Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-1კს-02 6 მარტი 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 13 აგვისტოს მოსარჩელე შპს «გ.» ქუთაისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს «ო.» მიმართ და, 2001 წლის 1 მაისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოითხოვა ნავთობპროდუქტების შესაძენად შპს «ო.» გაცემული სესხის (სარგებელთან ერთად) 300 000 ლარისა და მატერიალური ზარალის ანაზღაურების სახით 250 000 ლარის დაკისრება. 2001 წლის 2 მაისს ქ. ბაქოში კომპანია «ტ. ო.» და შპს «ო.» შორის დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ¹ტმ/06 3000 ტ. ნამუშევარი ნავთობპროდუქტების ნარევზე. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის აზერბაიჯანიდან გადმოტვირთული იყო 502 ტ. ნავთობპროდუქტის ნარევი ნარჩენი, მაგრამ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა შპს «ო.» არ განუბაჟა იმპორტირებული ნარჩენი, რომელიც ქუთაისში, ბროწეულას ტერიტორიაზე მდებარე შპს «შ.-ო.» იჯარით აღებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გადამუშავების შემდგომ, შპს «ო.» უნდა მიეწოდებინა შპს «კ.» ქ. ბათუმში. «საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტისა და «სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ» ბაზელის კონვენციის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტი უარს აცხადებდა აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ნავთობის ნარჩენი ნარევის, როგორც აკრძალული, კანონსაწინააღმდეგო იმპორტის განბაჟებაზე.

2001 წლის 18 ოქტომბრის დამატებითი დაზუსტებული სარჩელით შპს «გ.» მოითხოვა შპს «ო.» მის სასარგებლოდ 83200 ლარის დაკისრება, ხოლო მოპასუხე საქართველოს საბაჟო დეპარტამენტისათვის შპს «ო.» სასარგებლოდ 996563,80 ლარის დაკისრება აზერბაიჯანიდან იმპორტირებული 502ტ. ნავთობნარჩენის განუბაჟებლობით მიყენებული ზარალის ანაზღაურების სახით. მოსარჩელე შპს «გ.» სარჩელის უზრუნველყოფის სახით ასევე მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის დავალდებულება იმპორტირებული ნავთობპროდუქტის ნარჩენის განბაჟებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2001 წლის 29 ნოემბრის განჩინებით დააკმაყოფილა შპს «გ.» განცხადება და სარჩელის უზრუნველყოფის სახით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-198-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა შპს «ო.» მიერ იმპორტირებული 502ტ. ნავთობპროდუქტის ნარჩენი ნარევის განბაჟება შემდეგი მოტივით:

1. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება და იმპორტიორ კომპანია «ტ. ო.» 2001 წლის 3 ივლისის წერილი, რომ მართალია, იმპორტირებული პროდუქციის სახელწოდებად მითითებული იყო «ნავთობპროდუქტების ნარჩენი ნარევი», მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ჩვეულებრივი ნავთობპროდუქტი, რომელიც ტანკერების წყლით გამორეცხვის შედეგად იყო მიღებული და იგი არ წარმოადგენდა «ბაზელის კონვენციით» აკრძალულ გადადენას (გამოხდას) დისტელირებისა და პიროლიზური დამუშავების ფისოვან ნარჩენებს;

2. სასამართლოს 2001 წლის 15 ნოემბრის განჩინებით დაინიშნა შპს «ო.» მიერ შემოტანილი პროდუქტის ქიმიური ექსპერტიზა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2001 წლის 20 ნოემბრის ¹13-12/1509 წერილით, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება, გაიზიარა რა აზერბაიჯანის სახელმწიფო ინსტიტუტ «ო.» მიერ გაცემული ნავთობის ნარჩენების ნარევის პასპორტი, შპს «ა.» ლაბორატორიული ანალიზი და ¹285 და ნავთობპროდუქტების სერთიფიკაციის ორგანო შპს «მ.» ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის გამოცდის ოქმი ¹85, მიიჩნია, რომ იმპორტირებული ტვირთი კლასიფიცირდება როგორც ნავთობის პროდუქტების ნარჩენი, კოდი ¹27/390300, რომელიც არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ შხამიან ან რადიაქტიულ ნივთიერებებს, იგი იდენტიფიცირდება საქართველოს მოქმედი სტანდარტის გოსტ 21046-86-ის მიხედვით და განეკუთვნება საშიშროების IV კლასს, რომლის გადამუშავებაც არ იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე და, მართალია, წყლის პროცენტული შემცველობით არ პასუხობს სტანდარტს, მაგრამ ტექნოლოგიურ გადამუშავებამდე პირველადი სეპარაციის გზით ზედმეტი წყლის მოშორების შემდეგ შესაძლებელია მისი გადამუშავება;

3. იმპორტირებული პროდუქტი განეკუთვნება «ბაზელის კონვენციის» ¹1 დანართით გათვალისწინებულ V-9 კატეგორიას: ზეთები /წყალი, ნახშირწყალბადები/ წყალი ნარევები, ემულსიების ნარევები, რომლის იმპორტი და ტრანზიტი საქართველოში არ არის დაშვებული, მაგრამ კონვენციის მე-6 პარაგრაფის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ იმპორტის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსგან მიღებულ წერილობით თანხმობად პროდუქციის იმპორტზე შეიძლება ჩაითვალოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის 2001 წლის 10 მაისის ¹02-15/3521 წერილი, თუმცა «ბაზელის კონვენციითა» და «საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ» კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, «კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს» ფუნქციას ასრულებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, რომელსაც არანაირი მიმართვა სადავო იმპორტთან დაკავშირებით არ მიუღია;

4. შპს «ო.» მიერ იმპორტირებული სადავო ნავთობნარჩენი უნდა გადამუშავებულიყო ქუთაისში, რკინიგზის სადგურ ბროწეულას მიმდებარედ განთავსებულ შპს «შ. ო.» მცირე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში. სასამართლომ გაიზიარა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2001 წლის 8 მაისის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომ შპს «შ. ო.» ნავთობგადამამუშავებელ მცირე საწარმოში ნედლეულის სახით შესაძლებელია, როგორც საქართველოს ნედლი ნავთობის, ასევე შერეული ნავთობური ნარჩენების უსაფრთხოდ გადამუშავება.

ამდენად, საოლქო სასამართლომ ვინაიდან მიიჩნია, რომ შპს «ო.» მიერ იმპორტირებული პროდუქტი არ შეიცავდა ტოქსიკებსა და რადიაქტიულ ნივთიერებას, შესაძლებელი იყო შერეული ნავთობური ნარჩენის უსაფრთხოდ გადამუშავება და რადგან ამგვარი გადამუშავება კანონით არ იკრძალებოდა, დააკმაყოფილა შპს «გ.» შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 29 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ, რომელიც განჩინების გაუქმებას ითხოვს «საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2, მე-3 მუხლისა და «ბაზელის კონვენციის» საფუძველზე. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, რადგან კანონის იმპერატიული მოთხოვნაა ყოველგვარი ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის აკრძალვა, თუ მის შესახებ პირდაპირ არ მიუთითებს თვითონ ეს კანონი, ხოლო შპს «ო.» მიერ შემოტანილი საქონლის იმპორტის შესაძლებლობა არ არის დაშვებული ამ კანონით, განჩინება ნავთობნარჩენის განბაჟების, იმპორტის საბაჟო რეჟიმში გაფორმების შესახებ პირდაპირ ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ კანონს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი სასამართლოს 2000 წლის 29 ნოემბრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების შესახებ და კერძო საჩივარი განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების კანონიერებისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო-შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის წლის 29 ნოემბრისა და 25 დეკემბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული 2001 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-198-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაკმაყოფილდა შპს «გ.» (მოსარჩელე) განცხადება და სარჩელის უზრუნველყოფის სახით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს (მოპასუხე) დაევალა შპს «ო.» (მეორე მოპასუხე) მიერ 2001 წლის 22 მაისს იმპორტირებული 502ტ. ნავთობური ნარჩენის ნარევის განბაჟება, რაც საკასაციო პალატის აზრით, ადმინისტრაციული დავების განხილვის სასარჩელო წარმოების წესისა და ადმინისტრაციული-სამოქალაქო საპროცესო ნორმების უხეში დარღვევაა, ვინაიდან სასამართლო კოლეგიის მიერ მითითებული ნორმების (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე 198-ე მუხლების) თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხის ქონების, ფასიანი ქაღალდების დაყადაღება, მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების აკრძალვა, ქონების იძულებით მართვა, სადავო აქტის მოქმედების შეჩერება და სხვა ღონისძიება, რომელთა მიუღებლობა შემდგომში გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. განბაჟება ანუ საბაჟო გაფორმება კი სამართლებრივად წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად მთელი რიგი საბაჟო პროცედურების ჩატარებას (დეკლარირება, საქონლის შემოწმება, საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება-გადახდევინება, გარანტირების წარდგენა, საქონლის გაშვება) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაბამის საბაჟო რეჟიმში მიქცევისათვის (საბაჟო კოდექსის 76-ე მუხლი), რომელზეც განსაკუთრებული კონტროლია დაწესებული საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და შიდა ბაზრის დაცვის მიზნით, ამიტომ მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე დაუშვებელია სარჩელის უზრუნველყოფის სახით საბაჟო ორგანოების დავალდებულება ტვირთის განბაჟებაზე.

საბაჟო უწყებისათვის ტვირთის განბაჟების (საბაჟო გაფორმების) მოთხოვნა, საკასაციო პალატის აზრით, პროცესუალურად შესაძლებელია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელის აღძვრის სახით, რაც ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად, სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეა, ცალკე დამოუკიდებელი დავის საგნია და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სპეციფიურობის გათვალისწინებით განხილული უნდა იქნეს სასარჩელო წარმოების წესით და არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით. საოლქო სასამართლომ კი სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოპასუხე შპს «ო.» სასარგებლოდ საბაჟო დეპარტამენტისათვის ტვირთის განბაჟების დავალდებულებით, ფაქტობრივად სასარჩელო წარმოების გარეშე გადაწყვიტა საბაჟო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ადმინისტრაციული დავა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ არაარსებით, უმნიშვნელო პროცესუალურ დარღვევად ვერ ჩაითვლება, რადგან იმპორტირებული ნავთობნარჩენის განუბაჟებლობის კანონიერების საკითხის განხილვა-გადაწყვეტის გარეშე, სამართლებრივად შეუძლებელია შპს “გ.” მეორე სასარჩელო მოთხოვნის – ამ განუბაჟებლობით მიყენებული ზარალის 996363,80 ლარის მოპასუხე შპს «ოკრიბას» სასარგებლოდ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტისათვის დაკისრების – გადაწყვეტა.

მოსარჩელე შპს «გ.» სარჩელთან და სარჩელის უზრუნელყოფის განცხადებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს შემდეგ პროცესუალურ დარღვევაზე ყურადღების გამახვილებას: შპს «გ.» 2001 წლის 18 ოქტომბრის დამატებით დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:

ა) შპს «ო.» სესხისა და სარგებლის სახით – 83200 ლარის მის სასარგებლოდ დაკისრება;

ბ) მოპასუხე საბაჟო დეპარტამენტისათვის მეორე მოპასუხის _ შპს «ო.» სასარგებლოდ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ნავთობნარჩენების განუბაჟებლობით მიყენებული ზარალის 996563,80 ლარის დაკისრება.

ამდენად, სასარჩელო განცხადებით შპს «გ.» იმავდროულად მოითხოვა საკუთარი და მისი მოპასუხის _ შპს «ო.» ინტერესების დაცვა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნისას არ განმარტა შპს «ო.» კუთვნილი იმპორტირებული ნავთობნარჩენის განუბაჟებლობა რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს ან მისი გამოუყენებლობა როგორ გააძნელებდა გადაწყვეტილების აღსრულებას მაშინ, როდესაც საბაჟო კოდექსის მე-80; 87-ე მუხლების თანახმად, საბაჟო გაფორმებას, დეკლარირებას, როგორც წესი, ახორციელებს ტვირთის მესაკუთრე (გადამაადგილებელი პირი) ან საბაჟო ბროკერი. ამასთან, საქმეში მე-12 გვერდზე, მართალია, წარმოდგენილია შპს «გ.» და შპს «ო.» შორის 2001 წლის 11 მაისს გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულება 2001 წლის 1 მაისს დადებულ სესხის ხელშეკრულებაზე, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, თუ შპს «ო.» «გ.» მიმართ ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებდა მესამე პირის ბრალით, მოდავე მხარედ გამოსვლის უფლება ექნებოდა შპს «გ.», მაგრამ აღნიშნული დამატებითი ხელშეკრულება საკასაციო სასამართლოს არ მიაჩნია საკმარის მტკიცებულებად შპს «ოკრიბას» წარმომადგენლად შპს «გ.» ცნობისათვის, რადგან იგი არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე, 96-ე მუხლების მოთხოვნებს – “წარმომადგენლობა სასამართლოში”.

ამდენად, საკასაციო პალატა, მიიჩნევს, რომ საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 29 ნოემბრისა და 25 დეკემბრის განჩინებები, ვინაიდან კოლეგიამ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე მუხლები, რაც არ უნდა გამოეყენებინა და სარჩელის უზრუნველყოფის, როგორც პროცესუალურ-სამართლებრივი ინსტიტუტის უსწორო განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო წარმოების წესით განსახილველი ადმინისტრაციული დავა განიხილა სარჩელის უზრუნველყოფის სახით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე; 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 29 ნოემბრისა და 25 დეკემბრის განჩინებები.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.