Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-1-კ-02 13 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: საიჯარო ხელშეკრულების მოშლით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 7 ივნისს კომერციულ ბანკ «ა-ბ.» სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე ფ. წ-ძემ სარჩელი აღძრა მოპასუხე სამტრედიის რაიონის გამგეობის მიმართ სამტრედიის რაიონულ სასამართლოში.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ კომერციულ ბანკ «ა-ბ.» და სამტრედიის რაიონის გამგეობის შორის 1994 წლის 1 თებერვალს დაიდო საიჯარო ხელშეკრულება 5 წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად მეიჯარე სამტრედიის რაიონის გამგეობამ მოიჯარე «ა-ბ.» მიაქირავა გამგეობის ადმინისტრაციის შენობის 1-ლ და მე-2 სართულებზე მდებარე 200 კვ.მ. ფართი.

მოსარჩელის განმარტებით, 1994 წლიდან 1998 წლის ბოლომდე რეგულარულად იხდიდა დაქირავებული ფართის ქირას. აღნიშნული ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად, თუ რომელიმე მხარე ერთი თვით ადრე არ განაცხადებდა ხელშეკრულების გაუქმების ან გაგრძელების შესახებ, ხელშეკრულება ჩაითვლებოდა გაგრძელებულად ხუთი წლის ვადით. რაიონის გამგეობამ კი ყოველგვარი გაფრთხილებისა და შეტყობინების გარეშე გამოყარა გაქირავებული ფართიდან «ა-ბ.» ინვენტარი, რის გამოც მისი უმეტესი ნაწილი მოიპარეს და დაზიანდა.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ფ. წ-ძემ მოპასუხეს წაუყენა პრეტენზია დაქირავებულ ფართში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, დაპირების მიუხედავად, მოპასუხეს არ აუნაზღაურებია სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯები. დაქირავებულ ფართში ჩატარებული სამუშაოები მიეკუთვნებოდა კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს, რომელიც მოცემული იყო დეფექტურ აქტსა და ხარჯთაღრიცხვაში, ხოლო მისი სრული მოცულობა შეადგენდა 12962 აშშ დოლარს.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულების პირობების დარღვევით მიყენებული ზარალის _ 500 აშშ დოლარისა და კაპიტალურ შეკეთებაზე გაწეული ხარჯების _ 12962 აშშ დოლარის დაკისრება «ა-ბ.» სალიკვიდაციო კომისიის სასარგებლოდ.

2000 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელემ დამატებითი სარჩელი შეიტანა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და მოპასუხისაგან ითხოვა მიყენებული ზარალისა და გაწეული ხარჯების სრული ანაზღაურება, კერძოდ, გამგეობიდან მიყენებული ზარალის _ 215 აშშ დოლარის, სიგნალიზაციის დაყენების ხარჯის _ 1500 აშშ დოლარის, ადვოკატის მომსახურების ხარჯის _ 65 აშშ დოლარის, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის _ 376 აშშ დოლარის, დაქირავებულ ფართში ჩატარებული კაპიტალური შეკეთების ხარჯების _ 13337 აშშ დოლარის, სააღსრულებო მომსახურების ხარჯის _ 752 აშშ დოლარის, ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯის _ 25 აშშ დოლარის, სულ _ 16270 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10409 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 25 აშშ დოლარის ევივალენტი ლარი _ შპს «ა.» სასარგებლოდ, ხოლო 213 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი _ ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ. სარჩელს დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

მოცემული საქმე რამდენჯერმე განიხილეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა და ბოლოს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 8 ნოემბერს გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სამტრედიის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ. წ-ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება. ფ. წ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამტრედიის რაიონის გამგეობას ფ. წ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 10400 ლარის გადახდა.

აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოში ფ. წ-ძემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა მოპასუხისათვის 32532,8 აშშ დოლარის დაკისრება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ფ. წ-ძის სასარგებლოდ 10400 ლარის სამტრედიის რაიონის გამგეობისათვის დაკისრება მოხდა იმ საფუძვლით, რომ ეს უკანასკნელი სასამართლო პროცესზე დათანხმდა, რომ აღნიშნული თანხა გადაეხადა მოპასუხისათვის.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. წ-ძემ.

საკასაციო საჩივრის თანახმად სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსის 548-ე მუხლის 1 ნაწილის მეორე წინადადებას, რადგანაც კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების მომენტში განისაზღვრა, რომ იჯარით აღებული ფართი გარემონტდებოდა და გადაკეთდებოდა სწორედ ქირავნობის მიზნით, მით უფრო, რომ რემონტი ხელშეკრულების დადებისას უკვე დაწყებული იყო. ამდენად, კასატორის განმარტებით, «ა-ბ.» იჯარის ხელშეკრულებით აღებულ ფართში ფუნქციონირება რომ დაიწყო, მას შემდეგ იქ არავითარი გადაკეთება და რემონტი არ ჩატარებულა.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ, აგრეთვე, არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 573-ე მუხლი. კასატორს მიაჩნია, რომ მას უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 992-ე მუხლი, რადგანაც მოპასუხის უკანონო მოქმედებით _ «ა-ბ.» კუთვნილი ნივთების გარეთ გაყრით _ მოსარჩელეს მიადგა ქონებრივი ზიანი.

ამდენად, კასატორი თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, აგრეთვე, არასწორად განმარტა კანონი, ე.ი. გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმის დარღვევით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

კასატორმა საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მხარეთა შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად დაკავებული ტერიტორიის ყოველი გადაკეთება ან პროფილის შეცვლა უნდა მომხდარიყო მოიჯარის ძალებით, მეიჯარის ოფიციალური თანხმობის შემდეგ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ დაქირავებული ფართის გადაკეთება მოხდა «ა-ბ.» ფუნქციონირების მიზნით, მაგრამ საქმის მასალებიდან არ დასტურდება, რომ გადაკეთებითი სამუშაოების ჩატარება «ა-ბ.» შეთანხმებული ჰქონდა სამტრედიის რაიონის გამგეობასთან, რადგანაც საიჯარო ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად ხელშეკრულებაში ცვლილება არ შესულა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ფ. წ-ძემ როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს აღნიშნა, რომ «ა-ბ.» სიტყვიერად შეუთანხმდა სამტრედიის რაიონის გამგეობას, რომ საკუთარი ძალებით გააკეთებდნენ კაპიტალურ რემონტს, ხოლო შემდეგ გამგეობას უკან უნდა დაებრუნებინა რემონტის თანხა ბანკისათვის.

აღნიშნული ფაქტი გამგეობის წარმომადგენელმა არ დაადასტურა.

კასატორის განმარტებას, რომ მხარეთა შორის მოხდა ზემოთ აღნიშნული სიტყვიერი შეთანხმება, ხოლო კაპიტალური რემონტი დაქირავებულ ფართში დაწყებული იყო ხელშეკრულების დადებამდე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორს არ წამოუყენებია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 548-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 წინადადება, რადგანაც დამქირავებელს (მოიჯარეს) არ ჰქონდა დაქირავებული ფართის გადაკეთების უფლება გამქირავებლის (მეიჯარის) თანხმობის გარეშე. იგივე მოთხოვნა იყო მხარეთა შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების მე-6 პუნქტშიც.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გამგეობის წარმომადგენელმა არ უარყო მოსარჩელის მიერ კაპიტალური რემონტის ჩატარება დაქირავებულ ფართში და თანხმობა განაცხადა 10000 ლარის გადახდაზე.

რაც შეეხება კასატორის მეორე მოთხოვნას, მოპასუხის მიერ გამგეობის შენობიდან «ა-ბ.» კუთვნილი ნივთების გამოყრის შედეგად, მათი დაკარგვითა და დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ მაშინვე მიმართა პრეტენზიით გამგეობის ადმინისტრაციას და, რომ ამასთან დაკავშირებით შედგა აქტი. აღნიშნული აქტი ფ. წ-ძემ ვერ წარადგინა ვერც სააპელაციო და ვერც საკასაციო სასამართლოებში. გარდა ამისა, ფ. წ-ძემ აღიარა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მას არ განუცხადებია პოლიციაში.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა დაკარგული და დაზიანებული ნივთებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძველს მოკლებულია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ, სამართლებრივი თვალსაზრისით, კანონიერი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ფ. წ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.