3გ-ად-3-კ-02 24 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: მემკვიდრეობის აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 5 ივლისს მოსარჩელე ი. ღ-ძემ სარჩელი აღძრა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების – მ. კ-ძისა და ბაზალეთის საკრებულოს გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ გარდაცვლილი მეუღლის დანაშთი ქონების ერთ ოთახზე მემკვიდრედ ცნობა, ბაზალეთის საკრებულოს სარეგისტრაციო წიგნებში ცალკე კომლად აღრიცხვა, საცხოვრებელი სახლისა და მიწის შესაბამისი ნაწილის რეგისტრაცია მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1987 წლიდან მისი გარდაცვლილი მეუღლის რ. კ-ძის კომლი შინაური გარიგების საფუძველზე ცალკე კომლად გამოეყო მ. კ-ძის კომლს და წლების განმავლობაში ცალკე კომლად არსებობდნენ, იხდიდნენ გადასახადებს და ეწეოდნენ სამეურნეო საქმიანობას. მეუღლის გარდაცვალების შემდგომ დედამთილმა _ მ. კ-ძემ საკუთარი სურვილით მოინდომა შვილის მემკვიდრეობის რძლის სახელზე გადაფორმება, რის შემდეგაც ი. ღ-ძე გარკვეული დროის განმავლობაში თავს სადავო ქონების მემკვიდრედ თვლიდა. მოსარჩელისათვის 2001 წელს გახდა ცნობილი, რომ მემკვიდრეობა მის სახელზე არ გაფორმებულა, ხოლო მისი ცალკე კომლად არსებობის ფაქტი საკრებულოში აღარ მოიპოვებოდა, ვინაიდან ხანძრის შედეგად განადგურებული დოკუმენტების აღდგენის დროს სადავო ქონება უკვე მ. კ-ძის საკუთრებად ირიცხებოდა. რის გამოც ი. ღ-ძემ შელახული უფლებების აღდგენა სასამართლო წესით მოითხოვა.
მოპასუხე _ ბაზალეთის საკრებულოს გამგეობამ რაიონულ სასამართლოში სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ საკრებულოში ხანძრის შედეგად ყველა დოკუმენტი განადგურდა და მ. კ-ძის კომლი ზეპირი განცხადების საფუძველზე აღდგა, რის შედეგადაც სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი მოსარჩელის მხრიდან ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე წარმოდგენილი ვერ იქნებოდა.
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2001 წ. 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ღ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს საცხოვრებელ ოთახზე სამკვიდროს მიღების ვადა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება აღუდგინა, ასევე ბაზალეთის საკრებულოს სადავო მიწის გამიჯვნის წესი და მისი საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაევალა.
მოპასუხე მ. კ-ძემ ხარაგაულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
აპელანტმა მიუთითა, რომ ი. ღ-ძე ცალკე კომლად არასოდეს ირიცხებოდა, ხოლო რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმში საკრებულოს გამგეობის ჩვენება არასწორად იქნა დაფიქსირებული. აპელანტმა დამატებით აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ მოცემული დავის განხილვისას არ იმსჯელა მემკვიდრეობის მიღების ხანდაზმულობის ვადის აღდგენის კანონიერებაზე და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
მოწინააღმდეგე მხარემ _ ბაზალეთის საკრებულოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს და მიუთითა, რომ საკრებულოში არ არსებობს დოკუმენტი, რითაც ი. ღ-ძის მეუღლის ცალკე კომლად არსებობის ფაქტი დადასტურდება.
ქუთაისის საოლქო საამართლოს 2001 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხარაგაულის რიონული სასამართლოს 2001 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
ქუთაისიის საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებს დააფუძნა: საოლქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ი. ღ-ძის მიერ ვერც პირველ და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იგი მეუღლესთან ერთად ოდესმე ცალკე კომლად იყო აღრიცხული. ამასთან, საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ღ-ძე და მისი გარდაცვლილი მეუღლე იმჟამად მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 126-ე და 127-ე მუხლების თანახმად ცალკე კომლად ვერ აღირიცხებოდნენ, ვინაიდან მუდმივად ჩაწერილი იყვნენ ქ. თბილისში.
საოლქო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოცემული დავის განხილვისას ხარაგაულის რაიონული სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის, მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობისა და მისი გამიჯვნის წესის დადგენის ნაწილში და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საოლქო სასამრთლომ ი. ღ-ძეს სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენასა და 0,15 ჰა ვენახის მესაკუთრედ ცნობაზე უარი უთხრა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა ი. ღ-ძემ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ი. ღ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში დავა განიხილება იმ სამართლებივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამასთან, ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს:
ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;
ბ) ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ი. ღ-ძე სასარჩელო განცხადებით მისი კუთვნილი სამემკვიდრეო წილის მიღებას მოითხოვს აწ გარდაცვლილი მეუღლის (რ. კ-ძის) დანაშთი ქონებიდან, როგორც საცხოვრებელი სახლიდან, ისე მიწის ნაკვეთიდან. ამდენად, მოცემული დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმებლობიდან არ გამომდინარეობს და არც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს განეკუთვნება. მოსარჩელე ი. ღ-ძე მის დედამთილზე (მ. კ-ძეზე) გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტების კანონიერებას სადავოდ არ ხდის და მათ ბათილად ცნობას არ მოითხოვს. იგი მხოლოდ მისი სამემკვიდრეო წილი მიწის ნაკვეთის გამიჯვნას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის «ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა იქნეს განხილული ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ.
საკასაციო სასამართლო ამასთან თვლის, რომ საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ (სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ), რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია, რის გამოც უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ ი. ღ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.