Facebook Twitter

ბს-1522-1501(კ-11) 19 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა პ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო) .

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2011 წლის 06 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის – პ. ა-ის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის, ზიანის საკომპენსაციო თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პ. ა-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის 23565,60 (ოცდასამიათას ხუთასსამოცდახუთი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის და სწავლებაზე დახარჯული თანხის- 283,14 (ორასოთხმოცდასამი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება, ხოლო პირგასამტეხლოს სახით - 7069,68 (შვიდიათას სამოცდაცხრა ლარი და სამოცდარვა თეთრი) ლარისა და ზიანის სახით - 17131,74 (ჩვიდმეტიათას ასოცდათერთმეტი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე (პირგასამტეხლოსა და სამხედრო მოსამსახურის კვებაზე გაწეული ხარჯის მოთხოვნის თაობაზე) უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; პ. ა-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით - 7069,68 (შვიდიათას სამოცდაცხრა ლარი და სამოცდარვა თეთრი) ლარის და კვებაზე გაწეული ხარჯის სახით - 81,88 (ოთხმოცდაერთი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა პ. ა-მ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ა-ის საკასაციო საჩივარი პირგასამტეხლოს თანხის - 7069 ლარის დაკისრების ნაწილში აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ აკმაყოფილებს აღნიშნული ნორმის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პ. ა-ისათვის ჯარიმის - 23565,60 ლარის, სწავლებაზე დახარჯული თანხის - 283,14 ლარისა და სამხედრო მოსამსახურის კვებაზე გაწეული ხარჯის - 81,88 ლარის დაკისრების ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი აღნიშნულ ნაწილში ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი ჯარიმის, სწავლებაზე დახარჯული თანხისა და სამხედრო მოსამსახურის კვებაზე გაწეული ხარჯის ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება აღნიშნულ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, ჯარიმის, სწავლებაზე დახარჯული თანხისა და სამხედრო მოსამსახურის კვებაზე გაწეული ხარჯის ნაწილში საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას პ. ა-ის საკასაციო საჩივარი ჯარიმის, სწავლებაზე დახარჯული თანხისა და სამხედრო მოსამსახურის კვებაზე გაწეული ხარჯის ნაწილში, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას აღნიშნულ ნაწილში საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი პ. ა-ისათვის პირგასამტეხლოს თანხის - 7069 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად, ვინაიდან იგი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პ. ა-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პ. ა-ისათვის ჯარიმის - 23565,60 ლარის, სწავლებაზე დახარჯული თანხის - 283,14 ლარისა და სამხედრო მოსამსახურის კვებაზე გაწეული ხარჯის - 81,88 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება;

2. პ. ა-ის საკასაციო საჩივარი მისთვის პირგასამტეხლოს თანხის - 7069 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.

3. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივარზე წარმოადგინოს წერილობითი პასუხი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.