Facebook Twitter

ბს-1684-1656(კ-11) 19 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ქ-მა და ა. გ-მა (წარმომადგენელი ბ. ზ-ი) 2010 წლის 16 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის– საჯარო რეესტრის გურჯანის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად წინამდებარე საქმეში მესამე პირად ჩაერთო ზ. რ-ი.

თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის და ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება ¹882010543225 ზ. რ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ¹... და სარეგისტრაციო ჩანაწერი ....

თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. რ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ- თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება და ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2000 წლის 10 ივლისის საჯარო რეესტრის ჩანაწერი ზ. რ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ასევე 2009 წლის 19 ოქტომბრის და 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებები რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის შესახებ და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. ხოლო გ. ქ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. რ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.