Facebook Twitter

ბს-1521-1500(კ-11) 15 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 14 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ ვ. გ-ის მიმართ.

მოსარჩელემ ვ. გ-ისათვის ჯარიმის სახით _ 23618,40 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 7085,52 ლარისა და ზიანის სახით _ 16771,94 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

ქუთისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ვ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით _ 23618,40 ლარის, ზიანის სახით კვებაზე დახარჯული თანხის _ 90,44 ლარისა და ზიანის სახით სწავლებაზე გაწეული თანხის _ 283,14 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; ვ. გ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს _ 7085,52 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ვ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, საკასაციო საჩივარი მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით _ 23 618.40 ლარის, ზიანის სახით _ კვებაზე დახარჯული თანხის _ 90.44 ლარის და ზიანის სახით სწავლებაზე დახარჯული თანხის _ 283.14 ლარის დაკისრების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ზემოხსენებულ ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა ამავე ნაწილში არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივრის ხსენებულ ნაწილში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის ამავე ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით _ 7085.52 ლარის დაკისრების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით _ 7085.52 ლარის დაკისრების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით _ 23 618.40 ლარის, ზიანის სახით _ კვებაზე დახარჯული თანხის _ 90.44 ლარისა და სწავლებაზე დახარჯული თანხის _ 283.14 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება ვ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

3. ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით _ 7085.52 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;

4. ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.