Facebook Twitter

¹ 3გ/ად-3-02 14 მაისი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ბ. კობერიძე

მსაჯულები: ქ. ხიზანიშვილი,

ლ. გაჩეჩილაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ზ. რ-ძის სარჩელის დასაშვებობის საკითხი მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 8 მაისის ¹43\2002 განკარგულების გაუქმებისა და თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2002 წლის 10 მაისს ზ. რ-ძემ სარჩელით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას მოპასუხე საქარვთელოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის შესაბამისად და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7 მაისის ¹38\2002 განკარგულებით შექმნილი სპეციალური ჯგუფის დასკვნის საფუძველზე საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2002 წლის 8 მაისს მიიღო ¹43\2002 განკარგულება «¹... ...-ის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ», რომლითაც ზ. რ-ძეს შეუწყდა ¹... ...-ის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრის უფლებამოსილება.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 8 მაისის ¹43\2002 განკარგულების გაუქმება და თანამდებობაზე აღდგენა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის დასაშვებობის საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

საქართველოს ორგანული კანონი «საქართველს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად საქართველოს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში წევრის არჩევის (დანიშვნის) შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მისი გადაწყვეტილებიდან 5 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო სასამართლოში, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას და იგი საბოლოოა, შესაბამისად არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა თვლის, რომ ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონი «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» პირდაპირ არ განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისიებში წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავის განხილვის წესს, ამიტომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რადგანაც სასამართლოს მიაჩნია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დავის განხილვის პროცედურა იმავე წესით უნდა დარეგულირდეს, რომლითაც საოლქო საარჩევნო კომისიებში წევრის არჩევის (დანიშვნის) შესახებ დავის განხილვის პროცედურა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავა უნდა განიხილოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. რ-ძის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 8 მაისის ¹43\2002 განკარგულების გაუქმებისა და თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არსებითად განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.