3გ/ად-1-02 22 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციით
შემადგენლობა: თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მსაჯულები: ი. ყარალაშვილი,
ბ. დევდარიანი
დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 15 აპრილის 21/2002 განკარგულების ძალადაკარგულად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002 წლის 16 აპრილს პოლიტიკურმა გაერთიანება «ახალმა მემარჯვენეებმა» (ახლებმა) სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და «¹49 თერჯოლის და ¹56 ჭიათურის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე» საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 15 აპრილის ¹23/2002, «2002 წლის 2 ივნისს ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ცალკეული საარჩევნო პროდუქციის შესყიდვის წესის შესახებ» საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 15 აპრილის ¹22/2002 და «პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 15 აპრილის ¹21/2002 განკარგულებების ძალადაკარგულად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 2002 წლის 15 აპრილს, სხდომაზე, რომელსაც კომისიის 13 წევრი ესწრებოდა, 10 ხმით მიიღო ზემოაღნიშნული განკარგულებები. ვინაიდან კენჭისყრა ფარული იყო, შესაძლებელია ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღეს და განკარგულებების მიღებას მხარი დაუჭირეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ ოთხმა წევრმა, რომელთაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო მოხელის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა უკავიათ. კერძოდ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები: ხ. გ-ი და დ. დ-ი საქართველოს აპარატის სახელმწიფო მოხელეები არიან, გ. ს-ე და შ. ბ-ი კი საქართველოს კონტროლის პალატისა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სახელმწიფო მოხელეები არიან. სახელმწიფო მოხელის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ პირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება ავტომატურად აქვთ შეწყვეტილი. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად «საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სახელმწიფო მოხელეები არიან». ამავე კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად «საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც არჩევნების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს», ე.ი. საჯარო ხელისუფლებას ახორციელებს. ყურადსაღებია ისიც, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსების ერთადერთი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია, რაც ცსკ-ას სახაზინო დაწესებულების სტატუსს განუსაზღვრავს. აღნიშნულს განამტკიცებს «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად სახაზინო დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა».
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი არის სახელმწიფო მოხელე, რომელზეც ვრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 64-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნა. ამ მუხლის თანახმად «სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება ეკავოს სხვა თანამდებობა ან ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს შეთავასებით სახელმწიფო. . . სახაზინო დაწესებულებაში. . . თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი». საარჩევნო კოდექსს კი შეთავსების სხვა წესი, განსხვავებით კოდექსის მიღებამდე მოქმედი საარჩევნო კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადებისა, რომლის თანახმად ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრზე არ ვრცელდებოდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები, არ დაუდგენია. მართალია, საარჩევნო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული საარჩევნო კოდექსის ამოქმედებამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს უნარჩუნდებათ კომისიის წევრის უფლებამოსილება ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე, მაგრამ, მოსარჩელის მოსაზრებით, კოდექსის ეს ნორმა განხილულ უნდა იქნას ე.წ. კანონიერების პრეზემფციის კოტექსტში, ანუ იგი უნდა ვრცელდებოდეს იმ წევრებზე, რომელთაც კანონის შესაბამისად, მისი მოთხოვნების დაცვით უკავიათ კომისიის წევრის თანამდებოდა. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ საარჩევნო კოდექსის გარდამავალ დებულებებში არ არის დადგენილი კოდექსის მე-18 მუხლისაგან განსხვავებული წესი, ე.ი. არ არის შეჩერებული მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის, 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ზ» ქვეპუნქტისა და ამ მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება ახალი კომისიის ფორმირებამდე.
ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს: ხ. გ-ს, დ. დ-ს, გ. ს-ეს და შ. ბ-ს უკავიათ რა სახელმწიფო მოხელის თანამდებობები საჯარო დაწესებულებებში და იმავდროულად ითავსებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობებს, უხეშად არღვევენ საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის, 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ზ» ქვეპუნქტისა და ამ მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, ასევე «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მათი მონაწილეობით მიღებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები უკანონოა და უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ პირველი ინსტანციით 2002 წლის 19 აპრილის განჩინებით წარმოებაში მიიღო პოლიტიკური გაერთიანება «ახალი მემარჯვენეების» (ახლების) სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც «პარტიის რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 15 აპრილის ¹21/2002 განკარგულების ძალადაკარგულად ცნობას შეეხებოდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ იქნა წარმოებაში მიღებული და მოსარჩელეს განემარტა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹22/2002 და ¹23/2002 განკარგულებების ძალადაკარგულად ცნობა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადი არ არის და მოსარჩელემ განსჯად სასამართლოს უნდა მიმართოს.
საქმის ზეპირი მოსმენისას, მთავარ სხდომაზე, მოპასუხე – საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 15 აპრილის ¹21/2002 განკარგულება «პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის შესახებ» მიღებულია საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» მოთხოვნათა სრული დაცვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა მონაწილეობით, რომელთაც უფლებამოსილება არ ჰქონიათ შეწყვეტილი, კანონიერია და ძალაში უნდა დარჩეს. მოპასუხის განმარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 22-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად «საარჩევნო კომისია განკარგულებას იღებს სხდომაზე კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით». ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 15 აპრილის სხდომას ესწრებოდა კომისიის 13 წევრი, მათ შორის კომისიის თავმჯდომარე, ¹21/2002 განკარგულებას მხარი დაუჭირა 10-მა წევრმა, ხ. გ-ი სხდომას არ ესწრებოდა, ამდენად, კიდეც რომ შეწყვეტილი ჰქონოდა უფლებამოსილება დანარჩენ სამ წევრს: დ. დ-ს, გ. ს-ეს და შ. ბ-ს, ქვორუმი (7 წევრი) მაინც არსებობდა, რის გამოც «პარტიის რეგისტრაციის შესახებ» ცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹21/2002 განკარგულება კანონიერია და ძალაში უნდა დარჩეს.
მოპასუხე იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სახაზინო დაწესებულებაა და საჯარო ხელისუფლებას ახორციელებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები სახელმწიფო მოხელეები არიან, მაგრამ, ამასთან, მიიჩნევს, რომ მათზე არ ვრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი, ამ კანონის 64-ე მუხლი «სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ», რადგან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განსაზღვრულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილით, რომელიც ამომწურავ ჩამონათვალს მოიცავს. ხ. გ-ს, დ. დ-ს, გ. ს-ეს და შ. ბ-ს მე-18 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი თანამდებობა არ უკავიათ და ამდენად, მათზე ვერ გავრცელდება ამ კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ზ» ქვეპუნქტი «საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების შესახებ» და ამ მუხლის მე-3 ნაწილი «საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტის თაობაზე».
მოპასუხის განმარტებით, საარჩევნო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილი ასევე გამორიცხავს ზემოაღნიშნულ კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 64-ე მუხლის საფუძველზე, რადგან საარჩევნო კოდექსის მითითებული ნორმის თანახმად ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე იყვნენ დანიშნულნი (არჩეულნი), უნარჩუნდებათ კომისიის წევრის უფლებამოსილება ამ კანონის შესაბამისად კომისიების შექმნამდე».
მესამე პირების: ხ. გ-ის, გ. ს-ისა და დ. დ-ის წარმომადგენლებმა და დ. დ-მა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ პოლიტიკური გაერთიანება «ახალი მემარჯვენეების» (ახლების) სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ არის დასაშვები, რადგან «გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ არ ზღუდავს მის უფლებებს». მათი მოსაზრებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებზე «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი არ ვრცელდება. მართალია, ამის შესახებ პირდაპირ არ არის მითითებული საარჩევნო კოდექსში, მაგრამ ამ კოდექსის 128-ე მუხლი გამორიცხავს ამ კანონის მოქმედებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ კოდექსის ცვლილებებისა და დამატებების შესახებ პროექტში შეტანილ იქნა მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად «საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეზე ვრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 61-ე და 64-ე მუხლებით დადგენილი საქმიანობის შეზღუდვისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები». აღნიშნული ნორმა დღეისათვის არ მოქმედებს, მაგრამ იმის მიმანიშნებელია, რომ აღნიშნული შეზღუდვა საარჩევნო კოდექსში არ იყო გათვალისწინებული. მესამე პირების წარმომადგენელთა განმარტებით, საარჩევნო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ზ» ქვეპუნქტი ითვალისწინებს კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისას საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობებს განსაზღვრავს ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი. ამდენად, «ზ» ქვეპუნქტში არ იგულისხმება «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 64-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი შეუთავსებლობა, რის გამოც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს: ხ. გ-ს, გ. ს-ეს, დ. დ-სა და შ. ბ-ს უფლებამოსილება ავტომატურად არა აქვთ შეწყვეტილი. აქედან გამომდინარე, ცსკ-ას გასაჩივრებული აქტი კანონიერია და ძალაში უნდა დარჩეს.
მესამე პირების – სრულიად საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაცია «ლემისა» და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ მიერ პარტიის რეგისტრაციისათვის ყველა საჭირო დოკუმენტი იქნა წარმოდგენილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მათი პარტიის რეგისტრაცია განხორციელდა საარჩევნო კოდექსის შესაბამისად კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობით, ამდენად ცსკ-ს გასაჩივრებული განკარგულება კანონიერია და ძალაში უნდა დარჩეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ პირველი ინსტანციით მოისმინა მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებები, საპროცესო ნორმების დაცვით გამოიკვლია და შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებანი და დადგენილად ცნო შემდეგი:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 15 აპრილის სხდომას, სადაც მიღებული იქნა «პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის შესახებ» ცენტრალური საარჩევნო კომისიის სადავო ¹21/2002 განკარგულება, ესწრებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 13 წევრი, მათ შორის თავმჯდომარე – ჯ. ლ-ე. არ ესწრებოდა კომისიის წევრი – ხ. გ-ი. სადავო განკარგულების მიღებას მხარი დაუჭირა 10-მა წევრმა.
უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 22-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმადაც «საარჩევნო კომისია განკარგულებას იღებს სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით», ცენტრალური საარჩევნო კომისიის სადავო ¹21/2002 განკარგულების მიღებისას ქვორუმი, საარჩევნო კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა (7 წევრი), ყველა შემთხვევაში არსებობდა, რის გამოც, უზენაესი სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს «პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის შესახებ» ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 15 აპრილის სადავო ¹21/2002 განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი. ამასთან, უზენაესი სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ იგი არ იხილავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, რადგან აღნიშნული დავა, ჯერ ერთი, არ წარმოადგენს პირველი ინსტანციით უზენაესი სასამართლოს განსჯად საქმეს, მეორეც, ასეთი სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელეს არ დაუყენებია. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების: ხ. გ-ის, დ. დ-ის, გ. ს-ისა და შ. ბ-ის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს იმდენად შეეხება, რამდენადაც აღნიშნული გარემოება სარჩელის საფუძველს წარმოადგენს.
უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციით ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ ამ პირებს, საარჩევნო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ზ» ქვეპუნქტიდან და ამ მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა ავტომატურად აქვთ შეწყვეტილი და მიიჩნევს, რომ საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ზ» ქვეპუნქტით საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება «კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისას», კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობების ჩამონათვალს კი იძლევა ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი, რომლის თანახმადაც: «საარჩევნო კომისიაში შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) მხოლოდ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, გარდა:
ა) პირისა, რომელსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მინიჭებული არა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
ბ) პირისა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის გათავისუფ;ლებულ იქნა კომისიის წევრობისაგან საქართველოს ცენტრალური ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ;
გ) პირისა, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულ იქნა სასამართლოს მიერ;
დ) საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოთა წევრებისა;
ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანე-ლებისა და მათი მოადგილეებისა;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა:
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, საქართველოს დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;
თ) მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისა;
ი) პროკურატურის თანამშრომლებისა (გარდა ტექნიკური და დამხმარე პერსონალისა);
კ) საარჩევნო სუბიექტებისა და მათი წარმომადგენლებისა;
ლ) ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისა».
აქედან გამომდინარე, უზენაესი სასამართლო თვლის, რომ მხოლოდ ამ თანამდებობათა დაკავებისას უწყდებათ ავტომატურად უფლებამოსილების ვადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო კოდექსის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
ამასთან, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციით ვერ გაიზიარებს მოპასუხისა და მესამე პირების მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებზე, როგორც სახელმწიფო მოხელეებზე, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი ვრცელდება, რადგან აღნიშნული კანონი სპეციალური კანონია, რომელიც «ადგენს საქართველოს საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას» (კანონის პრეამბულა). მითუმეტეს, რომ პროცესის მონაწილე არცერთი მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად «საქართველოს საარჩევნო კომისიის წევრი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სახელმწიფო მოხელეები არიან», ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც საჯარო ხელისუფლებას ახორციელებს, დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს და ამდენად, სახაზინო დაწესებულებას წარმოადგენს.
უზენაესი სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხისა და მესამე პირების მოსაზრებას და თვლის, რომ საარჩევნო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც საარჩევნო კოდექსის ამოქმედებამდე დანიშნულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს კომისიის წევრის უფლებამოსილება ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე შეუნარჩუნდათ, არ გამორიცხავს კანონიერების პრეზუმფციას, ე.ი. იგი ვრცელდება იმ წევრებზე, რომლებიც მოქმედ კანონმდებლობას არ არღვევენ.
ამდენად, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციით ერთმანეთისაგან გამიჯნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსს, რომლის დეფინიციას საარჩევნო კოდექსი იძლევა და ამ სტატუსთან შეუთავსებული თანამდებობის დაკავება უფლებამოსილების ავტომატურ შეწყვეტას იწვევს (საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი, 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ზ» ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილი), სახელმწიფო მოხელის სტატუსისაგან, რომლის დეფინიციაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონშია მოცემული და ამ სტატუსთან შეუთავსებელი სამსახურის დაკავების უფლება სახელმწიფო მოსამსახურეს არ გააჩნია (კანონის 64-ე მუხლი). აღნიშნული შეუთავსებლობა არ იწვევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტას, იგი შეიძლება გადაწყდეს «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად ან საერთო სასამართლო განხილვის წესით.
უზენაესი სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მესამე პირების მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სარჩელის დასაშვებობის საფუძვლად მოსარჩელემ სწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი შეუთავსებლობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრისათვის, როგორც სახელმწიფო მოხელისათვის, გამორიცხავს სახელმწიფო მოხელის მიერ მისი სამსახურებრივი მდგომარეობის არჩევნების მისთვის ხელსაყრელი შედეგების მისაღწევად გამოყენებას, რაც თავისთავად პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს და გამორიცხავს მოსარჩელის საზიანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შესაძლებლობას.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, უზენაესი სასამართლო არ განიხილავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების: ხ. გ-ის, დ. დ-ის, გ. ს-ისა და შ. ბ-ის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ხოლო, ვინაიდან ცსკ-ს 2002 წლის 15 აპრილის ¹21/2002 განკარგულების მიღებას მხარი დაუჭირა საარჩევნო კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობამ, უზენაესი სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ცსკ-ს 2002 წლის 15 აპრილის «პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის შესახებ» სადავო ¹21/2002 განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ პირველი ინსტანციით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის მე-11 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. პოლიტიკური გაერთიანება «ახალი მემარჯვენეების» (ახლების) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 15 აპრილის ¹21/2002 განკარგულება «პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის შესახებ».
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.