საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1079-1068(კ-11) 5 Dდეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ზ. კ-სა და ა. თ-ის ნაწილში საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 3.05.2011წ. განჩინებით მ. მ-ის, ა. თ-ისა და ზ. კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.2011წ. გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-მა, ა. თ-მ და ზ. კ-მ და თბილისის სააპელაციო სასამრთლოს 3.05.2011 წლის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.
საკასაციო სასამართლოს 22.07.2011წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, რადგან არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.1 მუხლის «თ» ქვეპუნქტისა და 396.3 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ იყო ხელმოწერილი სამივე კასატორის მიერ, ამასთან, კასატორებს _ ზ. კ-სა და ა. თ-ს არ ჰქონდათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ხარვეზის შევსების მიზნით კასატორებმა მომართეს საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინეს სამივე კასატორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს 26.09.2011წ. განჩინებით მ. მ-ის ნაწილში საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ა. თ-ისა და ზ. კ-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2011წ. განჩინებით კასატორებს ა. თ-სა და ზ. კ-ს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლოს 26.09.2011წ. განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ საპროცესო ვადა 7 დღით. აღნიშნული განჩინების კასატორისთვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამრთლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ზ. კ-სა და ა. თ-ს ჩაჰბარდათ 14.11.2011წ., ამასთან, ა. თ-მ საკასაციო სასამართლოს გზავნილზე გააკეთა მინაწერი, რომ არის ავად და არ მონაწილებოს საქმეში. კასატორებს განჩინებით დადგენილ ვადაში არ მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის, რაც მათ ნაწილში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ. კ-სა და ა. თ-ის ნაწილში საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. კ-სა და ა. თ-ის ნაწილში საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.