Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გად-37-კ-02 27 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 21 მარტს ო. ჩ-ურმა სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარატამენტის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1999 წლის 6 დეკემბერს მოსარჩელემ, ინდივიდუალურმა მეწარმე ო. ჩ-ურმა, საბაჟო «ყ.» გავლით რუსეთიდან საქართველოში შემოიტანა ხორბალი. შემოტანილი ხორბლის განბაჟების მიზნით მოსარჩელემ შეადგინა საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც ზედმეტად გადაახდევინეს 1140 ლარი და 91 თეთრი. მათ შორის ზედმეტად გადახდილმა საბაჟო გადასახადმა შეადგინა 950,76 ლარი, ხოლო დღგ-ს ნამეტმა გადასახადმა _ 190,15 ლარი.

მოსარჩელის განმარტებით, მოთხოვნის მიუხედავად, ზედმეტად გადახდილი თანხა მოპასუხისაგან არ დაბრუნებია.

ო. ჩ-ურმა სარჩელში ითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 1140,91 ლარის დაკისრება.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მოსარჩელე ო. ჩ-ურის სასარგებლოდ დაეკისრა ზედმეტად გადახდილი 1140,91 ლარი, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე _ თანხის 0,15% _ 788 ლარი, აგრეთვე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 30 ლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 6 დეკემბერს განიხილა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება. ო. ჩ-ურის სარჩელს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასა და საურავის თანხის გადახდაზე ეთქვა უარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ჩ-ურმა.

კასატორი საკასაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითებს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1994 წლის 3 თებერვლის შეთანხმებაზე. აღნიშნული შეთანხმების 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად «ხელშემკვრელი მხარეები არ იყენებენ საბაჟო გადასახადებსა და ანაკრებებს, რომლებიც ერთნაირად მოქმედებენ იმ საქონლის ექსპორტსა და იმპორტზე, რომლის წარმოშობის ადგილია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ტერიტორია და დანიშნულია მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ტერიტორიაზე მისაწოდებლად».

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ზემოთ აღნიშნულ შეთანხმებას საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა 2000 წლის 11 თებერვალს. «საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ» შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე პარლამენტის 2000 წლის 11 თებერვლის დადგენილებაში მითითებულია, რომ ეს ხელშეკრულება ძალაშია 1994 წლის 3 ივნისიდან.

კასატორის განმარტებით, 1994 წლის 3 თებერვლიდან 2000 წლის 11 თებერვლამდე არსებული ხელშეკრულება ძალაში იყო. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა «საბაჟო ტარიფისა და გადასახადების შესახებ» 1998 წლის 20 მარტის კანონის «მ» პუნქტი, რომლის თანახმად ხორბლის იმპორტი გათავისუფლებული იყო საბაჟო გადასახადებისაგან.

საკასაციო საჩივარში კასატორმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა «საბაჟო ტარიფისა და გადასახადების შესახებ» საქართველოს 1998 წლის 20 მარტის კანონის მე-18 მუხლის «მ» პუნქტი, რომლის თანახმად ხორბლის იმპორტი განთავისუფლებული იყო საბაჟო გადასახადებისაგან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი განმარტება გააკეთა თავის გადაწყვეტილებაში, როცა აღნიშნა, რომ «საბაჟო ტარიფისა და გადასახადების შესახებ» კანონის მე-18 მუხლის «მ» პუნქტით საბაჟო გადასახადის გადახდისაგან ხორბლის იმპორტი განთავისუფლებული იყო «საბაჟო ტარიფისა და გადასახადების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის ძალაში შესვლამდე, ხოლო, რადგანაც ო. ჩ-ურმა ხორბლის იმპორტი განახორციელა 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ამიტომ კასატორის მიერ ზემოთ აღნიშნული კანონის მითითებით, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასრულყოფილად გამოიკვლია, თუ როდის შევიდა ძალაში «საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ» 1994 წლის 3 თებერვლის შეთანხმება და შეიძლებოდა თუ არა მისი ამოქმედება შეხებოდა მოსარჩელის მიერ სარჩელში დაყენებულ მოთხოვნებს.

აღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თავად ვერ გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს ზემოთ აღნიშნული საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. ჩ-ურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.