Facebook Twitter

ბს-1307-1292(კ-კს-11) 28 მარტი, 2012წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ ქ. თბილისის მერია; ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა; ჟ. თ-ი

დავის საგანი – უსწორობის გასწორება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2011წ. საოქმო განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. კ-მ 25.11.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ვაკე-საბურთალოს გამგეობისა და ჟ. თ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისში, ..., ¹18 სახლის მე-3 სართულზე მდებარე ერთოთახიანი, 18.5კვ.მ ბინა ¹10-ის ჟ. თ-ისათვის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მინიციპალიტეტის კაბინეტის 02.04.98წ. ¹07.17.118 დადგენილების მე-2 პუნქტის, ჟ. თ-ის სახელზე 04.09.98წ. გაცემული ¹018319 საბინაო ორდერის, 29.05.98წ. და 11.09.98წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებების გაუქმება, ასევე მოპასუხეთა დავალდებულება ბინის შეჭრამდე არსებულ მგდომარეობაში მოყვანის შესახებ და სადავო ბინის მოსარჩელის სახელზე პრივატიზება, ამასთან სადავო ბინაზე ყადაღის დადება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.03.10წ. საოქმო განჩინებით – მოსარჩელე გ. კ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გ. კ-ს სარჩელზე ჟ. თ-ის ბინაში შეჭრის დროინდელ მდგომარეობაში მოყვანისა და სადავო ბინის გ. კ-ს სახელზე პრივატიზაციის განხორციელების ნაწილში დარჩა განუხილველი მოსარჩელის მიერ სარჩელის ამ ნაწილში გამოხმობის გამო. აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.10.10წ. განჩინებით გ. კ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.03.10წ. საოქმო განჩინება მოპასუხე ჟ. თ-ის მიერ ბინაში შეჭრის დროინდელ მდგომარეობაში ბინის მოყვანისა და სადავო ბინის მოსარჩელის სახელზე პრივატიზაციის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე.

02.11.10წ. გ. კ-მ განცხდებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა გ. კ-ს კერძო საჩივრის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 15.10.10წ. მიღებულ განჩინებაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.11.10.წ. განჩინებით გ. კ-ს უარი ეთქვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.10წ. გადაწყვეტილებით გ. კ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 02.04.98წ. ¹07.17.118 დადგენილების მე-2 პუნქტის, 04.09.98წ. ¹018319 საბინაო ორდერის, 11.09.98წ. და 29.05.98წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებების ბათილად ცნობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-მ.

03.01.11წ. გ. კ-მ განცხადებებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 30.11.10წ. გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება და ამავე გადაწყვეტილებაში უსწორობათა გასწორება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.01.11წ. განჩინებებით გ. კ-ს განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისა და 30.11.10წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრებით გაასაჩივრა გ. კ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.05.11წ. განჩინებით გ. კ-ს შუამდგომლობა კერძო საჩივრების გაერთიანების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, განუხილველად დარჩა გ. კ-ს კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.01.11წ. განჩინებაზე, რომლითაც უარი ეთქვა გ. კ-ს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.05.11წ. განჩინებით გ. კ-ს კერძო საჩივარი უსწორობის გასწორებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.01.11წ. განჩინება.

სააპელაციო სასამართლოს 29.04.2011წ. განჩინებით გ. კ-ს სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. 16.05.11წ. გ. კ-მ განცხდებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებაში უსწორობის გასწორება მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულია განხილვის ვადის 5 თვემდე გაგრძელებაზე, მაგრამ არ არის მითითებული როდის იწყება და როდის მთავრდება აღნიშნული ვადა. განმცხადებლის მოსაზრებით, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში შესაგებლის წარმოდგენის ვადა სასურველია ყოფილიყო ორ კვირაზე მეტი და არა 7 დღე. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქმის და სააპელაციო საჩივრის დიდი მოცულობის გამო მოწინააღმდეგე მხარეს დრო სჭირდება აპელაციის გასაცნობად. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვის თარიღი (18.05.11წ.) განმცხადებლის აზრით უნდა გადაიდოს სხვა დროისათვის, რამდენადაც ამ დღეს დანიშნულია კერძო საჩივრის განხილვა, რომელიც სააპელაციო საჩივრის განხილვამდე უნდა ყოფილიყო განხილული.

განმცხადებლის მოსაზრებით განჩინებაში სრულად უნდა იქნეს მითითებული დავის საგანი, უნდა მიეთითოს, რომ სარჩელი განიხილება პირვანდელი სახით, სადავო ბინის გ. კ-ზე პრივატიზაციის მოთხოვნის ჩათვლით. სარჩელი პირვანდელი სახით უნდა იქნეს განხილული იმ შემთხვევაშიც, რომ უარი ყოფილიყო ნათქვამი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილზე, რამდენადაც 25.11.10წ. დაზუსტებული სარჩელი იქნა წარდგენილი სასამართლოში თავდაპირველი მოთხოვნებით, სარჩელის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში მოსამართლემ არ გამოიტანა განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების, სარჩელის დაუშვებლობის ან ხარვეზის მითითების შესახებ, შესაბამისად, სარჩელი ითვლება წარმოებაში მიღებულად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.05.11წ. საოქმო განჩინებით აპელანტ გ. კ-ს განცხადება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებაში უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინებაში უსწორობათა გასწორების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.05.11წ. განჩინებით გ.კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.10წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-მ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.11წ. განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.10წ. გადწყვეტილების გაუქმება და მისი თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნების დაკამაყოფილება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.12.11წ. განჩინებით გ. კ-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს 18.05.2011წ. საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-მ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინებაში უსწორობის გასწორება და ქვემდგომი სასამართლოსათვის მითითება საქმე განხილულ იქნეს თავდაპირველი მოთხოვნით, სრული სახით.

კერძო საჩივრის ავტორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მითითება შესაგებელის წარდგენის ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ვადა უნდა იყოს გონივრული, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ იყო გონივრული, რადგან მერიის წარმომადგენელმა შესაგებელი მიიტანა სასამართლოს სხდომაზე და მას არ ჰქონდა შესაძლებლობა სხდომამდე გასცნობოდა მას. მოპასუხე – ჟ. თ-ი საქმის მასალებს გაეცნო 13.05.2011წ., შესაბამისად, შესაგებელის წარდგენის ვადა უმთავრდებოდა სასამართლო სხდომის დამთავრების შემდეგი პერიოდისათვის.

დავის საგანთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ საქალაქო სასამართლოს განჩინებაში უსწორობის გასწორებაზე სააპელაციო სასამართლოში შეტანილი კერძო საჩივარი მანამდე იყო განხილული. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ ჯერ მიღებული იქნა შემაჯამებელი განჩინება, ხოლო შემდეგ განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე, რომელიც ეხებოდა დავის საგნის დაზუსტებას. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მის სხვა მოსაზრებებზე, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა თუ როდიდან უნდა ათვლილიყო საქმის განხილვის 5 თვიანი ვადა.

გ. კ-მ 17.02.12წ. წარადგინა დამატებითი გარემოებები კერძო საჩივართან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნა, რომ დავის საგანი განისაზღვრა 07.02.2011წ. განჩინებით საკასაციო სასამართლოს მოსამართლის თვითაცილების შესახებ. რომც არ ყოფილიყო საკასაციო სასამართლოს განჩინება დავის საგნის დაზუსტებაზე, არ დაიშვებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება დაუზუსტებელ დავის საგანზე, ვინაიდან დავის საგნის დაზუსტებაზე უარის საოქმო განჩინება (18.05.11წ.) გასაჩივრდა კერძო საჩივრით, ჯერ კერძო საჩივრის განხილვა უნდა შემდგარიყო, ხოლო დავის საგნის დაზუსტების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარზე. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ დავის საგანი დაზუსტებული და დადგენილი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 07.02.11წ. განჩინებით, რომელშიც ორ ადგილას არის ჩამოყალიბებული დავის საგანი, მათ შორის ბინაში შეჭრამდე არსებულ მდგომარეობაში მისი მოყვანის და ბინის პრივატიზაციის განხორციელების დავალდებულების შესახებ. აღნიშნულის გამო არც ქალაქის და არც სააპელაციო სასამართლოებს არ ჰქონდათ დავის საგნის შეცვლის უფლება.

კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება, რომლითაც მას დავის საგანთან დაკავშირებით უარი ეთქვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანაზე, მიღებულია სააპელაციო პალატის მიერ მთავარი სხდომის ჩატარების შემდეგ, რასაც კერძო საჩივრის ავტორის აზრით ადასტურებს საიტზე ატვირთული განჩინებების ნუმერაცია.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 16.06.11წ. მიმართა გამგეობას სადავო ბინის პრივატიზაციის მოთხოვნით, საიდანაც მიიღო უარყოფითი პასუხი (29.06.11წ.), გასაჩივრების ვადის მითითების გარეშე, ამასთანავე გამგებელმა სამგზის მიწერა, რომ თანახმა იყო სადავო ბინის საკითხი განეხილა მართლმსაჯულების ორგანოს. სააპელაციო სასამართლოს რომ არ ჰქონდა დაზუსტებული დავის საგანი დასტურდება 18.05.11წ. განჩინებიდან, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორს მოჰყავს თავისი მოსაზრებები საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ყველა გარემოების ირგვლივ. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ მასზე ბინის პრივატიზების საკითხის განხილვაზე უარის თქმის მიუხედავად სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასკვნების უმეტესი ნაწილი ეხება მასზე ბინის პრივატიზების მოთხოვნის უარყოფას. საკასაციო სასამართლოს 07.02.11წ. განჩინებიდან გამომდინარე პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებს არ ჰქონდათ სასარჩელო მოთხოვნის შემცირების უფლება. კერძო საჩივრის ავტორს მოჰყავს თავისი მოსაზრებები სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი განჩინების სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და თვლის, რომ სასამართლომ ძირითადად იმსჯელა სადავო ბინის მის სახელზე პრივატიზებაზე, რაც სხდომაზე არ განხილულა, თუმცა ობიექტური მსჯელობის შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეტანა დასკვნა ბინის კერძო საჩივრის ავტორის სახელზე პრივატიზების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. კ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2011წ. საოქმო განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით არ გაიზიარა აპელანტის განცხადება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინებაში სსსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად, უსწორობის გასწორების შესახებ, იმ მოტივით, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ განჩინებაში უსწორობის გასწორების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული ნორმის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობა უშვებს გადაწყვეტილების თუ განჩინების გამოტანის შემდეგ აღმოჩენილი იმგვარი მექანიკური თუ ტექნიკური ხასიათის შეცდომის გასწორებას ახალი განჩინების მიღების გზით, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. ამასთან, გასწორებას ექვემდებარება იმ სახის უზუსტობანი, რომლებიც აშკარად არ შეესაბამება საქმის მასალებს. დაუშვებელია იმ სახის შესწორებების შეტანა, რაც გამოიწვევს გამოტანილი გადაწყვეტილების არსებითად შეცვლას, რამდენადაც სასამართლო მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი შეცვალოს ან გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა, მაგ., ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში.

მხარის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს 29.04.2011წ. განჩინებასთან დაკავშირებით, რომლითაც წარმოებაში იქნა მიღებული გ. კ-ს სააპელაციო საჩივარი, ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ 5 თვემდე გააგრძელა რა სააპელაციო საჩივრის განხილვის საპროცესო ვადა, არ მიუთითა, თუ როდის იწყებოდა და მთავრდებოდა მითითებული ვადა. აღნიშნული სცილდება უსწორობის გასწორების ფარგლებს, საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გამოთვლის წესის მიუთითებლობა არ წარმოადგენს განჩინებაში დაშვებულ უსწორობას. საქმის განხილვის ვადის დაწყებისა და დასრულების გამოთვლის წესი განისაზღვრება კანონმდებლობით (სსსკ-ის 59-ე მუხ.), ანუ იგი წარმოადგენს კანონისმიერ ვადას, რომლის გამოთვლის წესი კანონმდებლობით არის მოწესრიგებული, ამდენად, სასამართლოს მიერ განხილვის ვადის გაგრძელებისას ვადის დაწყების და დასრულების მიუთითებლობა არ წარმოადგენს დაშვებულ უსწორობას, რომელიც სსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად შეიძლებოდა გამხდარიყო შესწორების შეტანის პირობა.

საფუძველს არის მოკლებული აგრეთვე კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის შესაგებელის წარმოსადგენად განსაზღვრული ვადა სასურველია ყოფილიყო ორ კვირაზე მეტი და არა 7 დღე. სსკ-ის 201-ე მუხლის შესაბამისად, შესაგებელის წარდგენის ვადას განსაზღვრავს სასამართლო, აღნიშნული სასამართლოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა გონივრულობის თვალსაზრისით სადავო შეეძლო გაეხადა მოწინააღმდეგე მხარეს და არა აპელანტს. ამასთანავე, საქმის მასალებით არ დასტურდება შესაგებლის სასამართლო სხდომაზე წარდგენა, საქმის მასალების მიხედვით, მერიის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე გამოაქვეყნა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელიც დაერთო საქმეს, მას არ წარუდგენია შესაგებელი სასამართლო სხდომაზე, გ. კ-ს აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია სასამართლოს სხდომაზე არ განუცხადებია და არც წერილობითი ახსნა-განმარტების მისთვის გადაცემა მოუთხოვია. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა ამ ნაწილშიც სცილდება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების ფარგლებს და მართებულად არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ასევე არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ საქმის არსებითი განხილვა სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაენიშნა 18.05.2011წ. 12 საათზე, რამდენადაც ამ დროისათვის ჩანიშნული იყო მისი კერძო საჩივრის განხილვა, რომელიც განხილული უნდა ყოფილიყო სააპელაციო საჩივრამდე. საქმის მასალების მიხედვით, გ. კ-ს კერძო საჩივრის (საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების თაობაზე) განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.01.2011წ. განჩინებაზე დანიშნული იყო სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის გარეშე, 18.05.2011წ. 12 საათზე დანიშნული იყო სააპელაციო საჩივრის განხილვა, რაც დასტურდება სააპელაციო სასამართლოს 29.04.2011წ. განჩინებებით კერძო და სააპელაციო საჩივრების წარმოებაში მიღების შესახებ. კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ განიხილა 18.05.2011წ. ზეპირი მოსმენის გარეშე და არა სააპელაციო საჩივართან ერთად მთავარ სხდომაზე. აღნიშნული ასევე არ წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებაში დაშვებულ უსწორობას.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სარჩელი განხილული უნდა ყოფილიყო თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნებით, მათ შორის სადავო ბინის გ. კ-ს სახელზე პრივატიზების ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 24.03.2010წ. სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, რის შედეგადაც სსკ-ის 831 მუხლის საფუძველზე გამოიხმო სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც თავდაპირველი სარჩელით ითხოვდა ჟ. თ-ის მიერ სადავო ბინაში შეჭრის დროინდელ მდგომარეობაში მოყვანას და სადავო ბინის მოსარჩელე გ. კ-ს სახელზე პრივატიზაციას (ტ.1, ს.ფ. 147-148). საქალაქო სასამართლოს კოლეგიის 17.06.2010წ. სხდომაზე მოსამართლის შეკითხვაზე სურს თუ არა მოსარჩელეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი ფორმით დარჩეს, ანუ სასარჩელო მოთხოვნებს დაემატოს მოთხოვნა ბინის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენისა და ბინის მოსარჩელის სახელზე პრივატიზების შესახებ, გ. კ-მ განაცხადა, რომ შემდგომში დაალაგებდა სასარჩელო მოთხოვნებს. ამავე სხდომაზე მოთხოვნის დაზუსტება მოსარჩელეს მოთხოვა აგრეთვე მერიის წარმომადგენელმაც, რაც უპასუხოდ დარჩა გ. კ-ს მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2010წ. საოქმო განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. კ-ს შუამდგომლობა და მისი სასარჩელო განცხადება ბინის ადრინდელ მდგომარეობაში მოყვანისა და სადავო ბინის გ. კ-ს სახელზე პრივატიზების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი, კერძო საჩივრით გასაჩივრდა გ. კ-ს მიერ, რომელიც კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.10წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 250-252), უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს კოლეგიის 24.03.2010წ. განჩინება ჟ. თ-ის მიერ ბინაში შეჭრის დროინდელ მდგომარეობაში ბინის მოყვანისა და სადავო ბინის მოსარჩელის სახელზე პრივატიზაციის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ სარჩელის ნაწილობრივი გამოხმობა. საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ საქმის მოსმენა პირველი ინსტანციის სასამართლოში 24.11.11წ. სხდომაზე დასრულდა, სასამართლომ გადადო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, რომელიც 30.11.11წ. გამოცხადდა (ტ.2, ს.ფ. 27). გ. კ-ს მიერ დაზუსტებული სასარჩელო განცხადება საქმის განხილვის დასრულების, მოსამართლის გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდ გასვლის შემდეგ იქნა წარდგენილი სასამართლოს კანცელარიაში (ტ.2, ს.ფ. 43), დაზუსტებული სარჩელის 25.11.10წ. წარდგენას გ. კ-ც ადასტურებს თავის 16.05.11წ. განცხადებაში უსწორობის გასწორების შესახებ (ტ.2, ს.ფ. 258). სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ (25.11.10წ.), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე, გ. კ-ს მიერ წარდგენილი სასარჩელო განცხადება (ტ.2, ს.ფ. 46-63), პროცესუალური კანონმდებლობის თანახმად ვერ გახდებოდა სასამართლოს მსჯელობის საგანი. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტს განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლებში. ის ფაქტი, რომ დავის საგანი არ იყო მითითებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინებაში, ასევე არ წარმოადგენს განჩინებაში დაშვებულ უსწორობას, რამდენადაც ამგვარ ვალდებულებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 18.05.11წ. საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას დავის საგნის დაუზუსტებლობის გამო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია გ. კ-ს კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 18.05.11წ. განჩინებაში (სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინებაში უსწორობის შეტანაზე უარის თქმის შესახებ) უსწორობის გასწორებაზე, შესაბამისად, მსჯელობის საგანია სსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე უსწორობის გასწორება და არა დავის საგნის დაზუსტება. პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინებაში დავის საგნის მითითების ვალდებულებას, ამასთანავე დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მინიჭებული აქვს დავის საგნის განსაზღვრის უფლება, თავისი მატერიალური და პროცესუალური უფლებების განკარგვის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილზე, ამ საპროცესო მოქმედების კანონიერების შემოწმება არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს განსჯისა და მით უფრო უსწორობოს გასწორების საგანს. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო პალატის მთავარ სხდომაზე არ იყო დაზუსტებული დავის საგანი, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ სხდომაზე განიმარტა, რომ სასამართლო იხილავდა სააპელაციო საჩივარს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ის 260-ე მუხლი ეხება სასამართლო აქტში დაშვებული ცალკეული სიტყვების, გამოთქმების, გვარისა და სახელის არასწორი მითითების, აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორებას და არა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლის დასმის საკითხი, უსწორობის გასწორებისაგან განსხვავებით, პროცესუალური კანონმდებლობით განსაზღვრულ აღმკვეთ ვადაში არის შესაძლებელი. უსწორობის გასწორება არ ისახავს მიზნად სასამართლო აქტის ისეთი ხარვეზის ამოვსებას, რომელიც მის სისრულეს ეხება, გადაწყვეტილების სისრულე შეიძლება მიღწეულ იქნეს არა უსწორობის გასწორებით, არამედ დამატებითი გადაწყვეტილების მიღებით, რაც სცილდება საკასაციო პალატის მიერ განსახილველი უსწორობის გასწორების საკითხს. ამასთანავე, საქალაქო სასამართლოს კოლეგიის 06.01.11წ. განჩინებით გ. კ-ს უარი ეთქვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების დაგვიანებით წარდგენის გამო, გ. კ-ს კერძო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს 03.05.11წ. განჩინებით დარჩა განუხილველი. ამასთანავე, სააპელაციო პალატის 18.05.11წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. კ-ს კერძო საჩივარი, რომლითაც ის ითხოვდა საქალაქო სასამართლოს 30.11.10წ. გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებას. ის გარემოება, რომ გ. კ-ს 18.05.11წ. განჩინება მოგვიანებით გადაეცა და სასამართლოს საიტზე მოგვიანებით აიტვირთა, არ ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღებას სააპელაციო საჩივარზე შემაჯამებელი განჩინების მიღების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს 18.05.11წ. საოქმო განჩინებაში დავის საგანთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინებაში ცვლილების შეტანაზე უარი ითქვა სწორედ იმის გამო, რომ სააპელაციო პალატამ უკვე განიხილა კერძო საჩივარი და შეუძლებლად მიიჩნია უსწორობის შეტანა წარმოებაში მიღების განჩინებაში (ტ.2, ს.ფ. 272).

საფუძველს არის მოკლებული აგრეთვე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დავის საგანი განისაზღვრა საკასაციო სასამართლოს მოსამართლის 07.02.11წ. განჩინებით და ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ ჰქონდათ მისი შეცვლის უფლება. დავის საგანს განსაზღვრავს მოსარჩელე, დავის საგანი არ განისაზღვრება თვითაცილების შესახებ განჩინებით, რომელიც წარმოადგენს მოსამართლის პირად მოსაზრებას საქმის განხილვაში მისი მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ, სააპელაციო პალატის 15.10.10წ. კანონიერ ძალაში მყოფი განჩინებით დადასტურდა მოსარჩელის მიერ სარჩელის ნაწილობრივი გამოხმობა, აღნიშნულ განჩინებას ვერ შეცვლიდა 07.02.11წ. განჩინება საკასაციო პალატის მოსამართლის თვითაცილების შესახებ.

კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 18.05.11წ. შემაჯამებელი განჩინების კანონიერებაზე სცილდება კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებს და ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, რამდენადაც სსკ-ის 391.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება (განჩინება) საჩივრდება საკასაციო საჩივრით, მოცემულ შემთხვევაში გ. კ-ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დაცვასთან დაკავშირებით, აღნიშნულის შესახებ საკასაციო სასამართლომ იმსჯელა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე, საკასაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შესულია კანონიერ ძალაში, ამდენად, საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტაციაზე აღნიშნულთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის მოტივები უსაფუძვლოა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს კერძო საჩივრის გაზიარების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 410-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.11წ. საოქმო განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.