3-ად-53-კს-02 1 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: დროებითი განჩინებით სს «ფ.-ისათვის» განკუთვნილი ვაგონების დადგენილი ტარიფით გატარების, გემების საზღვაო არხის მეშვეობით შეყვანის შეფერხების აკრძალვის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი:
ს.ს. «ფ.-მ» სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოპასუხეების _ სსიპ «ფოთის ნავსადგურის», საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და მესამე პირის საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ «ფოთის ნავსადგურის» და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის მოსარჩელესთან ადმინისტრაციული გარიგების დადების ვალდებულების დაკისრება, რომლის მიხედვით მოსარჩელეს მიენიჭება სერვიტუტის უფლება სსიპ «ფოთის ნავსადგურის» მფლობელობაში არსებული რკინიგზის ჩიხსა და საზღვაო არხზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 31.12.99წ. ¹705 ბრძანებულებისა და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 16.07.98წ. ¹48 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 12.02.02წ. განჩინებით სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში. 11.07.02წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე, 31-ე მუხლების საფუძველზე, დააყენა შუამდგომლდობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი განჩინების მიღების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2001 წლიდან ნავსადგურის სარკინიგზო ხაზით და პარკით სარგებლობისათვის სსიპ «ფოთის ნავსადგურის» უფროსის მიერ დადგენილი ტარიფით მოსარჩელემ უნდა გადაიახდოს 1ცე/კმ-ზე 0,60 აშშ დოლარი, ხოლო ცენტრალური სადისპეტჩეროს მომსახურებისათვის 1 ტ – 0,30 აშშ დოლარი, რითაც ირღვევა სამოქალაქო კოდექსის 319.2-ე მუხლის მოთხოვნები. მოსარჩელესა და სსიპ «ფოთის ნავსადგურს» შორის 13.04.01წ. ¹1/რკ ხელშეკრულების თანახმად, ნავსადგურის სარკინიგზო ბაზაზე გატარებულ ვაგონზე სს «ფ.-ი» 1 ტ/კმ-ზე იხდიდა 0,10 აშშ დოლარს, ეს ხელშეკრულება მოპასუხე სსიპ «ფოთის ნავსადგურმა» ვადამდე, ცალმხრივად შეწყვიტა, საფრთხე შეექმნა სს «ფ.-ის» აქციათა პაკეტის შემძენის – კომპანია «დ.-ს» მხრიდან ქონების მართვის სამინისტროსთან დადებული 1998წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რომლის თანახმად აქციათა პაკეტის შემძენი ვალდებულია შექმნას ტვირთების კომერციული მომსახურების კომპლექსი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის ქმედებებით მათი საწარმოო ფაქტიურად გახდა არარენტაბელური. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა დროებითი განჩინებით სსიპ «ფოთის ნავსადგურზე» 13.04.01წ. გაფორმებული ხელშეკრულების პირობების განხორციელების დავალება, კერძოდ, შემომავალი ვაგონების გატარება 1 ტ/კმ-ზე 0,10 აშშ დოლარის საზღაურის გათვალისწინებით, ასევე მოსარჩელისათვის სერტიფიკატის უფლების მინიჭება სსიპ «ფოთის ნავსადგურის» მფლობელობაში არსებულ რკინიგზის ჩიხსა და საზღვაო არხზე და სს «ფ.-ის» საზღვაო აკვატორიაში გემების საზღვაო არხის მეშვეობით შეყვანის შეფერხების აკრძალვა ნებისმიერი ფორმით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 11.07.02წ. დროებითი განჩინებით სს «ფ.-ის» შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ «ფოთის ნავსადგურს» დაევალა 13.04.01წ. გაფორმებული ხელშეკრულების პირობების, კერძოდ ხელშეკრულების II პუნქტის შესაბამისად, გაატაროს თავის სარკინიგზო ხაზზე სს «ფ.-ის» სარკინიგზო ხაზზე შემავალი როგორც ცარიელი, ისე დატვირთული ვაგონები ტვირთის წონის ჩათვლით, სარკინიგზო სასწორის გადაწონვის აქტის მიხედვით წარდგენილი ანგარიშის თანახმად 1 ტ/კმ 0,10 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში საზღაურის გათვალისწინებით. სსიპ «ფოთის ნავსადგურს» ასევე აეკრძალა სს «ფ.-ის» საზღვაო აკვატორიაში გემების საზღვაო არხის მეშვეობით შეყვანის შეფერხება ნებისმიერი ფორმით. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ საქმე აღძრულია სასკ 22-ე, 24-ე მუხლებით, სარჩელი შემოტანილია 31.12.01წ. სამჯერ დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, რომელიც ვერ ჩატარდა მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ დროებითი განჩინების მიუღებლობა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი მოსარჩელისათვის ზიანის მიმტანი იქნება.
სსიპ «ფოთის საზღვაო ნავსადგურმა» კერძო საჩივარი შეიტანა აღნიშნულ განჩინებაზე. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, რომ განჩინების მიუღებლობა გამოუსწორებელი ზიანის მიმტანი იქნება მისთვის და არ ასაბუთებს და არ არკვევს თუ რამდენადაა იგი ზიანის მომტანი და ეკონომიკური ინტერესების შემლახველი სსიპ «ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის». სასამართლო განჩინებით ავალებს სსიპ «ფოთის საზღვაო ნავსადგურს» არ შეუშალოს ხელი სს «ფ.-ის» მხრიდან სსიპ «ფოთის საზღვაო ნავსადგურის» კუთვნილი სარკინიგზო ხაზით და საზღვაო არხით სარგებლობას, მაშინ როდესაც 27.07.01წ. ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინება გამოტანილია იგივე საკითხებზე და შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სასამართლო კოლეგიის 11.07.02წ. დროებითი განჩინების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ამინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 29.07.02წ. განჩინებით სსიპ «ფოთის საზღვაო ნავსადგურის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სარჩელში ითხოვს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის «საქართველოს ნავსადგურებში მცურავი საშუალებების მომსახურების ტარიფის შესახებ» 16.07.98წ. ¹48 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას შენიშვნის ნაწილში, რომლის თანახმადაც იმ მომსახურების სახეობის ტარიფი, რომელიც არ არის გათვალისწინებული მოცემულ სატარიფო განაკვეთში, უნდა დადგინდეს ხელშეკრულებებით ნავსადგურსა და კლიენტებს შორის. «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ტრანსპორტის სფეროში ტარიფებს შეიმუშავებენ და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ მათი სათანადო წესით დამტკიცების შემდეგ, არეგულირებენ შესაბამისი ტრანსპორტის ადმინისტრაციები, საზღვაო ტრანსპორტის შემთხვევაში ასეთია ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეული, _ საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ მოსარჩელესა და სსიპ «ფოთის საზღვაო ნავსადგურს» შორის ტარიფი განისაზღვრებოდა მხარეებს შორის 31.04.01წ. დადებული ხელშეკრულებით, რომლის მოქმედების ვადა 31.12.01წ ამოიწურა. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ურთიერთობა ამჟამად არ რეგულირდება არც სახელშეკრულებო ურთიერთობებით და არც კანონის შესაბამისად გამოცემული კანონმქვემდებარე ნორმატიული აქტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კოლეგიამ მიიჩნია, რომ დროებითი განჩინების მიუღებლობა არსებით ზიანს მიაყენებს მოსარჩელეს და შეუძლებელს გახდის მისი კანონიერად აღიარებული უფლებების დაცვას.
კოლეგიამ მიუთითა აგრეთვე, რომ გასაჩივრებული დროებითი განჩინებით სსიპ «ფოთის საზღვაო ნავსადგურს» სწორად აეკრძალა სს «ფ.-ის» საზღვაო აკვატორიაში გემების საზღვაო არხის მეშვეობით შეყვანის შეფერხება ნებისმიერი ფორმით, რაც განპირობებული იყო მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესით და სს «ფ.-ის» მიერ აღძრული სხვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინების აღსასრულებლად, ვინაიდან ფოთის საქალაქო სასამართლოს 27.07.01წ. სარჩელის უზრუნველყოფის განჩინების აღსრულება, სასამართლო კოლეგიის აზრით, შეუძლებელია მოცემული საქმის გადაწყვეტამდე და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ¹48 ბრძანების კანონიერების შემოწმებამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ «ფოთის საზღვაო ნავსადგურის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის I ნაწილის თანახმად ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებულ სარჩელებთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია მხარის მოთხოვნით გამოიტანოს დროებითი განჩინება დროებითი ადმინისტრაციულ აქტის გამოცემის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელების ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ. ს.ა.ს.კ. აღნიშნული ნორმა არ შეიცავს დროებითი განჩინების გამოტანის საფუძველს, პროცედურას, მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა სსკ-ს 198.3 მუხლის საფუძველზე თვლის, რომ დროებითი განჩინება დროებითი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელების ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, ემსახურება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებს და წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაირსახეობას. ს.ა.ს.კ I მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმიად, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს კერძო საჩივარი. ამდენად, საკასაციო პალატა დასაშვებად თვლის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 11.07.02წ. დროებით განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას.
პალატა დასაშვებად თვლის დროებითი განჩინებით ს.ს.ი.პ. «ფოთის ნავსადგურისათვის» სარკინიგზო ხაზზე სს «ფ.-ის» ვაგონების გატარების დავალებას სარკინიგზო სისწორის გადაწონვის აქტის მიხედვით წარდგენილი ანგარიშის თანახმად 1 ტ/კმ-0,10 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში საზღაურის გათვალისწინებით. მითითებული ტარიფი გათვალისწინებული იყო სსიპ «ფოთის საზღვაო ნავსადგურისა» და სს «ფ.-ს» შორის 13.04.01წ. ხელშეკრულებით, რომელიც მოქმედებდა სარჩელის აღძვრამდე. ამდენად, პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგია არ უთითებს 11.07.02წ. დროებით განჩინებაში მოცემული ტარიფის გამოყენების საფუძველს. ამასთანავე, გაზრდილი ტარიფის გამოყენების მართლზომიერების დადგენა შეუძლებელია სარჩელში დასმული კანონქვემდებარე აქტების კანონიერების განხილვამდე, რომელთა საფუძველზეც იქნა შემოღებული გაზრდილი ტარიფი.
სსიპ «ფოთის ნავსადგურისათვის» კოლეგიის 11.07.02წ. განჩინებით სს «ფ.-ის» საზღვაო აკვატორიაში გემების საზღვაო არხის მეშვეობით შეყვანის ნებისმიერი ფორმით შეფერხების აკრძალვა განპირობებულია მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესით, აღნიშნული ღონისძიების გამოყენება არ გამოირიცხება ანალოგიური ღონისძიების გამოყენებით 27.07.01წ. ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ. აღნიშნული განჩინება გამოტანილია სს «ფ.-ის» მიერ აღძრული სხვა სარჩელის უზრუნველსაყოფად, მისი მოქმედების ვადა ძალას კარგავს ამ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე. გარდა ამისა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 27.02.01წ. განჩინებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების სათანადო შესრულების ფაქტის არაჯეროვანი დადგენა საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 19.07.02წ. განჩინებით სააპელაციო პალატის 26.12.01წ. გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს 11.07.02წ. დროებითი განჩინება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაიცო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრათიულ საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ «ფოთის საზღვაო ნავსადგურის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 11.07.02წ. განჩინება.
2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.