Facebook Twitter

ბს-1076-1065(კ-11) 19 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ძ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 17 თებერვალს ნ. ძ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2000 წლის 30 ოქტომბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნ. ძ-ის საკუთრების უფლება 112 კვ.მ ფართობის არასასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე _ ქ. რუსთავში, ...ს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

2010 წლის 27 იანვარს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის 2009-2010 წლების მიმართვების საფუძველზე, 2009 წლის 13 მაისს საჯარო რეესტრში ქ. რუსთავში, ...ის ქ. ¹14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 20.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2000 წლის 30 ოქტომბერს განხორციელებული რეგისტრაციის თანახმად, მოსარჩელის კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. შესაბამისად, ნ. ძ-მა რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი მისი საკუთრების უფლების ხელყოფად მიიჩნია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურისადმი თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის 2009 წლის 1 მაისის ¹347 მიმართვის (ქ. რუსთავში, ...ის ქ. ¹14-ის მ/ტ 20.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. რუსთავის მერიის საკუთრებად დარეგისტრირების ნაწილში), უძრავ ნივთზე თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 მაისის ¹882009131325-03 გადაწყვეტილების, (ქ. რუსთავში, ...ის ქ. ¹14-ის მ/ტ, ფართობი 20.00 კვ.მ) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 მაისის ¹882009131325-03 გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციის (ქ. რუსთავში, ...ის ქ. ¹14-ის მ/ტ ფართობი 20.00 კვ.მ) ბათილად ცნობა მოითხოვა.

2010 წლის 2 ივნისს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და დამატებით რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურისადმი თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის 2010 წლის 15 მარტის ¹213 წერილის (ქ. რუსთავში, ...ის ქ. ¹14-ის მ/ტ, ფართობი 6.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. რუსთავის მერიის საკუთრებად დარეგისტრირების ნაწილში), უძრავ ნივთზე თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 მარტის ¹882010520128-03 გადაწყვეტილების (ქ. რუსთავში, ...ის ქ. ¹14-ის მ/ტ, ფართობი 6.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 მარტის ¹882010520128-03 გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციის (ქ. რუსთავში, ...ის ქ. ¹14-ის მ/ტ, ფართობი 6.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი) ბათილად ცნობა მოითხოვა.

2010 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საკრებულო, შპს ,,უ-ი” და შპს ,,ფ-ა”.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურისადმი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის 2009 წლის 1 მაისის ¹347 მიმართვა (ქ. რუსთავში, ...ის ქ. ¹14-ის მ/ტ 20.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. რუსთავის მერიის საკუთრებად დარეგისტრირების ნაწილში); მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურისადმი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის 2010 წლის 15 მარტის ¹213 წერილი (ქ. რუსთავში, ...ის ქ. ¹14-ის მ/ტ 6.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. რუსთავის მერიის საკუთრებად დარეგისტრირების ნაწილში); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 მაისის ¹882009131325-03 და 2010 წლის 16 მარტის ¹882010520128-03 გადაწყვეტილებები და მათ საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერები; მოპასუხეებს ნ. ძ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად 100 ლარის გადახდა დაეკისრათ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა, ქ. რუსთავის მერიამ და თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულომ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ძ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის, ქ. რუსთავის მერიისა და თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 მაისის ¹882009131325-03 და 2010 წლის 16 მარტის ¹882010520128-03 გადაწყვეტილებებისა და მათ საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერების არსებითად ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 მაისის ¹882009131325-03 და 2010 წლის 16 მარტის ¹882010520128-03 გადაწყვეტილებები და მათ საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერები; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის 2009 წლის 1 მაისის ¹347 და 2010 წლის 15 მარტის ¹213 აქტების ბათილად ცნობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში.

2011 წლის 14 დეკემბერს ნ. ძ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საკასაციო სასამართლოს მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ნ. ძ-ის განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ძ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტება, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ)სასამართლომ, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითა გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია სახელმწიფო ბაჟის საკითხზე, რადგან კასატორი _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური სადავოდ არ ხდიდა აღნიშნულ საკითხს. შესაბამისად, მოცემულ (ხარჯების განაწილების) ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ძ-ს განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 261-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ძ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.