¹ 3გ/ად-5-02 16 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მსაჯულები: შ. მამფორია,
გ. ოგანოვი
დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 13 მაისის ¹46/2002 განკარგულება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკურმა გაერთიანება «დ.-მ» პარტიული სია რეგისტრაციისათვის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცსკოს) წარუდგინა. საქართველოს ცსკოს 13.05.02წ. ¹46/2002 განკარგულებით პარტიული სია არ იქნა რეგისტრირებული, რის გამოც პარტიის თავმჯდომარე რ. ლ-იანმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. მოსარჩელე საქართველოს ცსკოს 13.05.02წ. ¹46/2002 განკარგულების ბათილად ცნობასა და პარტიული სიის რეგისტრაციას მოითხოვს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა განცხადების და საქმის მასალების გაცნობის, განცხადების დასაშვებობისა და განსახილველად წარმოებაში მიღების საკითხის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება საოლქო სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ.თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს არჩევნები ტარდება მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე (კოდექსის 109.2 მუხ). პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე თბილისის საკრებულოს არჩევნებისას საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ასრულებს. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები წარადგენენ (118.1 მუხ). პარტიული სიის რეგისტრაციით ხდება პარტიული სიით წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია. დავის განხილვის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 23-ე ნაწილი, იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ «ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ცენტრალური ან საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო სასამართლოში, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. იგი 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება».
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავა ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა დაა საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯად საქმეს წარმოადგენს.
ამდენად, განცხადება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 23-ე ნაწილით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 115-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 11-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-296-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პოლიტიკური გაერთიანება «დ.-ის» თავმჯდომარის რ. ლ-იანის განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
2. განსჯადობით საქმის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიისათვის განცხადების გადაგზავნის შესახებ ეცნობოს მოსარჩელეს.