3გ/ად-5-კ-02 3 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: საჯარიმო თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე შპს «მ.-ის» მიმართ. საქმეში მესამე პირად მითითებულ იქნა სს «რ.-ი».
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ სს «რ.-ის» აქციათა საკონტროლო პაკეტის 51%-ის მართვის უფლებით გადაცემის მიზნით 1998 წლის 9 იანვარს ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს «მ.-ი». კონკურსის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საწარმოს რეკონსტრუქცია-გადაიარაღების მიზნით ინვესტიციების განხორციელება.
მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლის 15 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «მ.-ს» შორის გაფორმდა ხელშეკრულება სს «რ.-ის» სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა საკონტროლო პაკეტის 51%-ის 5 წლის ვადით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე.
აღნიშნული ხელშეკრულებით შპს «მ.-მ» იკისრა შემდეგი ვალდებულებები:
1. ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში 2 მილიონი აშშ დოლარი უნდა ჩაერიცხა სს «რ.-ის» ანგარიშზე.
2. 1999 წლის 1 მაისამდე ფოლადსადნობი საამქროს რეკონსტრუქცია, რაც თავის მხრივ ითვალისწინებდა მარტენის სამი ღუმლის დემონტაჟს და მათ ადგილას 50 ტონის სიმძლავრის ელექტრორკალური ფოლადსადნობი ღუმლისა და ფოლადის ღუმელგარეშე დამუშავების დანადგარის, «ღუმელ-ციცხვის», შეძენას, აგრეთვე, მის დამონტაჟებას.
3. 1998 წლის ბოლომდე ქიმიური წყალმომზადებისა და მიწოდების ბლოკის მოდერნიზაცია.
4. 1998-2000 წლების განმავლობაში მილსაგლინავი საამქროს გადაიარაღება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად.
5. 1998-1999 წლების განმავლობაში თბოელექტროცენტრალის ექსპლუატაციაში გაშვება.
6. 1998 წლის ბოლომდე გლინულა მავთულის წარმოების დაწყება.
7. საწარმოს ვალების დაფარვისა და მისგან გამომდინარე პროცესების დარეგულირების უზრუნველყოფა.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ შპს «მ.-მა» ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა მათ მიერ გაწეული ხარჯების არასაკმარისი ოდენობისა და არაეფექტურობის გამო, რამაც გამოიწვია სს «რ.-ზე» რიცხული დავალიანებების გაზრდა. ვინაიდან კომბინატს წარმოების ასამუშავებლად არ გააჩნდა შიდა რეზერვები, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მდგომარეობა კი არ იძლეოდა ამ მიზნით საწარმოსათვის გარკვეული თანხების გამოყოფის საშუალებას, გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის ¹187 განკარგულება, რომელიც ითვალისწინებდა სს «რ.-ის» რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო საწარმოს ქონების ნაწილის გადასვლა ინვესტორთა საკუთრებაში, განხორციელებული ინვესტიციების გათვალისწინებით, იმ პირობით, რომ შესრულდებოდა შეთანხმებული პროგრამა.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულების მიუხედავად, შპს «მ.-ი» არ ასრულებდა სატენდერო პირობებს. სამინისტრომ რამდენჯერმე წერილობით მიმართა მოპასუხეს იმის შესახებ, რომ არ არსებობდა ხელშეკრულების 8.2 და 8.4 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებები, რომელთა გამოც შესაძლებელი იყო ხელშეკრულების საპატიოდ ჩათვლა და სამინისტრო სულ მალე მიიღებდა გადაწყვეტილებას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ წერილობით მიმართა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, აგრეთვე, სახელმწიფო კანცელარიას, რომელთაც აცნობა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «მ.-ს» შორის 1998 წლის 15 ივნისს დადებული ხელშეკრულების გაუქმება მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის ¹187 განკარგულების შესაბამისად.
აღნიშნულის შესრულების მიზნით გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 12 იანვრის ¹22 განკარგულება «რ.-ის რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის ¹187 განკარგულების გაუქმების თაობაზე».
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა, რომ ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად შპს «მ.-ს» დაკისრებოდა საწარმოში განუხორციელებლი ინვესტიციების (ურთიერთშედარების აქტის თანახმად 35793000 აშშ დოლარი) 5%-ის _ 1789650 აშშ დოლარის _ საჯარიმო თანხის გადახდა.
მოპასუხე შპს «მ.-მა» სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, კონკურსში გამარჯვების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების დადება ჭიანურდებოდა», სს «რ.-ში» განახორციელა 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია. ხელშეკრულება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა კონკურსის შედეგების დამტკიცებიდან 5 თვის შემდეგ _ 1999 წლის 15 ივნისს.
მოპასუხე აღნიშნავდა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგაც აგრძელებდა ინვესტიციების განხორციელებასა და საკონკურსო ვალდებულებების შესრულებას. თუმცა სს «რ.-ში» შექმნილმა ურთულესმა ვითარებამ შეუძლებელი გახადა შპს «მ.-ის» მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად განხორციელება, რის გამოც ხელშეკრულების გაფორმებიდან მეშვიდე თვეს _ 1998 წლის 2 თებერვალს _ მოპასუხემ მოამზადა ვრცელი ანგარიში, რომელიც წარუდგინა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს. ანგარიშში აღნიშნული იყო ის ხელისშემშლელი გარემოებები, რის გამოც ვერ სრულდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაუმართლებელი იყო ხელშეკრულების გაგრძელება. იმ დროისათვის მოპასუხეს სს «რ.-ში» უკვე განხორციელებული ჰქონდა 20 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია.
მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულების გაგრძელების ხელისშემშლელ გარემოებებს განეკუთვნებოდა სს «რ.-ის» კრედიტორული დავალიანებები, რომლის თაობაზეც მოპასუხეს სრული ინფორმაცია არ მიეწოდა კონკურსში მონაწილეობის პროცესში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომბინატის მიერ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი დავალიანებების გასტუმრებას ხმარდებოდა და შეუძლებელი იყო ამონაგები თანხის რეინვესტირება საწარმოში.
მოპასუხე აღნიშნავდა, რომ მან მიიღო დროული გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოშლის თაობაზე იმ პირობით, რომ მის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით სს «რ.-ის» ქონება გადასულიყო ახალი ინვესტორის საკუთრებაში, რომელიც თავის თავზე აიღებდა საინვესტიციო პროგრამის განხორციელებას. ამ მიზნით მოპასუხემ კონტაქტი დაამყარა გერმანულ კომპანია «კ.-თან», რომელმაც მზადყოფნა გამოხატა, განეხორციელებინა განახლებული საინვესტიციო პროგრამა. ამასთან დაკავშირებით, მომავალი ინვესტორის მონაწილეობით გაიმართა შეხვედრები და კონსულტაციები საქართველოს სხვადასხვა სამინისტროში. საქართველოს მთავრობის მოთხოვნით კი, კომპანია «კ.-ის» ფინანსური მზადყოფნის დასადასტურებლად საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გადაეცა შვეიცარულ ბანკ «ბ.-ის» წერილი.
აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საქარვთელოს პრეზიდენტმა 1999 წლის 20 თებერვლის ¹126 განკარგულებით შექმნა სპეციალური კომისია სამთავრობო სტრუქტურების მონაწილეობით, რათა მომზადებულიყო დასკვნა ხელშეკრულების მოსაშლელად და ახალი საინვესტიციო ინიციატივის მოსამზადებლად. კომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა 1999 წლის 16 მარტს გამოსცა ¹187 განკარგულება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს «მ.-ის» მოთხოვნა. კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, მრეწველობის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივად:
1) ერთ თვეში უნდა უზრუნველეყოთ რ.-ის რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია, რათა შესაძლებელი ყოფილიყო საწარმოს ქონების ნაწილის ახალ ინვესტორთა საკუთრებაში გადასვლა უკვე განხორციელებული ინვესტიციების გათვალისწინებით იმ პირობით, რომ შესრულდებოდა თანდართული შეთანხმებული პროგრამა.
2) რესტრუქტურიზაციის პროცესის დამთავრების შემდეგ მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით უნდა უზრუნველეყოთ შპს «მ.-სა» და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის დადებულ აქციათა მართვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა.
3) უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება ახალ ინვესტორთა ჯგუფისათვის სს «რ.-ის» ქონების ნაწილის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რის ნაცვლად ინვესტორს უნდა განეხორციელებინა საინვესტიციო პროგრამა, რომლის ძირითადი პირობები განისაზღვრებოდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის ¹187 განკარგულებით.
მოპასუხის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუმართებელი იყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს პოზიცია, კერძოდ, მას შემდეგ, რაც გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის ¹187 განკარგულება, მოსარჩელისათვის უცნობი არ იყო, რომ მოპასუხემ ფაქტობრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და კომბინატში ინვესტიციების განხორციელება. მოპასუხე აღნიშნავდა, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულება და დათქმულ ვადაში არ გააფორმა ხელშეკრულება ახალ ინვესტორთან, რომელიც მზად იყო შეესრულებინა საინვესტიციო პროგრამა. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს უსაფუძვლოდ მიაჩნდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საჯარიმო თანხის დაკისრების თაობაზე.
მესამე პირმა სს «რ.-მ» აღნიშნა, რომ მოპასუხე ცდილობდა პირველ ექვს თვეში შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ ობიექტურმა მიზეზებმა მას არ მისცა შესაძლებლობა, სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რასაც ხელი შეუწყო საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის ¹187 განკარგულებამაც.
2001 წლის 20 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ განიხილა აღნიშნული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება სარჩელის არდაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «გ» პუნქტებისა და 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად საკასაციო საჩივარში ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა, მესამე პირის განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სს «რ.-ის» აქციების საკონტროლო პაკეტის (51%) მართვის უფლებით 10 წლის ვადით გადაცემის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 ნოემბრის ¹586 განკარგულებით შქმნილი კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობების თანახმად სს «რ.-ის» ტექნიკური გადაიარაღებისა და რეაბილიტაციისათვის 5 წლის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო არანაკლებ 50 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიცია, მათ შორის, პირველი წლის განმავლობაში _ არანაკლებ 24 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. აქედან 4 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გადაუდებელი ფინანსური დახმარების მიზნით კომბინატის ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო საკონკურსო განაცხადის წარდგენისას, ხოლო 2 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი _ ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის განმავლობაში.
საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს მხარეთა და მესამე პირის ახსნა-განმარტებიდან გაირკვა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან, ანუ 1998 წლის 15 ივნისიდან, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის ¹187 განკარგულების გამოცემამდე, ანუ 9 თვის განმავლობაში, კონკურსის პირობების მოთხოვნა, ერთი წლის განმავლობაში საწარმოში 24 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტირების შესახებ, სრულდებოდა, რადგანაც მესამე პირისა და თავად მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ საწარმოში განახორციელა დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ ვინაიდან 1999 წლის 16 მარტიდან ერთ თვეში უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი «რ.-ის» რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია, რათა შესაძლებელი ყოფილიყო საწარმოს ქონების ნაწილის გადასვლა ახალ ინვესტორთა საკუთრებაში, განხორციელებული ინვესტიციების გათვალისწინებით და იმ პირობით, რომ შესრულდებოდა შეთანხმებული საინვესტიციო პროგრამა, ხოლო რუსტრუქტურიზაციის დამთავრების შემდეგ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებულ აქციათა მართვის შესახებ ხელშეკრულება უნდა შეწყვეტილიყო მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, ამდენად, შპს «მ.-ი», ბუნებრივია, რომ შეგნებულად და გაცნობიერებულად აღარ ახორციელებდა ახალი ინვესტიციების დაბანდებას სს «რ.-ში».
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ შეთავაზებულმა ინვესტორმა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის ¹187 განკარგულებით დათქმულ ვადაში არ დაიწყო ინვესტიციების განხორციელება საწარმოში და არ შეასრულა განკარგულების მოთხოვნები. სასამართლო კოლეგიამ სწორად ჩათვალა დადგენილად ის ფაქტი, რომ ახალი ინვესტორი მზად იყო, დაეწყო ინვესტიციების განხორციელება საწარმოში, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სთხოვდა ¹187 განკარგულების თანახმად შეეწყვიტა ხელშეკრულება შპს «მ.-თან» და დაეჩქარებინა კომბინატის ქონების ნაწილის ახალი ინვესტორის, კომპანია «კ.-ის», საკუთრებაში გადასვლა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს «მ.-ს» საკონკურსო პირობები უხეშად არ დაურღვევია და ამიტომ ვალდებულიც არ არის, 1998 წლის 15 ივნისის ხელშეკრულების 9.2.1 პუნქტის თანახმად გადაიხადოს განუხორციელებელი ინვესტიციების მინიმალური ჯამური მოცულობის 5%. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხემ პირველი 9 თვის განმავლობაში კომბინატში განახორციელა 20 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია (კონკურსის პირობებით პირველ წელს უნდა განხორციელებულიყო 24 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია), ხოლო შემდგომ ობიექტური მიზეზების, კერძოდ, მის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, თავის მაგივრად ახალი ინვესტორი შესთავაზა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრს, რაც მისაღებად ჩაითვალა და ამის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა 1999 წლის 16 მარტს გამოსცა ¹187 განკარგულება და თუ ამ განკარგულების მოთხოვნები არ შესრულდა, ამაში შპს «მ.-ს» ბრალი არ მიუძღვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 417-ე მუხლებზე მითითებით სარჩელის დაკმაყოფილების არავითარი საფუძველი არ არსებობდა.
სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება იურიდიულად სრულყოფილად დაასაბუთა, ამიტომ საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის განმარტება, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.