Facebook Twitter

¹ 3გ/ად-4კ-02 24 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 7 აგვისტოს განკარგულებით თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გადაწყდა ...-ის ძეგლის აგება, საკითხთან დაკავშირებით გამოტანილ იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 1994 წლის 10 იანვრის განკარგულება, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის ¹278 და ¹475 ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ...-ის ძეგლის აგების დამკვეთის ფუნქცია დაევალა ქ. თბილისის მერიას.

1996 წლის 26 ივლისს ქ. თბილისის მერიასა, როგორც დამკვეთსა და მოქანდაკე მ. ბ-შვილს, როგორც შემსრულებელს შორის, დაიდო ხელშეკრულება ¹26/2 თბილისში აღსამართ ...-ის მონუმენტურ-სკულპტურული ძეგლის შექმნაზე, რომლის კომპოზიციაზეც მ. ბ-შვილს 1996 წლის ინვრისათვის დამთავრებული ჰქონდა მუშაობა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო-საექსპერტო საბჭოს 1996 წლის 31 იანვრის ¹2 ოქმით კომპოზიცია აღიარებულ იქნა უდიდეს მხატვრულ ნაწარმოებად. ¹26/2 ხელშეკრულებით ქ. თბილისის მერია ავალებდა, ხოლო «შემსრულებელი» მ. ბ-შვილი იღებდა ვალდებულებას მაღალ იდეურ მხატვრულ დონეზე, შეექმნა მონუმენტურ-სკულპტურული კომპოზიცია ...-ის ძეგლი. ქანდაკება სირთულის მიხედვით განეკუთვნებოდა განსაკუთრებულ კატეგორიას «დამკვეთი» ქ. თბილისის მერია კისრულობდა ვალდებულებას მ. ბ-შვილისათვის (შემსრულებლისათვის) მყარ ვალუტაში, 2 000 000 აშშ დოლარის ან მისი შესაბამისი ეკვივალენტი 2 500 000 ლარის გრანტის სახით ანაზღაურებაზე. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება უნდა მომხდარიყო სამუშაოს მიღებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადისა, მაგრამ რადგან მ. ბ-შვილმა გაითვალისწია დამკვეთის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, შესაბამისი თანხების უქონლობას, თანხმობა გამოხატა კუთვნილი თანხების ეტაპობრივ მიღებაზე. ხელშეკრულების მეოთხე პუნქტი ადგენდა, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სამუშაოები შემსრულებლის მიერ მთლიანად დამთავრებულია, მიღებულია სამხატვრო საექსპერტო საბჭოს მიერ და 2 000 000 დოლარი ექვემდებარება შემსრულებლისათვის მთლიან გადახდას, ხოლო 5.1 პუნქტით მხარეები მატერიალურ პასუხისმგებლობას კისრულობდნენ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვან შესრულებისათვის. ¹26/2 ხელშეკრულება ქ. თბილისის მერიის სახელით ხელმოწერილია მერის ბ. შ.-ისა და შემსრულებელ _ მოქანდაკე მ. ბ-შვილის მიერ. ტექსტს ასევე გააჩნია მინაბეჭდი, რომლის მიხედვითაც მ. ბ-შვილის ხელმოწერას ადასტურებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, სოლიდარულ პასუხისმგებლობას კისრულობს ქ.თბილისის ...-ის კომბინატის დირექტორი ე. გ-შვილი.

ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტისა და საქართველოს მხატვართა კავშირის სამხატვრო ფონდის ქ. თბილისის ...-ის კომბინატს შორის 1996 წლის 1 სექტემბერს გაფორმდა სანარდო ხელშეკრულება თბილისში აღსამართი მონუმენტურ-სკულპტურული ძეგლის ...-ის საშემსრულებლო სამუშაოების ჩატარების შესახებ (საგამდიდებო-საყალიბე სამუშაოები, ძეგლის ჩამოსხმა, ძეგლის ადგილზე დაყენება), შემსრულებელს მზა მხატვრული ნაწარმოები უნდა ჩაებარებინა 1997 წლის 20 მაისისათვის, დამკვეთი ვალდებულებას კისრულობდა, შესრულებული სამუშაოს მიღებასა და ანაზღაურებაზე, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 345-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება განისაზღვრა 1989338 აშშ დოლარით ან შესაბამისი 2487297 ლარით.

1997 წლის 23 მარტს თბილისის ...-ის კომბინატსა და მოქანდაკე მ. ბ-შვილს შორის გაფორმდა საავტორო ხელშეკრულება, რომლითაც მ. ბ-შვილმა იკისრა ვალდებულება უშუალოდ შეესრულებინა და განეხორციელებინა მითითებული ძეგლის საავტორო ხელმძღვანედლბა, ტექნიკური ზედამხედველობა და საავტორო დამუშავება როგორც რბილ ისე მყარ მასალაში, რისთვისაც ...-ის კომბინატს მ. ბ.-ისათვის უნდა გადაეხადა თბილისის მერიასა და მ. ბ-შვილს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული საავტორო ჰონორარის 20% ანუ 400000 აშშ დოლარი.

მოსარჩელე მ. ბ-შვილმა და თბილისის ...-ის კომბინატმა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად და დროულად შეასრულეს და 1997 წლის 26 მაისს საზეიმოდ გაიხსნა ...-ის ძეგლი. ¹24/2 ხელშეკრულების საფუძველზე ქალაქის ბიუჯეტიდან 1996 წელს პირადად მ. ბ-შვილზე გაიცა 550 000 აშშ დოლარი, 1997 წელს – 500 000 აშშ დოლარი, 1998 წელს – 100 000 აშშ დოლარი, სულ დაქვითვის გარეშე გაიცა 1 150 000 აშშ დოლარი – 1 522 500 ლარი.

2001 წლის 9 აგვისტოს მოქანდაკე მ. ბ-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და მერიის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ და ¹26/2 ხელშეკრულების, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 153, 154, 165-ე, 166-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაუხდელი ჰონორარის 846 067 აშშ დოლარის ანაზღაურება, ასევე, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის თანახმად, ვადაგადაცილებულ 4 წელზე, მოითხოვა გადაუხდელი თანხის 3%-ის 101 528 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 53-ე მუხლით, მ.ბ.-ის მიერ გაწეული საადვოკატო ხარჯების 947 595 აშშ დოლარის 4%-ის 37 904 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, მაგრამ ქ. თბილისის მერიასა და მ. ბ-შვილს შორის ¹26/2 ხელშეკრულებაზე ...-ის კომბინატის დირექტორის მიერ შესრულებული მინაწერის, თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტსა და კომბინატს შორის დადებული ¹26/3 ხელშეკრულებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 178-ე და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოითხოვა მ. ბ-შვილისადმი ნაკისრი ვალდებულების თბილისის მერიის მხრივ შესრულებულად ცნობა და ...-ის კომბინატისათვის მერიის მხრიდან გადარიცხული 225 748 აშშ დოლარის ოდენობით ძირითადი ვადაგადიცილებული დავალიანების, შესაბამისად მისი პროცენტისა და ადვოკატის ხარჯების შემცირება იმ მოტივით, რომ ძეგლის სამუშაო მოდელიდან ნატურალურ ზომამდე (სიმაღლე 9მ.) საგამდიდებო სამუშაოები, რომლებიც ორივე გარიგებებით, ¹26/2 და ¹26/3 ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, შესრულებულია არა მოსარჩელე მ. ბ-შვილის, არამედ ქ. თბილისის ...-ის კომბინატის მიერ, მერიამაც კომბინატს აუნაზღაურა სამუშაოთა ღირებულება და ამიტომ კომბინატისათვის გადახდილი თანხა 225 748 აშშ დოლარი მ. ბ-შვილისათვისაც გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, თბილისის მერიას ¹26/2 ხელშეკრულების საფუძველზე, დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ გრანტის სახით 846 067 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის გადახდა, ასევე სამოქალაქო სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის თანახმად, ვადაგადაცილებული თანხის წლიური 3% - 101528 აშშ დოლარის ექვივალენტის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 53-ე მუხლით გათვალისწინებული ადვოკატის ხარჯების 37 904 აშშ დოლარის ეკვივალენტის, ასევე სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის ანაზღაურება. სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ მოტივს ემყარება:

1. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მ. ბ-შვილთან ერთად თბილისის ...-ის კომბინატის «შემსრულებლად» ცნობის შესახებ, რადგან ¹26/2 ხელშეკრულებაში მხარეებად მხოლოდ ქ.თბილისის მერია და მ. ბ-შვილია მითითებული, ...-ის კომბინატის დირექტორის მინაწერი ხელშეკრულებაზე გაკეთებულია მხარეთა მიერ ხელშეკრულების დამოწმების მერე და მხარეები პასუხს არ აგებენ კომბინატის დირექტორის მინაწერზე, რომელმაც საკუთარი ინიციატივით, ცალმხრივად იკისრა მერიის მიმართ პასუხისმგებლობა სამუშაოების შესრულებაზე. ამასთან, ხელშეკრულების საგანია მონუმენტურ სკულპტურული კომპოზიციის ძეგლის მაღალ იდეურ-მხატვრულ დონეზე შექმნა, რაც მხოლოდ მ. ბ-შვილს უნდა შეესრულებინა;.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მერიამ მ. ბ-შვილს ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე, გრანტის სახით აუნაზღაურა 1150 000 აშშ დოლარი, ხოლო მერიის მიერ თბილისის ...-ის კომბინატისათვის 225748 აშშ დოლარის გადარიცხვას საფუძვლად არ ედო ¹26/26 ხელშეკრულება და აქედან არც რაიმე თანხა მიუღია მ. ბ-შვილს. ამასთან, ¹26/2 ხელშეკრულების თანახმად, მ. ბ-შვილზე თანხების გაცემა გრანტის სახით ხდებოდა, დაქვითვის გარეშე, ხოლო ...-ის კომბინატისათვის ჩარიცხული 225748 აშშ დოლარი დაიბეგრა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ვინაიდან სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი ვადაგადაცილებული დავალიანების 846 067 აშშ დოლარის შემცირების შესახებ, მოპასუხის მოთხოვნა სასამართლომ, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის თანახმად, სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნას წლიური 3% _ 101 528 აშშ დოლარის, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადვოკატის ხარჯების 947 595 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის მოპასუხისათვის ქ. თბილისის მერიისათვის სრულად დაკისრების შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე თბილისის მერიამ და გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების შემცირება იმავე მოტივით მოითხოვა შემდეგი ოდენობით: გრანტის სახით გადასახდელი ძირითადი თანხა 225748 აშშ დოლარით, ვადაგადაცილების 3% _ 27092 აშშ დოლარით, ადვოკატის ხარჯების – 10114 აშშ დოლარით.

საახელდობრ, კასატორის აზრით, ...-ის კომბინატმა არათუ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ხელშეკრულების შესრულებაზე, არამედ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად განახორციელა კიდეც შესაბამისი ქმედებები. მართალია, მონუმენტურ სკულპტურული კომპოზიციის ...-ის ძეგლის მაღალ იდეურ დონეზე შექმნა იყო ¹26/2 ხელშეკრულების საგანი, რაც მ. ბ-შვილს უნდა შეესრულებინა, მაგრამ ხელშეკრულების 1.2.3. – 1.29 პუნქტებით გათვალისწინებული საგამდიდებლო სამუშაოები ...-ის კომბინატს უნდა განეხორციელებინა, რომელზეც მოქანდაკე მ. ბ-შვილი საავტორო ზედამხედველობას ახორციელებდა. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მტკიცებას, რომ ...-ის კომბინატისათვის სადავოდ გახდილი თანხის 225748 აშშ დოლარის გადარიცხვას საფუძვლად არ ედო ¹26/2 ხელშეკრულება და აღნიშნული თანხის დაბეგვრას, რაც გრანტის შემთხვევაში არ უნდა დდაბეგრილიყო, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან თუ თანხის დაბეგვრა არასწორად მოხდა, საკითხის განხილვა საგადასახადო ორგანოებთან უნდა მოხდეს და მერიის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება.

მოწინააღმდეგე მხარის მოქანდაკე მ. ბ-შვილის წარმომადგენლები საკასაციო საჩივარს არ ცნობენ, უსაფუძვლობის მოტივით ითხოვენ მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარს მოსარჩელე მ. ბ-შვილის სასარგებლოდ მოსარელეს დაკისრებულითანხების შემცირების და ქ.თბილისის ...-ის კმობინატისათვის, როგორც სოლიდარულად პასუხისმგებელი პირისათვის, გადარიცხული 225 748 აშშ დოლარით ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის – 846 067 აშშ დოლარის შემცირების თაობაზე. პალატა ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც კანონის მართებული გამოყენებითა და განარტებით, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თბილისის ...-ის კომბინატი არ მიიჩნია მ. ბ-შვილთან ერთად ¹26/2 ხელშეკრულების მხარედ სოლიდარულ მოვალედ.

სახელდობრ, მოქანდაკე მ. ბ-შვილის სარჩელის იურიდიული საფუძველია ქ.თბილისის მერიასთან 1996 წლის 26 ივნისს დადებული ხელშეკრულება ¹26/2 «თბილისში აღსამართი ...-ის მონუმენტურ-სკულპტურული ძეგლის შექმნაზე», რომელიც იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 153-ე, 154-ე, 156-ე მუხლების თანახმად, სამართლებრივად წარმოადგენს ურთიერთვალდებულების წარმოშობ ორმხრივ გარიგებას, რომლის კონტრაჰენტები არიან ერთი მხრივ – მოქანდაკე მ. ბ-შვილი, როგორც «დამკვეთი» ¹26/2 ხელშეკრულების 1.1 პუნქტს მიხედვით, «დამკვეთი» Qქ. თბილისის მერია ავალებდა, ხოლო «შემსრულებელი» მ. ბ-შვილი ვალდებულებას იღებდა მაღალ იდეურ-მხატვრულ დონეზე შეექმნა მონუმენტურ სკულპტურული კომპოზიცია ...-ის ძეგლი, ხოლო მერია, ხელშეკრულების 2.1, 2.6. 3.3. 4.1 პუნქტის თანახმად ვალდებულებას კისრულებოდა მიეღო შესრულებული სამუშაო და გრანტის სახით «შემსრულებლისათვის» გადაუხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 2000000 აშშ დოლარი ან 2500000 ლარი.

მნიშვნელოვანია ¹26/2 ხელშეკრულების 4.1 პუნქტი - «განსაკუთრებული პირობები», რომელიც ნათლად მიუთითებს, რომ: «წინამდებარე ხელშეკრულებით პუნქტი 1.2.-ით გათვალისწინებული სამუშაოები «შემსრულებლის» მიერ მთლიანად დამთავრებულია 1996 წლის 10 თებერვლისათვის, მიღებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მომუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭოს მიერ 1996 წლის 31 იანვარს (ოქმი ¹2) და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საუშაოს ღირებულება 2000000 აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი 2500 000 ლარი კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით ექვემდებარება შემსრულებლისათვის მთლიანად გადახდას.

საკასაცი პალატის აზრით, საოლქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ¹26/2 ორმხრივ ხელშეკრულებას და მართებულად მიიჩნია, რომ ამ გარიგების მხარეები არიან «დამკვეთი» _ ქ.თბილისის მერია და «შემსრულებელი» _ მ. ბ-შვილი, ხოლო ქ.თბილისის ...-ის კომბინატი ამ ხელშეკრულების კონტრაჰენტს არ წარმოადგენს და ხელშეკრულებაზე მისი დირექტოლრის მინაწერი წარმოადგენს და ხელშეკრულებაზე მისი დირექტორის მინაწერი (რომელიც ადასტურებს მ. ბ-შვილის ხელმოწერის ნამდვილობას და საკუთარი ინიციატივით, ცალმხრივად იღებს სოლიდარულად ვალდებულებას სამუშაოს შესრულებაზე) კომბინატს ხელშეკრულების მხარედ და სოლიდარულად პასუხისმგებელ პირად ვერ გადააქცევს, ვინაიდან:

ა) იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 178-ე მუხლი არ ითვალისწინებდა ხელშეკრულებაზე მხარის ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების გზით, ამ ვალდებულების შესრულებაზე სხვა (მესამე პირის) სოლიდარული პასუხისმგებლობის წარმოშობას;

ბ) ¹26/2 ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საგანია მონუმენტურ-სკულპტურული კომპოზიციის ...-ის ძეგლის მაღალ მხატვრულ დონეზე შექმნა, რაც მხოლოდ მოქანდაკე მ. ბ-შვილს უნდა შეესრულებინა და ...-ის კომბინატი მის შესრულებაზე სოლიდარულ პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა, რადგან ავტორის მიერ სამუშაოს პირადად შესრულების მოვალეობის დარღვევა სამართლებრივად წარმოადგენდა თავად ხელშეკრულების დარღვევას, რაც სამოქალაქო სამართლის კოდექსის 527-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ ავტორის პასუხისმგებლობას იწვევდა;

გ) ხელშეკრულების 4.1. მუხლის თანახმად 1.2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების დადებამდე უკვე შესრულებული, და სამხატვრო საექსპერტო საბჭოს მიერ მიღებულიც იყო, სამუშაოს ღირებულება 2000000 აშშ დოლარი ექვემდებარებოდა მთლიან ანაზღაურებას და უკვე დასრულებული სამუშაოს შესრულებაზე სოლიდარულ პასუხისმგებლობას, ბუნებრივია, ...-ის კომბინატი ვერ აიღებდა.

ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ თბილისის ...-ის კომბინატი ¹26/2 ხელშეკრულების არც კონტრაპენტს წარმოადგენს და არც სოლიდარულად პასუხისმგებელ პირს, ამიტომ მისთივს ქ. თბილისის მერიიდან გადარიცხული 225 748 აშშ დოლარი არ შეიძლება ჩაითვალოს მ. ბ-შვილის ჰონორარის 2000000 აშშ დოლარის ანაზღაურებად და არც სასარჩელო თანხა 846067 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ 225748 აშშ დოლარის თბილისის ...-ის კომბინატისათვის ჩარიცხვას საფუძვლად ედო არა ¹26/2 ხელშეკრულება, არამედ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტსა და თბილისის ...-ის კომბინატს შორის 1996 წლის 1 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება ¹26/3, რომელიც სამართლებრივად დამოუკიდებელ გარიგებას წარმოადგენს, მისი მონაწილე მხარე არ ყოფილა მოქანდაკე მ. ბ-შვილი, ამ ხელშეკრულებას არ გაუქმებია და არც ცვლილებები შეუტანია (ვერც შეიტანდა) მ. ბ-შვილისა და თბილისის მერიას შორის მანამდე დადებულ ¹26/2 ხელშეკრულებაში, ამიტომ საკასაციო საჩივარი ძირითადი სასარჩელო თანხის 846067 აშშ დოლარის 225948 აშშ დოლარით შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი, არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქ. თბილისის მერიას მ. ბ-შვილის სასარგებლოდ სრულად უნდა დაეკისროს 846067 აშშ დოლარის გადახდა, თანახმად სამოქალაქო სამართლის 165-ე მუხლისა და ¹26/2 ხელშეკრულების 4.1 პუნქტისა. შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს მოვალე თბილისის მერიის მიერ ფულადი ვალდებულებების შესრულების გადაცილებისათვის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 225-ე მუხლითა და ხელშეკრულების 5.1 პუნქტით გათვალისწინებული საურავის (წლიური 3%) 101 528 აშშ დოლარისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ადვოკატის ხარჯების _ 37904 აშშ დოლარის შემცირების თაობაზე კასატორის მოთხოვნაც.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებითა და განცხადებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცაფ საქმის გარემოებებს და გადაწყძვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

3. თბილისის მერის საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის გადახდა.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.