Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*

¹ 3გ/ად-5-კს-02 13 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ქ. თბილისში ... მდებარე მშენებარე სახლის დაყადაღება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 16 თებერვალს ს. გ-შვილმა სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის 1990 წლის 10 იანვრის ¹1.23.23 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მის აწ გარდაცვლილ მეუღლეს ქ. კ-ძეს ნებართვა მიეცა თბილისში, ... მდებარე ერთოთახიანი, 29,3 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი ბინის პირად მფლობელობაში შესყიდვაზე. მოსარჩელე დავის განხილვამდე სარჩელის უზრუნველყოფის სახით ასევე ითხოვდა სადავო ფართზე ყადაღის დადებას, რაც დაკმაყოფილდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 თებერვლის განჩინებით, ამაგრამ ამავე სასამართლოს 2001 წლის 29 ივნისის განჩინებით გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფა მესამე პირის – გ.გ-შვილის კერძო საჩივრის საფუძველზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს. გ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად, უზრუნველყოფის სახით მოითხოვა თბილისში, ... მდებარე სადავო ბინისა და მიწის ნაკვეთის დაყადაღება, ხოლო 2001 წლის 20 დეკემბრის დამატებითი მიმართვით ს. გ-შვილმა მოითხოვა ... მშენებარე სახლზე ყადაღის დადება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ს. გ-შვილის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით. სახელდობრ:

1. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება არ შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მოთხოვნებს, რადგან არ შეიცავდა იმ გარემოებებზე მითითებას, რომელთა გამოც უზრუნველყოფის გამოუყენებლობა გააძნელება ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას;

2. განმცხადებლის მოთხოვნა ქონების დაყადაღებაზე მიმართულია არა მოპასუხე ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის, არამედ სხვა პირთა ქონებაზე, რითაც უგულვებელყოფილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლით გათვალისწინებული პრინციპი – მოპასუხის იმ ქონების დაყადაღება, რომელიც მასთან ან სხვა პირთან იმყოფება.

თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე ს. გ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მის გაუქმებას ითხოვს იმ მოტივით რომ, მართალია, მოპასუხე ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა არ არის დასაყადაღებელი ქონების (მშენებარე კორპუსის) მესაკუთრე, მაგრამ თუ არ შეჩერდა სადავო ფართზე მდებარე კორპუსის მშენებლობა, მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება.

თბილისის საოლქო სასამართლომ 2002 წლის 8 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ს. გ-შვილი ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სარჩელით მიმართვისას მოითხოვდა ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის 1990 წლის 10 იანვრის ¹1.23.23 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სადაც მოპასუხედ მიუთითებდა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას. სადავო ადმინისტრაციულ აქტს, სასამართლოს აზრით, კავშირი არა აქვს თბილისში, ... მშენებარე კორპუსთან და ¹1.23.23 გადაწყვეტილება თავისი შინაარსით არ მოიცავს კერძო საჩივარში მითითებულ «სადავო ფართს";

2. სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა მიმართული არ არის მოპასუხის ქონებაზე, რასაც კერძო საჩივრის ავტორიც ვერ უარყოფს და რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა" პუნქტის მოთხოვნას. ამასთან, კოლეგია მიუთითებს, რომ ს. გ-შვილს სარჩელის უზრუნველყოფის სხვადასხვა ღონისძიებებზე აქვს მითითებული. კერძოდ, თავდაპირველად ითხოვდა მშენებარე სახლზე ყადაღის დადებას, ხოლო შემდეგ მშენებლობის შეჩერებას, რაც პროცესუალურად სარჩელის უზრუნველყოფის სხვადასხვა ღონისძიებას წარმოადგენს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიჩნევს, რომ ს. გ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 დეკემბრისა და 2002 წლის 8 იანვრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ს. გ-შვილის სარჩელის მიხედვით, დავის საგანია ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის _ ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის 1990 წლის 10 იანვრის ¹1.23.23 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელის აწ გარდაცვლილ მეუღლეს ქ. კ-ძეს ნებართვა მიეცა თბილისში, ... მდებარე ერთოთახიანი, 29,3 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი ბინის პირად მფლობელობაში შესყიდვაზე და ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სადაოდ არ გამხდარა ქ. თბილისში, ... მდებარე მიწის ფართი ან იქ მშენებარე სახლი. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ს. გ-შვილის სარჩელი სამართლებრივად არანაირ კავშირშია კერძო საჩივრის მოთხოვნასთან სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ – მიწის ფართობის ან მშენებარე სახლის დაყადაღებასთან და ამიტომ, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

2. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, ს. გ-შვილი მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობა – თბილისში, ... მდებარე მიწის ფართობისა და მშენებარე კორპუსის დაყადაღებაზე ან მშენებლობის შეჩერებაზე უარი გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის მისი სასარგებლო გადაწყვეტილების აღსრულებას, მაგრამ საკასაციო პალატა ამ მოტივს ვერ გაითვალისწინებს ზემოაღნიშნული საფუძვლის გამო, ამასთან პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ თბილისის საოლქო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2000 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებასა და 2001 წლის 4 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც ს. გ-შვილს უარი ეთქვა 130 კვ.მ ფართის გამოყოფაზე ქ. თბილისში, ... მდებარე იმ მიწის ნაკვეთიდან, რომლის დაყადაღებასაც ითხოვს ს. გ-შვილი და სადაც მდებარეობს მშენებარე კორპუსი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო აქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ხოლო 266-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, აღარ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე მოთხოვნები იმავე საფუძვლებით, ან სადავო გახადონ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი;

3. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტს, რომლითაც ს. გ-შვლის კერძო საჩივარს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა" პუნქტზე მითითებით, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება, კერძოდ, ყადაღის დადება არა მოპასუხის, არამედ სხვა პირების ქონებაზე, პროცესუალურად დაუშვებელია და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით უზრუნველყოფილი საკუთრების უფლების უსაფუძვლო ხელყოფას (შეზღუდვას) წარმოადგენს.

ამრიგად, საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 21 დეკემბრისა და 2002 წლის 8 იანვრის განჩინებებს სარჩელის უზრუნველყოფასა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და უცვლელად უნდა დარჩეს, რადგან სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა საპროცესო სამართლის ნორმები, ხოლო ს. გ-შვილის კერძო საჩივარს დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. გ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 დეკემბრისა და 2002 წლის 8 იანვრის განჩინებები.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2001, #4, samoq., gv. 333-335.