ბს-1400-9(ა-11) 14 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შპს “...-ის” დირექტორის მ. ჯ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით შპს “...-ის” საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.
შპს “...-ის” დირექტორმა მ. ჯ-მა 2011 წლის 9 ივნისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკასაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინებით შპს ,,...-ის” დირექტორ მ. ჯ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ცნობა იმის შესახებ, თუ როდის ჩაჰბარდა მას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება, განმცხადებელს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ ხარვეზის შევსების ვადის არაერთგზის გაგრძელების შემდეგ შპს “...-ის” დირექტორმა მ. ჯ-მა 2011 წლის 15 სექტემბერს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და წარმოადგინა შპს ქუთაისის ფოსტის უფროსის ¹16 განყოფილების უფროსის თამარ ფხაკაძის მოხსენებითი ბარათი ¹8 ფორმის ასლი.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის ... საფოსტო განყოფილების წერილების რეგისტრაციის ბარათში 2011 წლის 12 იანვრის ¹341 გზავნილი რეგისტრირებულია შპს “...-ის” დირექტორის მ. ჯ-ის სახელზე. წერილის ჩაბარებაზე ხელმოწერა არც მისია და არც მისი რომელიმე თანამშრომლის. განმცხადებელმა მიუთითა, რომ წერილების რეგისტრაციის ბარათში შეტანილი პირადი მონაცემების შევსება მოხდა 2011 წლის 12 ივლისს მისი და მასთან ერთად მყოფი თანამშრომლის ა. ვ-ის თანდასწრებით. შპს “ქ-ის” უფროსის სახელზე 2011 წლის 12 ივლისს შეტანილი ¹169 განცხადების პასუხად ქუთაისის ფოსტის ¹... განყოფილების უფროსის მოხსენებითი ბარათი თავისი შინაარსით ზოგადია და იგი კონკრეტულად არ ადასტურებს წერილის 2011 წლის 12 იანვარს მ. ჯ-ისათვის ჩაბარების ფაქტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...-ის” დირექტორის მ. ჯ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი და დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. იმავე კოდექსის 426-ე მუხლის შესაბამისად განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება შპს “...-ის” დირექტორს მ. ჯ-ს 2011 წლის 6 იანვარს გაეგზავნა ¹341 შეტყობინებით საკასაციო საჩივრაში მითითებულ მისამართზე (ქ. ქუთაისი, ...ის ქ. ¹96). აღნიშნული გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მისივე წარმოდგენილი მტკიცებულებით (ფორმა ¹8) დასტურდება, რომ საფოსტო გზავნილი ¹341 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1 და 73.8 მუხლების შესაბამისად 2011 წლის 12 იანვარს ჩაჰბარდა ...ის ქუჩა 96-ში მ. ჯ-ს, რაც დგინდება ხელმოწერის ქვეშ მითითებული პირადი ნომრით (...), რომელიც ემთხვევა 2011 წლის 28 ივნისის სალაროს შემოსავლის ორდერში მითითებულ მ. ჯ-ის პირად ნომერს (ს.ფ. 16). საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ განმცხადებლის მითითება ფორმა ¹8-ში მისი პირადობის მონაცემების 2011 წლის 12 ივლისს შევსების შესახებ არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, რაც შეეხება მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას იგი ვერ ჩაითვლება აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს 1994 წლის 9 სექტემბრის ¹01/151 ბრძანებით დამტკიცებული საფოსტო წესების 133-ე პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს ფორმა 8-ის შევსების წესს, აღნიშნული წესის თანახმად ფორმა 8-ის მე-6 გრაფაში მიეთითება “ხელმოწერა მიღებაზე და თარიღი, სასამსახურო აღნიშვნები”. 140-ე პუნქტის შესაბამისად შეკვეთილი გზავნილები, აგრეთვე ყველა მეორადი უწყება ადრესატებს ბარდებათ ფორმა ¹8 წიგნში ხელმოწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ ფორმა ¹8-ის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ს 2011 წლის 12 იანვარს ჩაჰბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინების ასლი, რაც შეეხება მხარის მიერ წარმოდგენილ 2011 წლის 27 ივლისის მოხსენებით ბარათს (ს.ფ. 32) და ს/ს “ს-ის” 2011 წლის 25 მაისის მიმართვას (ს.ფ. 33) ეჭვს იწვევს, რადგან ისინი არის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც ეწინააღმდეგება საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ ფორმა ¹8-ით დამდგარ შედეგს. ამასთან, გაურკვეველია მოხსენებითი ბარათის ავტორის ვინაობა და მისი სამართლებრივი სტატუსი ქუთაისის ფოსტის ... განყოფილებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შპს “...-ის” დირექტორის მ. ჯ-ის განცხადების დასაშვებად ცნობის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე, 426-ე 429-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...-ის” დირექტორის მ. ჯ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.