Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1596-1572(2კ-11) 2 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა რ. კ-ის და მისი წარმომადგენლის ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.11წ. გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.11წ. გადაწყვეტილებით რ. კ-ის სააპელაციო საჩივრი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც რ. კ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით _ 4 579 ლარის და პირგასამტეხლოს სახით _ 7 164 ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რ. კ-ისათვის ჯარიმის სახით _ 4 579 ლარის და პირგასამტეხლოს სახით _ 7 164 ლარის დაკისრებაზე ეთქვა უარი. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-მა და მისმა წარმომადგენლმა ლ. ბ-მა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო რ. კ-ის და მისი წარმომადგენლის ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რ. კ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 24 ოქტომბერს (ს.ფ. 150), საკასაციო საჩივარი კი რ. კ-მა და მისი წარმომადგენლმა ლ. ბ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2011 წლის 25 ნოემბერს წარადგინა, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, 2011 წლის 24 ნოემბრის ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. კ-მა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც რ. კ-ის და მისი წარმომადგენლის ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. კ-ის და მისი წარმომადგენლის ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.