3გ/ად-2-02 14 მაისი 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თავმჯდომარე ნ. კლარჯეიშვილი
მსაჯულები: ი. ბუხნიკაშვილი,
მ. გაგოშიძე
დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 7 მაისის ¹36/2002 და ¹37/2002 განკარგულება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002 წლის 10 მაისს მოსარჩელე მ. ჯ-ძემ სარჩელი აღძრა მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკოს) მიმართ და მოითხოვა:
ა) საქართველოს ცსკოს 2002 წლის 7 მაისის ¹ 36/2002 განკარგულების გაუქმება, რომლითაც საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუწყდა ¹... ...-ის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნისა და კომისიის წევრის უფლებამისილება;
ბ) საქართველოს ცსკოს 2002 წლის 7 მაისის ¹37/2002 განკარგულების გაუქმება ¹... ...-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად თ. კ-შვილის დანიშვნის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ 2002 წლის 13 მაისს განსახილველად წარმოებაში მიიღო მ. ჯ-ძის სარჩელი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა სარჩელისა და საქმის მასალების შესწავლის, განსახილველად საქმის მომზადების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ძის სარჩელი განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. განსახილველი დავის საგანია ცსკოს 2002 წლის 7 მაისის ¹36/2002 განკარგულება, რომლითაც «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მ. ჯ-ძეს შეუწყდა ¹... ...-ის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნისა და წევრის უფლებამოსილება, ასევე ცსკოს ¹37/2002 განკარგულება ¹... საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად თ. კ-შვილის დანიშვნის შესახებ.
ამდენად, ცსკოს სადავო ადმინისტრაციული აქტები ეხება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნასა და უფლებამოსილების შეწყვეტას, რაც ზოგადად იგივე წესით ხორციელდება, როგორც დანიშვნა.
2. საქართველოს ორგანული კანონი «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის, რომლითაც საარჩევნო დავების განხილვის პროცედურაა განსაზღვრული, მე-9 პუნქტი ადგენს: «საქართველოს ცენტრალურ და საოლქო კომისიებში წევრის არჩევა (დანიშვნის) შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მისი გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო სასამართლოში, რომელიც სამი დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება».
«საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის მე-9 პუნქტიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ჯ-ძის სარჩელი განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს, უზენაეს სასამართლოში სარჩელი განსჯადობის დარღვევითაა წარმოებაში მიღებული, ამიტომ 2002 წლის 13 მაისის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლის I-II ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-286-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 13 მაისის განჩინება მ. ჯ-ძის სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ;
2. მ. ჯ-ძის სარჩელი, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები დაეგზავნოთ მხარეებს;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.