Facebook Twitter

¹ 3გ/ად-4-02 16 მაისი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მსაჯულები: მ. ხუციშვილი,

გ. ოგანოვი

დავის საგანი: «2002 წლის 2 ივნისის ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის «ს.-ის» გ. კ-იას და ზ. ჟ-იას ხელმოწერით წარმოდგენილი პარტიული სიების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ» საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹47/2002 განკარგულება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკური გაერთიანების «ს.-ის» სახელით პარტიული სია გ. კ-იას ხელმოწერით რეგისტრაციისათვის წარდგენილ იქნა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 13.05.02 წ. ¹47/2002 განკარგულებით პარტიული სია არ გატარდა რეგისტრაციაში.

რ. თ-შვილმა, ვ. კ-ძემ, ვ. ბ-ძემ, ა. ს-ძემ, გ. კ-იამ, რ. ლ-ძემ პოლიტიკური გაერთიანების «ს.-ის» (მთავარი საბჭოს) სახელით სასარჩელო განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 13.05.02 წ. ¹47/2002 განკარგულების ბათილად ცნობა მათ მიერ წარდგენილი პარტიული საარჩევნო სიის რეგისტრაციაზე უარის თქმის ნაწილში და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი პარტიული სიის რეგისტრაციაში გატარების შესახებ განკარგულების დაუყოვნებელი გამოცემის დავალება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა სარჩელის და საქმის მასალების გაცნობის, სარჩელის დასაშვებობისა და განსახილველად წარმოებაში მიღების საკითხის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სასარჩელო განცხადება საოლქო სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ.თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს არჩევნები ტარდება მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე (კოდექსის 109.2 მუხ). პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე თბილისის საკრებულოს არჩევნებისას საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ასრულებს. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები წარადგენენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (118.1 მუხ). პარტიული სიის რეგისტრაციით ხდება პარტიული სიით წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია. დავის განხილვის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 23-ე ნაწილი, იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ «ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ცენტრალური ან საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო სასამართლოში, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. იგი 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება».

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავა ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯად საქმეს წარმოადგენს.

ამდენად, სარჩელი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 23-ე ნაწილით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 115-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-296-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პოლიტიკური გაერთიანება «ს.-ის» მთავარი საბჭოს წარმომადგენლების გ. კ-იას და რ. ლ-ძის, მოსარჩელეების რ. თ-შვილის, ე. კ-ძის, ვ. ბ-ძის, ა. ს-ძის, გ. კ-იას, რ. ლ-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

2. განსჯადობით საქმის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიისათვის სარჩელის გადაგზავნის შესახებ ეცნობოს მოსარჩელეს.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.