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ი-ემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2011წ. განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ მოტივით, რომ მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა მის ბაბუას, შენობა-ნაგებობა განეკუთვნება I კატეგორიას, იგი არის მხოლოდ ბინის მოსარგებლე. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ არის უმუშევარი, მარტოხელა დედა და ბინა არის მისი და მისი შვილის ერთადერთი თავშესაფარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 15.10.09წ. ნ. ი-ეს გაეგზავნა მიწერილობა ¹00001358, რომლითაც მიეცა წინადადება 14 დღის ვადაში მოეხდინა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში, კერძოდ განეხორციელებინა დემონტაჟი. ასევე დადგენილია, რომ 30.10.09წ. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მოხდა მიწერილობის შესრულების შემოწმება, რა დროსაც გაირკვა, რომ ნ. ი-ის მიერ არ შესრულდა 15.10.09წ. მიწერილობის მოთხოვნები, რაზედაც შედგა შემოწმების აქტი. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 24.11.09წ. გამოიცა დადგენილება, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის ნ. ი-ის დაჯარიმებისა და სახლის დემონტაჟის დავალდებულების თაობაზე. პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად გასაჩივრებულ აქტებში მითითებულია ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-51 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც ნ. ი-ე უნებართვო მშენებლობისათვის დაჯარიმდა 10 000 ლარით, ხოლო მიწერილობის შეუსრულებლობისათვის, იმავე კანონის 58 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, დამატებით დაჯარიმდა 3 000 ლარით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამჟამად მოქმედი ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 221 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას ქ. თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობისა ან/და რეკონსტრუქციისათვის 8000 ლარის ოდენობით. ხსენებული კანონი სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის არ ითვალისწინებდა სანქციას (3000 ლარი) მიწერილობის შეუსრულებლობისათვის. სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებობა სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების დროს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ზემოაღნიშნულის გარდა, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტების გასაჩივრება აჩერებს საჯარიმო თანხის გადახდის ვალდებულებას, ამასთანავე სადავო აქტების გასაჩივრების შემთხვევაში პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა სადავო აქტები, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო სამართალურთიერთობების მიმართ შესაძლებელია სამართალდარღვევის შემდგომ მიღებული შეღავათიანი რეჟიმის გამოყენება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 07.11.11წ. ბრძანებით ნ. ი-ეს ნება დაერთო უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დაესრულებინა ქ. თბილისში, ... I შესახვევ ¹37-ში მდებარე დაუსრულებელი ობიექტის მშენებლობა. ნ. ი-ემ 21.11.11წ. განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლის ლეგალიზების მოთხოვნით. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 25.11.11წ. ¹ლეგ-761 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნ. ი-ის განცხადება და სზაკ-ის მე-100 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. ¹660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის” საფუძველზე ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ნაძალადევის რ/ნი, ... I შესახვევ ¹37-ში მდებარე უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი. ამავე ბრძანებით განმცხადებელს განემარტა, რომ ლეგალიზებით მოხდა ობიექტის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარება და მისი ექსპლუატაციაში მიღება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. ¹660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი ითვალისწინებს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესაძლებლობას. ამავე ბრძანებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო მიშენების ლეგალიზებით ადმინისტრაციულმა ორგანომ, ფაქტიურად უარი თქვა ნ. ი-ის ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის, კერძოდ დემონტაჟის განხორციელების დავალდებულებაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ი-ემ მოახდინა სადავო ობიექტის ლეგალიზება, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოსარჩელისათვის საჯარიმო სანქციის შეფარდების საფუძვლის არსებობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.11წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.11წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.