Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-4-კს-01 22 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოქალაქეთა მოწმედ დაკითხვაზე უარის თქმა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 3 აპრილს სს «ზ. ფ. ქ.» სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და ზესტაფონის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 1999 წლის 24 ნოემბრის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნული აქტით შპს «ს.» ... მდებარე 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა. მოსარჩელემ საჯარო რეესტრში მითითებული აქტის თანახმად სადავო მიწის საკუთრების თაობაზე განხორციელებული ჩანაწერის უზუსტოდ ცნობა და ზესტაფონის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსათვის აღნიშნულ ჩანაწერში ცვლილებების შეტანის დავალება მოითხოვა. სს «ზ. ფ. ქ.» წარმომადგენელმა სარჩელში მითუთია, რომ სადავო 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი 1956 წლიდან მოსარჩელეს სახელმწიფოსაგან მუდმივ სარგებლობაში ჰქონდა გამოყოფილი და «ზ. ფ. ქ.» სადავო მიწის ნაკვეთის შპს «ს.» სარგებლობის უფლებით გადაცემასა და ამ უკანასკნელისათვის შემდგომში სადავო ნაკვეთის მიყიდვაზე თანხმობა არ განუცხადებია. მოსარჩელემ აქვე დაამატა, რომ შპს «ს.» სადავო 0,5 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობდა უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მისთვის სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემით «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნები იქნა დარღვეული.

მოპასუხე ზესტაფონის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ და თანამოპასუხე შპს «ს.» სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელეს სადავო 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით არასოდეს ჰქონია გადაცემული, მაშინ, როცა 1996 წლის 3 სექტემბერს მცირე საწარმო «ს.» მუდმივ სარგებლობაში დაუმტკიცდა ბაზრობისათვის გამოყოფილი 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლისთვისაც მოპასუხე კანონით განსაზღვრულ გადასახადსაც იხდიდა. ამდენად, მოპასუხეთა თქმით, მოსარჩელე სს «ზ. ფ. ქ.» მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

2001 წლის 22 აგვისტოს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სს «ზ. ფ. ქ.» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელე სს «ზ. ფ. ქ.» ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო წესით გაასაჩივრა და შუამდგომლობით პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ მოთხოვნასთან ერთად მოწმის სახით შპს «ა.» დირექტორ მ. ნ-ძისა და პარტნიორ ო. ნ-შვილის დაკითხვა მოითხოვა. აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მოქ. ო. ნ-შვილმაც მიმართა, რომელმაც განმარტა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ზესტაფონის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ წარმოდგენილი საბუთი იმის თაობაზე, რომ თითქოს 1994 წლის 28 მარტს შპს «ა.» შპს «ს.» ე.წ. «ურთიერთხელშკრულების აქტის» საფუძველზე ღია ბაზრობის ობიექტის ტერიტორია გადასცა, რომელიც დავის პერიოდში მოსარჩელის მიერ მითითებულ 0,5 ჰა ფართობის ტერიტორიას წარმოადგენდა. განმცხადებლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულ აქტზე შპს «ა.» დირექტორის სახელით თვითონაა მითითებული, იგი ე.წ. «ურთიერთხელშეკრულების აქტს» საერთოდ არ იცნობდა, იგი წარმოადგენდა შპს «ა.» დამფუძნებელსა და არა დირექტორს და აღნიშნულ აქტზე ხელი მას არ მოუწერია. ამასთან, განმცხადებელი დაამატებს, რომ შპს «ა.» დირექტორი იმ დროისათვის მ. ნ-ძე იყო და, ამდენად, მოწმის სახით განმცხადებელთან ერთად მოქ. ნ-ძეც უნდა ყოფილიყო დაკითხული.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 16 ნოემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სააპელაციო საჩივარი და სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სახით დასაკითხად გამოძახებულ იქნენ შპს «ა.» დირექტორი ნ-ძე და პარტნიორი ნ-შვილი.

საოლქო სასამართლოს ზემოთმითითებული განჩინება შპს «ს.» დირექტორმა ც. მ-ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და ნ-შვილისა და ნ-ძის, როგორც დაინტერესებული მხარეების მოწმედ დაკითხვაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2001 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შპს «ს.» დირექტორის კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა. საოლქო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივარი შეიტანებოდა მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოწმედ გამოძახების თაობაზე გამოტანილი განჩინება კი კერძო საჩივარით დამოუკიდებლად გასაჩივრებას არ ითვალისწინებდა და იგი მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებას ექვემდებარებოდა. ამასთან, საოლქო სასამართლო არ დაეთანხმა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოწმედ გამოძახება უკანონოდ იქნა განხორციელებული და მიუთითა, რომ სსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს მიიღოს ახალი მტკიცებულებები, შეამოწმოს და გამოიკვლიოს ისინი, ასევე მოწმის სახით მოიწვიოს და დაკითხოს ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძლება რაიმე იცოდეს საქმის გარემოებების თობაზე. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმის სახით მოქ. ნ-შვილისა და ნ-ძის გამოძახება კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა განხორციელებული, კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და წარმოდგენილი საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს «ს.» დირექტორის ც. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 16 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, მითუთითა რა, რომ შპს «ს.» დირექტორის მიერ გასაჩივრებული განჩინებით გადაწყვეტილი და განხილული საკითხები კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. სსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. საოლქო სასამართლომ კი 2001 წლის 16 ნოემბრის განჩინებით განიხილა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების, მთავარი სხდომის დანიშვნისა და დაინტერესებულ პირთა მოწმედ გამოძახების საკითხები, რომლებიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება და მითითებული საპროცესო მოქმედებების გასაჩივრება არა განცალკევებით, არამედ მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად დაიშვება.

საკასაციო სასამართლო აქვე დაამატებს, რომ სსკ-ის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება გამოძახებულ იქნეს ყოველი პირი, რომლისთვისაც შეიძლება ცნობილი იყოს რაიმე გარემოება საქმის შესახებ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოწმედ გამოძახებული ნ-შვილი და ნ-ძე დაინტერესებული პირები არიან, მათ მიერ მიცემული ჩვენება არ იქნება მიუკერძოებელი და ამიტომ ისინი არ უნდა მოეწვია სასამართლოს, უსაფუძვლოა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ნებისმიერი პირის მოწმედ დაკითხვის შესაძლებლობას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ამავე კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება დაკითხული იყვნენ მოწმედ და მიუთითებს, რომ აღნიშნული მუხლის მოთხოვნები წარმოდგენილ შემთხვევას არ მოიცავს. აქვე ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მოწმეთა გამოძახებისა და მათ მიერ ჩვენების მიცემის საკითხებზე გამოტანილი განჩინებების კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ითვალისწინებს. ამდენად, საოლქო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი ც. მ-ძეს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე მიუთითა რა, რომ სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვისას სარგებლობს ყველა იმ საპროცესო მექანიზმებით, რაც მტკიცებულებათა შეგროვებისა და გამოკვლევისათვის არის საჭირო და დაინტერესებული პირების მოწმედ გამოძახებაც საოლქო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა განხორციელებული.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას საოლქო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლი, რადგან სხდომას არ ესწრებოდა სხდომის მდივანი. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ 2001 წლის 16 ნოემბრის განჩინება მიღებულ იქნა ზეპირი განხილვის გარეშე, სხდომის მდივნის დაუსწრებლად და წარმოდგენილი საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სხდომის მდივნის დასწრება სავალდებულო არ იყო. ამასთან, გასაჩივრებული განჩინებით განხილულ საკითხებზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება, სწორედ ამან გამოიწვია ის გარემოება, რომ 2001 წლის 16 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ ითვალისწინებდა მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას; ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საოლქო სასამართლოს 2001 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შპს «ს.» დირექტორს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე მართებულად ეთქვა უარი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «ს. « დირექტორის ც. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 16 ნოემბრის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ს.» დირექტორის ც. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 16 ნოემბრისა და 26 დეკემბრის განჩინებები.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.