გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-6-კ-02 28 ივნისი, 2002 წ., ქ .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილებამ 01.03.01წ. სარჩელი აღძრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე სს «თ-ის» მიმართ, რომელშიც მიუთითებდა, რომ 11.09.2000წ. ¹5 ხელშეკრულებით, ტექნიკური საშუალებით, კერძოდ, საგანგაშო ღილაკის მეშვეობით 2001წ. 1 თებერვლამდე ახორციელებდა სს «თ-ის» დაცვას.
კრიმინოგენური ვითარების გართულებასთან დაკავშირებით, საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 02.10.2000წ. დირექტიული მითითების შესაბამისად, სს «თ-ს» გაეგზავნა შესაბამისი წერილი იმის თაობაზე, რომ ტექნიკურად გაემაგრებინათ ფულადი სახსრების შესანახი სალაროები. სს «თ-ის» დირექციამ 17.01.01წ. წერილობით აცნობა კონტრაჰენტს, რომ იგი პრაქტიკულად ვერ შეასრულებდა რეკომენდაციებს და წყვეტდა მათთან ხელშეკრულებას. 02.02.01წ. სს «თ-ის» დირექციამ განმეორებით აცნობა მხარეს ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. დაცვის პოლიციის მიერ, ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მხარის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის გამო, სს «თ-ს» მიეცა, წინადადება აენაზღაურებინა 2001წ. 1 თებერვლიდან 2001წ. 11 სექტემბრამდე დაცვის სრული ღირებულება, რაც აღნიშნული პერიოდისათვის შეადგენდა 1728 ლარს. სს «თ-მა» უარი განაცხადა თანხის გადახდაზე, რის გამოც დაცვის პოლიციამ მიმართა სასარჩელო განცხადებით სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა 1728 ლარის მის სასარგებლოდ გადახდა.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 05.04.01წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაცვის პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს «თ-ს» გადასახდელად დაეკისრა 1728 ლარი. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის სარეკომენდაციო წერილი მოპასუხის მიერ არასწორად იქნა აღქმული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გადამეტებად. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ს 405.3 მუხლის მიხედვით ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა, სარეკომენდაციო წერილი არ წარმოადგენდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველს, რის გამო სს «თ-ი» ვალდებული იყო ხელშეკრულების ცალმხრივად, უსაფუძვლოდ გადაწყვეტისათვის აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სს «თ-ის» მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით თბილისის საოლქო სასამართლოში, რომლის 03.10.01წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, გლდანი-ნაძალადევის დაცვის პოლიციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატივა თვით დაცვის პოლიციისაგან მომდინარეობდა, რასაც ადასტურებს პოლიციის განყოფილების უფროსის 22.01.01წ. წერილი ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი პერიოდისათვის დაცვის ღირებულების გადახდის ვალდებულების შესახებ და რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილების უფროსის 05.02.01წ. ¹45 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა 11.09.2000წ. ¹5 ხელშეკრულება 2001წ. 1 თებერვლიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულ სასამართლოს სსკ-ს 405-ე მუხლზე მითითებით არ ჰქონდა დაცვის პოლიციის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პოლიციის 03.10.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილების მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 02.10.02წ. ¹50/5-891 დირექტიული მითითების საფუძველზე, რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილების მიერ დაცვის ქვეშ მყოფ ყველა ობიექტს, მათ შორის სს «თ-ის» დირექციას, 14.12.2000წ. გაეგზავნათ სარეკომენდაციო ხასიათის წერილი, რომლის მეშვეობითაც დაცვის პოლიცია მათ შეახსენებდათ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 24.07.98წ. ¹66ა ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად განეხორციელებინათ ობიექტების ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა. სს «თ-ის» 17.01.01წ. ¹6, 02.02.01წ. ¹11, 16.02.01წ. ¹19 წერილებში გამოთქმული პრეტენზიების გარკვევის მიზნით, დაცვის პოლიციის განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი მუშაკი პირადად შეხვდა სს «თ-ის» დირექტორს ი. კ-ძეს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაცვის პოლიციის წერილის შინაარსი ძირეულად შეიცვლებოდა. შეთანხმების მიხედვით იმავე სარეგისტრაციო ნომრით სს «თ-ის» დირექციას გაეგზავნა მეორე წერილი, მიუხედავად აღნიშნულისა პირობა არ შესრულდა, რის გამო პოლიციის განყოფილების ადმინისტრაცია 05.02.01წ. ¹45 ბრძანებით დაცვის ქსელიდან გათიშა სს «თ-ი». თვით ის ფაქტი, რომ 2001წ. 5 თებერვლამდე დაცვის განყოფილება ახორციელებდა სს «თ-ის» დაცვას, კასატორის აზრით, ნათლად ადასტურებს იმას, რომ 14.12.2000წ. წერილით დაცვის პოლიციას ხელშეკრულებაზე უარი არ უთქვამს. თუ სს «თ-ის» დირექციას მიაჩნდა, რომ დაცვის პოლიცია არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, სსკ-ს 405-ე მუხლის მიხედვით მას უფლება ჰქონდა ეთქვა უარი ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის ან გაფრთხილების შემდეგ. კასატორის აზრით 14.12.2000წ. სარეკომენდაციო ხასიათის წერილს არ შეეძლო გამოეწვია ხელშეკრულების დარღვევა, უკიდურეს შემთხვევაში წერილი უმნიშვნელო დარცვევად უნდა ჩათვლილიყო, რაც სსკ-ს 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად არ იყო ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი. ხელშეკრულების 3.1 პუნქტიდან გამომდაინარე დაცვის მხარეს სრული იურიდიული საფუძველი გააჩნდა 14.12.2000წ. წერილით მოეთხოვა დაცვის გასაძლიერებლად ტექნიკური ზომების მიღება, რის გამოც წერილში მოყვანილი რეკომენდაციები ვერ იქნება მიჩნეული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეცვლად. კასატორი აღნიშნავს, რომ სააქციო საზოგადოებამ უარი თქვა რა ცალმხრივად ხელშეკრულებაზე, არ მისცა დაცვას საშუალება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც სსკ-ს 407-ე, 411-ე, 636-ე მუხლების საფუძველზე სს «თ-ს» უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით.
სს «თ-ი» წარმოდგენილი შესაგებელით ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და აღნიშნავს, რომ დაცვის პოლიციის განყოფილების წერილს არ ჰქონდა სარეკომენდაციო ხასიათი. ახალი მოთხოვნების წამოყენება ნიშნავდა ხელშეკრულების პირობების შეცვლას, ახალი პირობების წამოყენების უმნიშვნელო დარღვევად მიჩნევით კასატორი ფაქტიურად აღიარებს, რომ მის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების პირობების დარღვევას. ხელშეკრულების მოშლა არ მომხდარა სს «თ-ის» ინიციატივით, ამასთანავე მას გადახდილი აქვს გაწეული მომსახურების ღირებულება. დაცვის პოლიციის წარმომადგენელთან რამდენიმე შეხვედრებზე წარმომადგენელი ცდილობდა შეთავაზებული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაში დარწმუნებას, საბოლოო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, წერილის ახალი რედაქცია სს «თ-ს» არ მიუღია.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.10.01წ. გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება, სს «თ-ისათვის» 1728 ლარის დაკისრება. მოწინააღმდეგე მხარე – სს «თ-ის» წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ სცნო და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილების 14.12.2000წ. ¹69/1-410 წერილი, რომლის მეშვეობითაც დაცვის პოლიცია აუწყებდა სს «თ-ის» დირექციას დასაცავი ობიექტის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის საჭიროების შესახებ, იყო სარეკომენდაციო ხასიათის. პალატა აღნიშნავს, რომ 14.12.2000წ. ¹69/1-410 წერილის ტექსტი იმპერატიული ხასიათისაა, წერილში აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში წერილის ავტორი ერთმნიშვნელოვნად აუწყებდა ხელშეკრულების მონაწილეებს, რომ იხსნიდა ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა თავისთავად ნიშნავს უარს ხელშეკრულებაზე. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების მოშლის ინიციატორი იყო პოლიცია.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, დაცვის სრული საფუძველი გააჩნდა მიემართა ხელშეკრულების მხარისათვის 14.12.2000წ. ¹69/1-410 წერილით, რის გამოც ადგილი არ ჰქონია სახელშეკრულებო პირობების შეცვლას. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 24.07.98წ. ¹66ა ბრძანებით დამტკიცებული «საკრედიტო დაწესებულებებში საკასო ოპერაციების წარმოების წესის შესახებ» დებულებით გათვალისწინებული ტექნიკური ღონისძიებები, რომლის შესრულებასაც ითხოვდა გლდანი-ნაძალადევის დაცვის პოლიციის განყოფილება ხელშეკრულების მონაწილისაგან, ეხება საკრედიტო დაწესებულებებს, ბრძანებულებით გათვალისწინებული ზომები (ობიექტის ტყვიაგაუმტარი შუშის სარკმლით, ჯავშნიანი კარებით, სეიფებით, სიგნალიზაციის სამმაგი ზღუდით, ფულის გადასაცემი მოწყობილობებით აღჭურვა და სხვ) სცილდება 11.09.2000წ. ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებულ ობიექტის დაცვის ტექნიკური საშუალებით აღჭურვის ღონისძიებების გატარების ვალდებულებას, იწვევდა მოწინააღმდეგე მხარისათვის დაცვაზე არათანაზომიერი დანახარჯების გაწევას და წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობების არსებით შეცვლას. ასეთ პირობებში ხელშეკრულების მეორე მხარეს სსკ-ს 352-ე მუხლის თანახმად გაწეული მომსახურების ანაზღაურების შემდეგ ჰქონდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, უმართებულოა რაიონული დაცვის პოლიციის განყოფილების მოსაზრება იმის შესახებ, რომ სს «თ-ის» დირექციამ რეკომენდაციები გამოიყენა საბაბად ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმებისათვის. შეცვლილი გარემოებები ართულებდა ვალდებულებების შემდგომ შესრულებას, იწვევდა ობიექტის უსაფრთხოებაზე ხარჯების არსებით ზრდას, რომლის გათვალისწინება შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, არღვევდა სახელშეკრულებო წონასწორობას, უმძიმებდა სააქციო საზოგადოებას ხელშეკრულების შესრულებას. დაცვის პოლიციის მოთხოვნების პრაქტიკული შესრულების შეუძლებლობის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის პოლიცია იხსნიდა ყოველგვარ პასუხისმგებლობას, სააქციო საზოგადოებამ აცნობა კონტრაჰენტს თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ. ამასთან სს «თ-მა» 16.02.01წ. წერილით აცნობა განყოფილებას იმის შესახებ, რომ მის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული 2001წ. 17 თებერვლამდე დაცვის საზღაური, მაშინ როდესაც დაცვის პოლიციის განყოფილების მიერ 05.02.01წ. ¹45 ბრძანებით ობიექტი გათიშული იქნა დაცვითი ქსელიდან. ამასთანავე, მხარეების მცდელობა ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების შესახებ არ გამოიღო შედეგი, რის გამოც პალატა თვლის, რომ მხარემ პატივსადები მოტივით განაცხადა უარი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ვინაიდან ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი სააქციო საზოგადოების ბრალით არ არის გამოწვეული, უმართებულოა კასატორის მოთხოვნა სსსკ-ს 407-ე, 141-ე, 636-ე მუხლების საფუძველზე სს «თ-ისათვის» ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილების საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.10.01წ. გადაწყვეტილების გაუქმების, მოწინააღმდეგე მხარისათვის 1728 ლარის დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორის, საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.10.01წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.