¹391აპ 21 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),
ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც კ. ტ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული განაჩენით დადგენილად მიჩნეულია, რომ 2004 წელს (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია) ზ. ტ-ემ დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა – 630 მმ სიგრძის, 5 მმ დიამეტრის “ოშ-2” ტიპის ბიგფორდის ზონარი, რაც უკანონოდ შეინახა წყალტუბოს რაიონის სოფელ ---ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობაში. 2006 წლის 19 აპრილს, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დასახელებული საბრძოლო მასალა ამოღებული იქნა კ. ტ-ის საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობიდან.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით კ. ტ-ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელად შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
კ. ტ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2006 წლის 19 აპრილიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. ტ-ემ და მისმა ადვოკატმა ი. ბ-ემ, რომლითაც მოითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული წყალტუბოს რაიონული სასამართლოს განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ტ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ-ემ, რომელიც მოითხოვს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი ხასიათდება დადებითად, ნასამართლობის არმქონეა, პალატა შესაძლებლად მიიჩნევს, რომ კ. ტ-ეს, შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 6 თვით და მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: კ. ტ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.