3გ/ად-2-ა-02 30 აპრილი, 2002 წ.., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობით: თავმჯდომარე: ბ. კობერიძე
მსაჯულები: ქ. ხიზანიშვილი,
შ. მამფორია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ზ. ც-ძის რწმუნებულ ვ. გ-იანის განცხადების საფუძვლიანობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. ც-ძის რწმუნებულ ვ. გ-იანის განცხადების++ განუხილველად დატოვების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკ «ს.-ის» რწმუნებულ გ. ჯ-ს სარჩელი მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის წევრობის კანდიდატ ზ. ც-ძის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 6 ოქტომბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საარჩევნო ბლოკ «ს.-ის» რწმუნებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 6 ოქტომბრის ¹141 \1999 დადგენილება ბლოკ «ს.-ის» მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატ ზ. ც-ძის მიმართ დარჩა უცვლელად.
2002 წლის 29 იანვარს ზ. ც-ძის რწმუნებულმა ვ. გ-იანმა საქართველოს უზენაესი სასამრათლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას მიმართა განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაუქმებულია ყველა ნორმატიული აქტი, რომელსაც დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და რომლითაც ზ. ც-ძეს ჩამოერთვა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებული საარჩევნო უფლება; ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტის შესაბამისად არსებობს ზემოთ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
განმცხადებელმა ითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 6 ოქტომბრის ¹141\1999 დადგენილების რიგით ¹2 გრაფის გაუქმება და საარჩევნო უფლების აღიარება.
გარდა ამისა, განმცხადებელმა სარჩელში სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 6 ოქტომბრის ¹141\1999 დადგენილების რიგით ¹2 გრაფის მოქმედების შეჩერება და, შესაბამისად, საარჩევნო ბლოკ «ს.-ის» პარტიული სიის რიგითობის უფლებამონაცვლეობის ამოქმედება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. ც-ძის რწმუნებულ ვ. გ-იანის განცხადების დასაშვებობა და 2002 წლის 4 თებერვლის განჩინებით ჩათვალა დასაშვებად, ხოლო საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2002 წლის 28 მარტს.
2002 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის შუამდგომლობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 6 ოქტომბრის ¹141\1999 დადგენილების რიგით ¹2 გრაფის მოქმედების შეჩერებისა და საარჩევნო ბლოკ «ს.-ის» პარტიული სიის რიგითობის უფლებამონაცვლეობის ამოქმედების შესახებ.
2002 წლის 28 მარტს დანიშნული საქმის ზეპირი განხილვა მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, გადაიდო გაურკვეველი ვადით.
2002 წლის 26 აპრილს ზ. ც-ძის რწმუნებულმა ვ. გ-იანმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნა, რომ ზ. ც-ძესთან დაკავშირებული საკითხი გადაწყვიტა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რის გამოც ითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შეამოწმა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ვ. გ-იანის განცხადებასთან დაკავშირებული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომელიც ამ თავშია დადგენილი.
ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობებს (კანონის ანალოგია).
ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ არეგულირებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შემტანი პირის მიერ განცხადებაზე უარის თქმის შემდგომ პროცედურას, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად გამოყენებული უნდა იქნეს ამავე კოდექსის 272-ე მუხლის «გ» პუნქტი, რომლის შესაბამისად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ვ. გ-იანის განცხადებასთან დაკავშირებული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლისა და 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ შეიძლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე და მე-7 მუხლებით, 272-ე მუხლის «გ» პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. ც-ძის რწმუნებულ ვ. გ-იანის განცხადებასთან დაკავშირებული საქმის წარმოება შეწყდეს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.