გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-2-კ-02 28 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 23325 ლიტ. ბენზინის ნატურით დაბრუნება ან მისი ღირებულების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. წ-იამ 01.05.01წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა 1992 წელს გასესხებული 23 325 ლიტ. საწვავის დაბრუნება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1992წ. ივნის-ივლისში სამტრედიის რაიონის გამგეობამ მისგან ისესხა 13200 ლიტ., 1992წ. აგვისტოში 5400 ლიტ., 1992წ. სექტემბერში – 2225 ლიტ., 1992წ. ოქტომბერში – 2500 ლიტ., სულ 23315 ლიტ. ბენზინი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ გამგეობასთან სადავო ურთიერთობა წარმოეშვა 1992წ., უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 1993წ. გაზაფხულზე, მოსარჩელის აზრით განვლილ პერიოდში ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად უნდა ჩაითვალოს განსაკუთრებული პირობების გამო, კერძოდ: 10.04.89წ. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ე. წ-იას საცხოვრებელი სახლიდან პირადი ნივთების ქურდობის ფაქტზე, 1991წ. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ე. წ-იას გატაცების მცდელობის ფაქტზე, 07.12.91წ. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სათადარიგო ნაწილების გატაცების გამო, 23.12.91წ. _ შვილის გატაცების ფაქტზე, 1992წ. მოსარჩელემ ასესხა თანხა სამტრედიის საფეხბურთო კლუბს, თანხის დაუბრუნებლობის გამო განიცადა მატერიალური და მორალური ზარალი, 1993 წელს დაცხრილულ იქნა ე. წ-იას სამუშაო კაბინეტი და საცხოვრებელი სახლი, 1993წ. გატაცებულ იქნა კოოპერატივ «იულონის» ავტომანქანები, 1995წ. სამუშაო კაბინეტი კვლავ იქნა დაცხრილული, იმავე წელს მოუხდა მეუღლის სამკურნალოდ წაყვანა ქ. მოსკოვში, 1996წ. კომერციული საქმიანობის შედეგად განიცადა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რასაც დაემატა მეუღლის მძიმე ავადმყოფობა, 1998-1999წ.წ. ყაჩაღთა ჯგუფმა მოახდინა თავდასხმები მის კუთვნილ კოოპერატივ «ი-ზე».
ე. წ-იამ 08.06.01წ. დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც ამჟამად მოქმედი სსკ-ს 403-ე მუხლზე მითითებით, 1997წ. 25 ნოემბრიდან მოითხოვა მოპასუხეზე 23.325 ლიტ. ბენზინის ღირებულების ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის შესაბამისი პერიოდისათვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის _ 3%, 30089 ლარის, აგრეთვე ადვოკატის მომსახურების ანაზღაურებისათვის სადავო თანხის 4% _ 2136 ლარის ანაზღაურება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 27.06.01წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. წ-იას მიერ. საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.11.01წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 27.06.01წ. გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გამგეობასა და ე. წ-იას შორის გარიგების დადება, გარიგება 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 41.1, 391.2 მუხლების მიხედვით წერილობით უნდა დადებულიყო. პალატამ არ გაიზიარა ე. წ-იას წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ე. წ-იას მიერ ადრე აღძრულ სარჩელზე ს.ს. «მ-ის» მიმართ 13200 ლიტ. ბენზინის სესხის დაბრუნების შესახებ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 17.04.01წ. გამოტანილი გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა ცნობილი ბენზინის გამგეობისათვის სესხად გაცემის ფაქტი. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ შპს «მ-ს» და ე. წ-იას შორის არ დადებულა სესხის ხელშეკრულება, გადაწყვეტილების მითითება, რომ სახეზეა განხორციელებული მოქმედება, რომ სათანადო მოპასუხეა გამგეობა არ ნიშნავს რაიონის გამგეობასა და ე. წ-იას შორის სესხის ხელშეკრულების დადების აღიარებას. ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულოება არ დადებულა, სასამართლომ შეუძლებლად ცნო 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 47-ე მუხლის მიხედვით გარიგების დადებულად ცნობა. პალატამ შეუძლებლად მიიჩნია მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სესხის ხელშეკრულების დადების დადასტურება. კოდექსის 75-ე მუხლის საფუძველზე ე. წ-იას სარჩელი ხანდაზმულად იქნა მიჩნეული, ე. წ-იას მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები არ იქნა მიჩნეული ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერების გარემოებად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ე. წ-იას მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ გარიგების დროს სავარაუდო შესრულების ვადებზე იყო საუბარი, მოპასუხე მხარე შესრულებას საშუალების გამოჩენას უკავშირებდა, შესრულების შესაძლებლობები თანდათანობით სულ უფრო უარესდებოდა. სააპელაციო სასამართლო არ შეხებია საქმის ყველაზე მნიშვნელოვან გარემოებას, კერძოდ იმას, რომ გამგეობა ვალს არ უარყოფდა, აღიარებდა, რის დასადასტურებლად საჭირო იყო ყოფილი გამგებლის _ ნ. ძ-ძის და მისი მოადგილის, თანხის გამკარგველის _ გ. ღ-ძის დაკითხვა. კასატორი თვლის, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 1998 წლიდან, სარჩელი აღიძრა 1999 წელს, რის გამოც ხანდაზმულობის ვადა გაცდენილი არ აქვს. კასატორმა წარმოადგინა გ. ღ-ძის, ა. ლ-იას, ჯ. ს-უას ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარქებების ტექსტები იმის შესახებ, რომ ე. წ-იამ სესხად გასცა გამგეობის საწვევი, ე. წ-ია დადიოდა გამგეობაში და ითხოვდა სესხის დაბრუნებას, რაზედაც უარი გამგეობას არ უთქვამს. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება. კასატორმა წარმოადგინა აგრეთვე დამატებითი საკასაციო საჩივრები, რომლებშიც აღნიშნავს, რომ მძიმე კრიმინოგენური, საომარი ვითარების გამო, მის მიმართ მრავალგზის განხორციელებული თავდასხმების, მძიმე ოჯახური მდგომარეობის, აგრეთვე გამგეობის ხელმძღვანელი პირების ვალის აღიარების გამო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა შეჩერდა. დამატებით საკასაციო საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივარზე დართული სამტრედიის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილის – კრედიტის განმკარგველის გ. ღ-ძის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით დასტურდება, რომ 1992-97 წლებში კასატორი ნამდვილად დადიოდა და ითხოვდა გამგეობისაგან ვალის დაბრუნებას, მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა ბიუჯეტის დეფიციტის გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სახელზე ა. ლ-იას ნოტარიულად დამოწმებული განცხადების მიხედვით, მისი რაიონის გამგებლის მოადგილედ 1997წ. მაისიდან 2000წ. აგვისტოს ჩათვლით მუშაობის პერიოდში ე. წ-იამ არაერთხელ ითხოვა კუთვნილი ვალის დაბრუნება, ის ითვალისწინებდა საბიუჯეტო დეფიციტის გამო ვალის გადახდის გადავადების თხოვნას და არ მიმართავდა სასამართლოს. რაიონის ხელმძღვანელობის მიერ ბენზინის ნატურით დაბრუნების ვალდებულების აღიარებას ადასტურებს აგრეთვე ჯ. ს-უას ახსნა-განმარტების ტექსტი. კასატორი აღნიშნავს, რომ იმჟამად მოქმედი კოდექსის 83-ე მუხლი ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის აღიარების შემთხვევაში, ითვალისწინებდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას, რაც ადასტურებს იმას, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაცდენილი არ არის.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ სამტრედიის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლში მდივნად სხვა პირი არის აღნიშნული, სხდომის მდივნად დაშვებულ იქნა სასამართლოს მუშაკი, რომელსაც არ გააჩნია სხდომის მდივნის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილება, რის შედეგადაც ოქმის არაკომპეტენტურად შედგენის გამო სასამართლო სახდომის ოქმში არ აისახა საქმისადმი მნიშვნელობის მქონე, ე. წ-იას ახსნა-განმარტების არსებითი ასპექტები. სსსკ-ს 394-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტის დარღვევით გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა სამტრედიის რაიონული სასამართლოს იმ მოსამართლის მიერ, რომელიც თავდაპირველად იხილავდა ავტოსატრანსპორტო საწარმოს წინააღმდეგ შეტანილ ე. წ-იას სარჩელს, რის გამო ლ. ყ-ძის მიერ საქმის განხილვა არ დაიშვებოდა. კასატორის აზრით საქმეზე დართული საბუთებით დასტურდება, რომ გარიგება შესდგა ზეპირი ფორმით, მისი შესრულება დადებისთანავე მოხდა მარტივი წერილობითი ფორმის დაუცველობით, 1964წ. სამოქალაქო კოდექსის 41-43, 45, 47, 48, 56 მუხლებით ფორმის დაუცველობა იწვევს გარიგების ბათილობის სამართლებრივ შედეგებს.
სამტრედიის რაიონის გამგეობამ წარმოდგენილ შესაგებელში არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 1998 წლიდან დაიწყო. მოწინააღმდეგე მხარე უსაფუძვლოდ თვლის აგრეთვე კასატორის მოთხოვნას სსსკ-ს 145-ე მუხლის გამოუყენებლობის გამო განჩინების გაუქმების შესახებ, ვინაიდან ნ. ძ-ძის ჩვენებას არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა. ე. წ-იას მიერ მითითებული ვერც ერთი გარემოება ვერ ჩაითვლება ხანდაზმულობის ვადის შეჩერების საფუძვლად.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ – სამტრედიის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო მოთხოვნის უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო და ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. წ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.11.01წ. განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. სსკ-ს 1507-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად განსახილველი ურთიერთობები 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმათა საფუძველზე უნდა გადაწყდეს. 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით სესხის ხელშეკრულება ორმოცდაათ მანეთზე მეტი ოდენობით წერილობით უნდა დადებულიყო. კანონით გათვალისწინებული წერილობითი ფორმის დაუცველობა იწვევდა ხელშეკრულების სადავოდ გახდომის შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობის აკრძალვას (395-ე მუხ.). სსსკ-ს 102-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი ადგენდა, რომ ხელშეკრულება ითვლება დადებულად, როდესაც მისი ყველა არსებითი პუნქტის თაობაზე მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება ამ შემთხვევისათვის დაწესებული ფორმით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა დაუდასტურებლად თვლის გამგეობასა და ე. წ-იას შორის სესხის ხელშეკრულების დადებას, გამგეობის მხრიდან ნების გამოვლენას, შესაბამისად შეუძლებელია გარიგების შინაარსის ზუსტი დადგენა. სადავო ურთიერთობების წარმოშობის დროს მოქმედი კანონმდებლობა იმპერატიულად ავალდებულებდა გარიგების მხარეებს ნება გამოევლინათ კანონით დადგენილი წესების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში თვით ნების გამოვლენა ითვლება არარსებულად, შესაბამისად უსაფუძვლოა მსჯელობა მის ნამდვილობა-ბათილობაზე, გარიგების ბათილობის სამართლებრივ შედეგებზე, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პროცენტის დარიცხვაზე.
1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის მიხედვით უფლების დაცვის საერთო ვადა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრებოდა 3 წლით. ამავე კოდექსის მე-80 მუხლი ადგენდა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო თავისი უფლების დარღვევა. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 1998 წელს, ხოლო სარჩელი აღძრა 1999 წელს. ე. წ-ია 01.05.01წ. აღძრულ სარჩელში აღნიშნავდა, რომ დარღვეული უფლების შესახებ შეიტყო 1993 წლის გაზაფხულზე, როცა მრავალჯერ მოთხოვილი შესრულების მიუხედავად გამგეობამ არ დააბრუნა სესხად აღებული ბენზინი. სწორედ ამის გამო მოითხოვა ე. წ-იამ დამატებითი სასარჩელო განცხადებით სსკ-ს ძალაში შესვლიდან – 1997წ. 25 ნოემბრიდან 43 თვის პროცენტის დაკისრება მოპასუხეზე. ე. წ-იას მიერ სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებები (სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, საფეხბურთო კლუბისათვის თანხის სესხება, მეუღლის ავადმყოფობა და სხვ.) 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 82-ე მუხლით არ წარმოადგენენ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერების საფუძველს. ამრიგად სარჩელის უფლების წარმოშობიდან (1993წ. მაისი) სარჩელის სასამართლოში აღძვრამდე (01.05.01წ.) გასულია 8 წელი, რაც უდავოდ ადასტურებს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენას. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს პირველი და სააპელაციო სასამართლო ინსტანციების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ე. წ-იას გაცდენილი აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რაც 1964წ. სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლის I ნაწილის თანახმად წარმოადგენს სარჩელზე უარის თქმის საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი, ყოფილი გამგებლის მოადგილეების _ გ. ღ-ძის 17.12.01წ. და 18.03.02წ., ა. ლ-იას, აგრეთვე ყოფილი ავტოსატრანსპორტო საწარმოს დირექტორის _ ჯ. ს-უას 25.04.02წ. ახსნა-განმარტებების ტექსტები ვერ იქნება მიჩნეული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის ხელახალი დაწყების გარემოებად, ვინაიდან მოპასუხედ ე. წ-იას სარჩელზე ჩართულია სამტრედიის რაიონის გამგეობა, აღნიშნული პირები არ არიან გამგეობის თანამდებობის პირები, შესაბამისად ისინი არ არიან უფლებამოსილნი წარმოადგინონ გამგეობა, ამასთანავე, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ხელშეკრულების დადების დადასტურება სამოქალაქო სამართლის კოდექსის 395-ე მუხლის მიხედვით არ დაიშვება, შესაბამისად უმართებულოა კასატორის მოსაზრება სააპელაციო პალატის მიერ სსსკ-ს 145-ე მუხლის დარღვევის შესახებ. რაც შეეხება სამტრედიის რაიონის გამგეობას, იგი ე. წ-იას პრეტენზიებს არ ცნობს და უარყოფს გამგეობის მიერ მასთან რაიმე გარიგების დადებას. შესაბამისად, გ. ღ-ძის, ა. ლ-იას მიერ ვალის აღიარება ვერ იქნება მიჩნეული მოპასუხის – გამგეობის მიერ ე. წ-იასადმი ვალის აღიარებად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეწყვეტის, მისი ხელახალი დაწყების საფუძვლად. ის გარემოება, რომ ე. წ-ია 1992-97წწ. მიმართავდა გამგეობას საწვავის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიხედვით არ წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერების, შეწყვეტის, ვადის აღდგენის საფუძველს. ამასთანავე, საკასაციო ინსტანციაში მტკიცებულებების წარმოდგენა შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, უკეთუ კასატორი მოიყვანდა მტკიცებულებების ქვედა სასამართლო ინსტანციებში წარდგენის შეუძლებლობის დასაბუთებას.
სსსკ-ს 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლოში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს, აგრეთვე საოლქო სასამართლოს კოლეგიების გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას რაიონული სასამართლოს მიერ პროცესუალური კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის საკითხებზე, მით უფრო, რომ ე. წ-იას აღნიშნული საკითხები არ დაუსვია სააპელაციო საჩივარში, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ არ დაუყენებია განცხადება აცილების შესახებ. ამასთანავე, სსსკ-ს 291-ე მუხლის თანახმად, სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ სამი დღის განმავლობაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმის მიმართ, მიუთითონ უსწორობასა და უსრულობაზე, შენიშვნებს განიხილავს ამ ოქმზე ხელის მომწერი მოსამართლე.
პალატა აღნიშნავს, რომ ე. წ-იას საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს 08.11.01წ. განჩინებაზე შეტანილი აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე, რაც ს.ა.ს.კ. 9.4 მუხლის თანახმად არ წარმოადგენს საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას. ამასთანავე, სასამართლო მხედველობაში იღებს იმას, რომ ე. წ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ყოფნის გამო სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებას, რის გამო პალატა სსსკ-ს 47-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებლად თვლის მის გათავისუფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. წ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.11.01წ. განჩინება.
2. ე. წ-ია გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.