Facebook Twitter

საქმე ¹ბს-728-722(კ-11) 14 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) – ა. მ-ი, წარმომადგენლები გ. ნ-ი, მ. ე-ი (რწმუნებულება 24.10.2011წ., ¹11159990)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – ქ. თბილისის მერია, წარმომადგენელი მ. ბ-ი (მინდობილობა 11.11.2010წ., ¹06/130595-7/16; 18.10.2011წ., ¹06/130595-7/6); ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, წარმომადგენელი გ. კ-ე (მინდობილობა 28.09.2011წ., ¹07-16/11760)

დავის საგანი – დაჯარიმება საფრთხის შემცველი რეკონსტრუქციის განუხორციელებლობისათვის

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2011წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც ქ. თბილისის მერის 01.10.10წ. ¹3989 განკარგულების და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 30.07.10წ. ¹00001604 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 19.03.10წ. მიწერილობით მას განესაზღვრა 15 დღიანი ვადა მის საცხოვრებელ ფართზე არსებული მიშენების დემონტაჟის განსახორციელებლად. მიწერილობას საფუძვლად დაედო მეზობლის მიმართვის საფუძველზე შედგენილი კ. ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის 17.02.10წ. დასკვნა. ა. მ-მა განმარტა, რომ მან მიწერილობით დადგენილ ვადაში მიმართა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, რათა დახმარება გაეწიათ მისთვის დემონტაჟის განხორციელებაში, ვინაიდან მინაშენი გაკეთებული იყო დაახლოებით 15-20 წლის წინათ, ხოლო ქონება მოსარჩელემ 07.12.09წ. შეიძინა. ა. მ-მა ჩაატარა დამატებითი საინჟინრო ექსპერტიზა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რომლის 25.02.10წ. დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ სასურველი იყო მიშენების დემონტაჟი, ვინაიდან ძირითადი შენობის კედლები იყო დეფორმირებული. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა განახორციელა დემონტაჟი, მაგრამ ბაქანი, რაზედაც მინაშენი იყო განთავსებული, არ იქნა მონგრეული. ბაქნის დემონტაჟის წინააღმდეგნი იყვნენ მისი მეზობლები, ვინაიდან ბაქნის ქვეშ იყო სხვა საცხოვრებელი ბინები და შესაბამისად, ბაქანი მათ ჭერს წარმოადგენდა, ბაქნის მონგრევა იწვევდა მეზობლების საცხოვრებელი ფართის დაზიანებას. ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტების 07.04.10წ. შემოწმების აქტის საფუძველზე, დადგინდა, რომ ა. მ-ის მიერ არ შესრულდა მიწერილოთ მითითებული მოთხოვნები. 30.07.10წ. ¹00001604 დადგენილებით მოსარჩელე დააჯარიმეს არასრული დემონტაჟის გამო. ქ. თბილისის მერიის 01.10.10წ. ¹3989 განკარგულებით ა. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 30.07.10წ. ¹00001604 დადგენილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.12.10წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 30.07.10წ. ¹00001604 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 01.10.10წ. ¹3989 განკარგულების ბათილად ცნობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მიწერილობა და შემოწმების აქტი ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის 41 მუხლის შესაბამისად. მიწერილობით ა. მ-ს ეკისრებოდა საფრთხის შემცველი ობიექტის დემონტაჟის ვალდებულება, რაც არ იქნა სრულად განხორციელებული. ზედამხედველობის სამსახურის მიერ დემონტაჟის განხორციელება არ ათავისუფლებდა მოსარჩელეს მიწერილობით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან. ის გარემოება, რომ ბაქნის დემონტაჟის წინააღმდეგი იყვნენ მეზობლები არ ქმნის სასამართლოს აზრით პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.11წ. განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.12.10წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო სსკ-ის 390.3 მუხლზე მითითებით დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს.

ა. მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება. კასატორი აღნიშნავს, რომ არ შეფასებულა შპს “...” 23.04.10წ. მიღება-ჩაბარების აქტი (05.03.2010წ. ¹010503/31/118 ხელშეკრულება). ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში ჩატარდა 3 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა 17.02.2010წ., ¹66/02/07; 25.02.2010წ., ¹19-829; 30.07.2010წ., ¹7115. უკანასკნელი ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლოს არ უმსჯელია. ექსპერტიზის დასკვნა და დადგენილება დაჯარიმების შესახებ ერთ დღეს არის მიღებული, მაშინ როდესაც აღნიშნული დასკვნის საფუძველზე შესაძლებელი ყოფილა შენობის გამაგრება. თუ რატომ დააჯარიმეს კასატორი სასამართლოს არცერთ გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული და გამოკვლეული. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბაქანი წარმოადგენს მეზობლების _ ტ. მ-ის, მ. ბ-ას, მ. წ-ის, ი. დ-ისა და დ. ე-ის ჭერს. თუ მეზობლები იყვნენ წინააღმდეგი დემონტაჟის, გაუგებარია თუ რატომ დააჯარიმეს ა. მ-ი. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ შპს “...” სამუშაო დაამთავრა 23.03.2010წ., ხოლო შემოწმების აქტი გაცემულია 07.04.2010წ., იმ დროს, როდესაც მერიის დაკვეთით მიმდინარეობდა სამუშაოები. შემოწმების აქტი გაცემულია 07.04.2010წ., ხოლო 23.04.2010წ. მიღება-ჩაბარების აქტი. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა დააზუსტეს მოთხოვნა და გასაჩივრებული განჩინების და სადავო აქტების გაუქმება მოითხოვეს.

მოწინააღმდეგე მხარის – ქ. თბილისის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველია.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 19.03.2010წ. ¹00001604 მიწერილობით ა. მ-ს დაევალა არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება, კერძოდ, ქ. თბილისში, ... გამზ. ¹...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ავარიული მინაშენის დემონტაჟი. 01.04.2010წ. ა. მ-მა თხოვნით მიმართა ზედამხედველობის სამსახურს, რათა მისი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით ადმინისტრაციულ ორგანოს თავად განეხორციელებინა ავარიული მინაშენის დემონტაჟი. ადმინისტრაციულმა ორგანომ დააკმაყოფილა ა. მ-ის თხოვნა და ქ. თბილისის მერიის დაკვეთით შპს “...”-ის მიერ განხორციელდა დემონტაჟი. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 07.04.2010წ. შემოწმების ¹00001604 აქტის თანახმად, ა. მ-მა არ შეასრულა მიწერილობა, კერძოდ, სრულად არ განახორციელა მინაშენის დემონტაჟი, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. აღნიშნულ სამშენებლო სამართალდარღვევის გამო ზედამხედველობის სამსახურის 30.07.2010წ. დადგენილებით ა. მ-ი დაჯარიმდა 5000 ლარით და მას დაევალა ქ. თბილისში, ... გამზ. ¹...-ში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე ავარიული მიშენების (დარჩენილი ბაქნის) დემონტაჟი. ქ. თბილისის მერიის 01.10.2010წ. ¹3989 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ა. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 30.07.2010წ. ¹00001604 დადგენილება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “ტექნიკური საფრთხის კონტროლოს შესახებ” კანონის 28-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც დაჯარიმდა მოსარჩელე, სამშენებლო სამართალდარღვევად მიიჩნევს და სანქციას აწესებს იმ ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განუხორციელებლობისათვის, რომლის დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო დადგენილებით ა. მ-ი დაჯარიმდა დემონტაჟის სრულად, კერძოდ, მიშენების ფილის (ბაქნის) დემონტაჟის განუხორციელებლობისათვის. სამშენებლო სამართალდარღვევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, მათ შორის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 19.03.2010წ. ¹00001604 მიწერილობის შესრულების მიზნით დემონტაჟის განხორციელება დაიწყო თავად ზედამხედველობის სამსახურმა, მაგრამ სრული დემონტაჟი არ მოხდა მეზობლების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო, რაც მეზობლების მხრიდან მოტივირებული იყო იმ გარემოებით, რომ მიშენების ბაქანი წარმოადგენდა მათი საცხოვრებელი სახლის სახურავს და მისი მოშლა გამოიწვევდა საცხოვრებელი სახლების დაზიანებას.

მიწერილობის შედგენის დროს მოქმედი “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის “პ” ქვეპუნქტის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მიწერილობა არის დამრღვევის მიმართ მითითება განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით შეასრულოს მიწერილობაში მითითებული პირობები დარღვევის გამოსასწორებლად. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მიწერილობის ვადაში თავად მიმართა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და მოითხოვა მიშენების დემონტაჟი, ვინაიდან არ გააჩნდა შესაბამისი სახსრები დემონტაჟის განსახორციელებლად. ადმინისტრაციულმა ორგანომ თანხმობა განაცხადა დემონტაჟის საკუთარი საშუალებებით განხორციელებაზე. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელდა მინაშენის დემონტაჟი, მაგრამ არა სრულად, დატოვებულ იქნა მიშენების ბაქანი, ვინაიდან ბაქნის მოხსნა საფრთხეს შეუქმნიდა მეზობლის საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას. ა. მ-ი ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნავდა, რომ ბაქნის დატოვებას არ ეთანხმებოდა, თუმცა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები არწმუნებდნენ, რომ ბაქნის დატოვებით რაიმე პრობლემა არ შეექმნებოდა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.07.2010წ. დასკვნის თანახმად ფილის (ბაქნის) დემონტაჟზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მისი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს მსგავსი სამუშაოების წარმოების გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტის ზედამხედველობით. ყურადღებას იქცევს აგრეთვე ის გარემოება, რომ ნაწილობრივი დემონტაჟის შესრულების შემდეგ ზედამხედველობის სამსახურის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გაცემის და “ტექნიკური საფრთხის კონტროლოს შესახებ” კანონის 28-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე ა. მ-ის დაჯარიმების შესახებ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ¹00001604 დადგენილების გამოცემის თარიღი (30.07.2010წ.) ემთხვევა ერთმანეთს, მაშასადამე დაჯარიმების მომენტისათვის ა. მ-ისათვის უცნობი იყო ხსენებული საექსპერტო დასკვნა იმის შესახებ, რომ ზედნაშენის მოხსნის შემდეგ საფრთხის ხარისხი შემცირებულია, მაგრამ ფილის მდგომარეობა კვლავ არადამაკმაყოფილებელია. იმის გათვალისწინებით, რომ ა. მ-ი დაჯარიმდა საფრთხის შემცველი კონსტრუქციის დემონტაჟის განუხორციელებლობისათვის და არა უნებართვო მშენებლობისათვის, მნიშვნელოვანი იყო კონსტრუქციის საფრთხის შესახებ მისი ინფორმირება, მით უფრო, რომ 28-ე მუხლის შემიშვნის თანახმად, მესაკუთრეს ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრისათვის ცნობილი გახდება, რომ მისი საკუთრება საფრთხეს უქმნის მესამე პირებს და არ აცნობებს ასეთი საფრთხის შესახებ შესაბამის ორგანოებს, არ მიიღებს შესაძლებლობის ფარგლებში ზომებს საფრთხის თავიდან ასაცილებლად. კანონის 28-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი არ განახორციელებს ამ შენიშვნით განსაზღვრულ ღონისძიებებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო სანქციის შეფარდება უნდა მოხდეს კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით იმ პირისათვის, რომლის ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია სამართალდარღვევა, არ არსებობს ბრალის გარეშე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რა მთლიანად საქალაქო სასამართლოს დასკვნა, არ იქონია მსჯელობა ბაქნის დემონტაჟის განუხორციელებლობაში ა. მ-ის ბრალეულობაზე.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ უკანონო ნაგებობის ტექნიკური მდგრადობის, მისი დემონტაჟის საკითხი დაისვა მოსარჩელის მეზობლების მიერ (იხ. ტ.1, ს.ფ. 29, 33, 87). ამასთანავე, სრული დემონტაჟი, კერძოდ, ბაქნის დემონტაჟის განხორციელება არ მოხდა ა. მ-ის მეზობლების წინააღმდეგობის გამო, ვინაიდან მიშენების ბაქნის დემონტაჟი გამოიწვევდა მათი საცხოვრებელი სახლების დაზიანებას. აღნიშნული დასტურდება ქ. თბილისის მერის 01.10.10წ. ¹3989 განკარგულებით, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირ განხილვაზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ა. მ-ის მეზობლები იყვნენ წინააღმდეგი მიშენების სრული დემონტაჟისა, ვინაიდან მიშენების ბაქნის დემონტაჟი გამოიწვევდა მათი საცხოვრებელი სახლების დაზიანებას (ტ.1, ს.ფ. 20). მეზობლების განცხადებით ისინი თანხმობას აცხადებდნენ მიშენების დატოვებაზე (ტ.1, ს.ფ. 103). ამასთანავე, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 30.07.10წ. დადგენილებით ა. მ-ი დაჯარიმდა ხუთი ათასი ლარით იმის გამო, რომ ბაქანის დემონტაჟის განუხორციელებლობა უშუალო საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აღნიშნული გარემოება გაუგებარს ხდის თუ რა მოსაზრებით დატოვა საშიშროების შემცველი ბაქანი დემონტაჟის გარეშე ზედამხედველობის სამსახურმა და რატომ არ ჩართო ადმინისტრაციულ წარმოებაში ის პირები (მეზობლები), რომლებსაც ბაქანი საშიშროებას უქმნიდა. სადავო აქტის – ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 30.07.10წ. დადგენილების 1-ლი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე ადმინისტრაციული საქმის განმხილველ სასამართლოს ყველა შემთხვევაში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად უნდა ჩაება ის პირები, რომლებსაც ბაქანი საფრთხეს უქმნიდა და რომლებიც აღნიშნულის მიუხედავად ბაქნის დემონტაჟის წინააღმდეგი იყვნენ, მით უფრო, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.07.10წ. დასკვნის მიხედვით შესაძლებელია კონსტრუქციის გამაგრება. მეზობლების საქმეში მესამე პირად ჩართვის აუცილებლობას განაპირობებს აგრეთვე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სადავო 30.07.2010წ. დადგენილების მე-2 პუნქტი, რომლითაც ა. მ-ს დაევალა დარჩენილი ბაქნის დემონტაჟი, მოსარჩელის მტკიცებით ბაქანი პირველი სართულის მაცხოვრებლების ჭერს წარმოადგენს, ამ მიმართულებით სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის გარემოებები არ დადგენილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ, მატერიალურ და პროცესუალურ წინამძღვრებს, განჩინება დაუსაბუთებელია, სააპელაციო პალატას არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, განჩინებაში არ არის ასახული საქმეში არსებული მტკიცებულებების უერთიერთშეჯერების შედეგად ჩამოყალიბებული დასკვნები, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საჭიროა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ყველა გარემოების სათანადო გამოკვლევა და სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2011წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე /ნ. სხირტლაძე/

მოსამართლეები: /ნ. ქადაგიძე/

/ლ. მურუსიძე/