ბს-1618-1546(კ-09) 16 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ შპს “...”
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს “...მ” 2006 წლის 13 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 2006 წლის 23 მაისის ¹398 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 მარტის საოქმო გადაწყვეტილებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შპს “...მ” დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ, რომლითაც თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 23 მაისის ¹398 საგადასახადო მოთხოვნისა და 2006 წლის 22 მაისის ¹ნდ/256 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “...ს” სარჩელი, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 22 მაისის ¹დ/256 ბრძანება და თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 23 მაისის ¹398 საგადასახადო მოთხოვნა, შპს “...ს” ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა გადასახადი – 1,327,944.8 ლარის ოდენობით, მათ შორის: აქტით დარიცხული დღგ-ს თანხა 1,012,498.32 ლარი; აქტით დარიცხული მოგების გადასახადის თანხა 186,772.16 ლარი; აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა 1,050.96 ლარი; აქტით დარიცხული სოციალური გადასახადის თანხა 2,225.60 ლარი; სხვა დარიცხული გადასახადის თანხა 122,397.80 ლარი; ადმინისტრაციული ჯარიმა 3,000.00. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართვლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართვლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პლატის 2009 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს “...ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაერიცხა: დამატებითი ღირებულების გადასახადში – 1 012 498.32; მოგების გადასახადში _ 1 190 260.25 ლარი; საშემოსავლო გადასახადში _ 870 522.56 ლარი; სოციალურ გადასახადში – 1 886 082.06 ლარი; სხვა სახის გადასახადში – 122 397.8 ლარი; ადმინისტრაციული ჯარიმის სახით – 3000 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პლატის 2009 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...მ”, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილის დაკმაყოფილება მოითხოვა რა ნაწილშიც დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
შემოსავლების სამსახურმა 2012 წლის 13 იანვარს მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ა1” პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, რადგან შემოსავლების სამსახურსა და კასატორს შპს “...ს” შორის საქართველოს პრემიერ მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ¹891 ბრძანების შესაბამისად 2011 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგნის არ არსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის მითითებული საფუძველი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც აღარ არსებობს საგანი (სარჩელის ობიექტი), რომლის შესახებაც მიმდინარეობდა დავა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელისათვის 5100834.47 ლარის დაკისრების შესახებ თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 23 მაისის ¹398 საგადასახადო მოთხოვნისა და 2006 წლის 22 მაისის ¹ნდ/256 ბრძანების ბათილად ცნობა წარმოადგენდა. სარჩელის საფუძველს კი ქმნიდა ის გარემოება, რომ არასწორად იყო გამოანგარიშებული და დარიცხული დამატებითი ღირებულების, მოგების, საშემოსავლო, სოციალური დაზღვევისა და სხვა გადასახადები და არასწორად იყო გამოყენებული ადმინისტრაციული ჯარიმები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს “...ს” შორის 2011 წლის 20 დეკემბერს გაფორმებულ საგადასახადო შეთანხმებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს, უკვე გადახდილი თანხების (3 051 488.85 ლარი) გათვალისწინებით, 2011 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გაუნულდა (შეუმცირდა) გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე არსებული საგადასახადო დავალიანების თანხა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 26 დეკემბრის ¹12072 ბრძანებით შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შპს “...ს” (ს/ნ ...) პირადი აღრიცხვის ბარათებზე შესაბამისი კორექტირების (შემცირების) განხორციელება და კორექტირებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ღონისძიებების გაუქმება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო საქართველოს პრემიერ მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ¹891 ბრძანება გადასახადის გადამხდელისათვის დარიცხული 5 850973.43 ლარის, მათ შორის მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი თანხის - 5 100834.47 ლარის სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის შპს “...ს” მიერ გადახდილი თანხის - 3 051488.85 ლარამდე შემცირების დავალების შესახებ. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის (მოსარჩელის) პირადი აღრიცხვის ბარათებზე არსებული საგადასახადო დავალიანების თანხების განულების პირობებში შპს “...ს” სარჩელზე მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ დავაზე აღარ არსებობს დავის საგანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს სარჩელის საფუძველი (დარიცხული გადასახადის თანხა 5 100834.47 ლარი), რაც დავის საგნის არ არსებობის გამო მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს “...ს” საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი _ 8000 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შპს “...ს” უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის ნახევარი _ 4000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “ა1” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...ს” საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ოქტომბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებები;
3. შპს “...ს” დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2010 წლის 8 იანვრის საგადახდო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის ნახევარი _ 4000 ლარი;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.