განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1686-1642(კ-10) 12 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად შეამოწმა საქმის განახლების შესახებ ა. გ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და ა. გ-ს ზემოაღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან მიეცა 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, რათა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განჩინების ასლი კასატორის დას – ნ. გ-ს ჩაჰბარდა 2010 წლის 14 დეკემბერს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
2011 წლის 25 ნოემბერს ა. გ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მისი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა მოითხოვა. ამასთან, მან წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ა. გ-მა განცხადებაში მიუთითა, რომ მან 2011 წლის 17 დეკემბერს ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, მაგრამ ბაჟის გადახდის ქვითარი არ წარმოუდგენია საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ვინაიდან გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გამო აღნიშნული ამოუვარდა მეხსიერებიდან და მოგვიანებით 2011 წლის 27 ივლისს სასამართლოს კანცელარიის საშულებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ საკასაციო საჩივარი დატოვებული იყო განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ა. გ-ის განცხადების გაცნობისა და 2011 წლის 12 იანვრის განჩინების გადამოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ა. გ-ის განცხადება დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლის თანახმად კასატორ ა. გ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის _ 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით ა. გ-ის საკასაციო საჩივარი ხარვზის გამოუსწორებლობის _ სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის ქვითრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის გამო დარჩა განუხილველი, ვინაიდან მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია მის მიერ ხარვეზის გამოსწორების ფაქტი.
საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეთერთმეტე კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებობისას. განმცხადებელი აღიარებს, რომ არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამასთანავე საკასაციო პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავდა პირდაპირ დავალებას ბაჟის გადახდის ქვითრის სასამართლოში წარმოდგენის შესახებ. ამდენად, ა. გ-ის გაცხადება არ შეიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე ან 423-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის და/ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების კანონისმიერ საფუძვლებზე მითითებას, რის გამოც ა. გ-ის განცხადება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული. აქვე საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ განცხადებაზე თანდართული ბაჟის გადახდის ქვითარი ნამდვილად ადასტურებს თანხის ხაზინაში შეტანის ფაქტს, რომელიც განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს სრული მოცულობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. გ-ის განცხადება დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. ა. გ-ს დაუბრუნდეს 17.12.2010წ. ¹1 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.