Facebook Twitter

3გ/ად-7-კ-02 5 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ლიცენზიით მინიჭებული შეღავათების გავრცელება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს «ქ.-მ" სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ «უცხოური ინვესტიციების შესახებ" 30.06.95წ. კანონის საფუძველზე სს «კ.-მ" 20.05.96 წ. მიიღო უცხოური ინვესტიციის ლიცენზია ¹.... სს «კ.-მ" 11.06.99წ. თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით დაარსა სს «ქ.-ი", რომელიც 21.06.99წ. რეგისტრაციაში გატარდა ქარელის რაიონის სასამართლოში. 13.07.99წ. სს «კ.-მ" 20.05.96წ. ¹... უცხოური ინვესტიციის ლიცენზიით მინიჭებული უფლებები და სარგებელი გადასცა სს «ქ.-ს". ქარელის რაიონული სასამართლოს 02.08.99წ. გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ 13.07.99წ. ხელშეკრულებით სს «კ.-მ” სს «ქ.-ს” გადასცა 20.05.96წ. ¹. უცხოური ინვესტიციის ლიცენზიით მინიჭებული უფლებები და სარგებელი, რის შედეგადაც ლიცენზიით სარგებლობა გააგრძელა სს «ქ.-მა”. ¹... უცხოური ინვესტიციის ლიცენზიის მოქმედება 5 წლის ვადით იყო განსაზღვრული, აღნიშნული ვადის გასვლამდე სს «ქ.-მ" 04.04.01წ. გააფორმა კონტრაქტი საშუამავლო ფირმა ,,ჰ.-სთან" ლერწმის შაქრის მიწოდების შესახებ. სს «ქ.-მ" საშუამავლო ფირმის დავალებით წინასწარ გადაურიცხა კომპანია «ო.-ს" შაქრის ნედლეულის შესაძენი თანხა 2081872 აშშ დოლარი, რაც 04.04.01წ. კონტრაქტით გათვალისწინებული 37500 ტ. ნედლეულის საფასურის 20% შეადგენდა. ტვირთი ბათუმის პორტში 2001 წლის 10-12 მაისს უნდა შემოსულიყო. მოსარჩელის განმარტებით, ნედლეულის საქართველოში ტრანსპორტირებისას გემი მოხვდა 7-8 ბალიან ღელვაში, რის გამოც გემმა მიიღო დაზიანება, წყალმა შეაღწია ნედლეულის საცავში და ნედლეული გადამუშავებისათვის უვარგისი გახდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საშუამავლო ფირმა «ჰ.-მ" 04.04.01წ. კონტრაქტზე 14.05.01წ. დადებული დამატებითი ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება სს «ქ.-თვის" 1 წლის განმავლობაში, მიეწოდებინა იმავე რაოდენობის ნედლეული. მოსარჩელემ განმარტა, რომ სწორედ დაუძლეველი ძალის, ფორს-მაჟორული გარემოებების გამო, ვერ შეძლო ესარგებლა ¹... ლიცენზიით მინიჭებული შეღავათებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე უახლოეს მომავალში ელოდება ნედლეულის შემოსვლას, მან მოითხოვა დაგვიანებით შემოსატან ტვირთზე, უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოზე დადგენილი შეღავათის გავრცელება და შესაბამისად, საბაჟო «...-ისათვის" 37500 ტ. ნედლეულზე 20.05.96წ. ლიცენზიით მინიჭებული შეღავათების გავრცელების დავალება.

გორის რაიონული სასამართლოს 12.09.01წ. გადაწყვეტილებით სს «ქ.-ის" სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს საპატიოდ ჩაეთვალა იმ ვადის გაშვება, რომელშიც იგი სარგებლობდა «საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით მინიჭებული შეღავათებით. სასამართლომ დაადგინა აღნიშნული შეღავათების გავრცელება სს «ქ.-სა" და ფირმა «ჰ.-ს" შორის 04.04.01წ. ¹.../OLAღ კონტრაქტით გათვალისწინებული 37500 ტ. შაქრის ნედლეულის საქართველოში მიწოდებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საბაჟო «...-მ". აპელანტმა თავისი მოთხოვნა ძირითადად დააფუძნა იმაზე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან შეუძლებელია ფორს-მაჟორული გარემოების დადგენა. აპელანტმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სს «ქ.-ის" სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 09.10.01წ. განჩინებით საბაჟო «...-ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 12.09.01 გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სამინისტროს მიერ 20.05.96წ. გაცემულ იქნა უცხოური ინვესტიციის ¹... ლიცენზია, რომლის საფუძველზე სს «კ.-ი" სარგებლობდა «უცხოური ინვესტიციის შესახებ" 30.06.95წ. საქართველოს კანონის 21-ე მუხლით მინიჭებული შეღავათებით. ქარელის რაიონული სასამართლოს 02.08.99წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ 13.07.99წ. ხელშეკრულებით სს «კ.-მ" სს «ქ.-ს" გადასცა ¹... უცხოური ინვესტიციით მინიჭებული უფლებები და სარგებელი. ლიცენზიის მოქმედების პერიოდში სს «ქ.-სა" და «ლ.-ს" შორის 04.04.01წ. დადებულ იქნა ..../OLAღ კონტრაქტი, რომლის თანახმად «ლ.-მა" იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა საშუალო ხარისხის 37000 მეტრული ტონა ლერწმის შაქრის მასალა. ხელშეკრულებით განისაზღვრა ვალდებულებების შესრულების ვადა _ 2001 წლის 10-12 მაისი და ფასი _ 9375000 აშშ დოლარი. ნედლეულის საფასურის 20%, კერძოდ, 2081872 აშშ დოლარი ფირმა «ჰ.-ის" დავალებით გადაერიცხა კომპანია «ო.-ს". 2001 წლის 6-7 მაისს 7-ბალიანი შტორმის შედეგად ზღვის წყალმა შეაღწია გემ «...-ის" ტრიუმში და შაქრის მასალა უვარგისი გახადა გადამუშავებისათვის. ამდენად, .../OLAღ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტვირთი დათქმულ ვადაში სს «ქ.-ს" არ მიეწოდა. ფორს-მაჟორული გარემოების გათვალისწინებით სს «ქ.-ი" დათანხმდა ფირმა ,,ჰ.-ის" წინადადებაზე იმის შესახებ, რომ სს «ქ.-ს" ერთი წლის განმავლობაში ფირმა მიაწოდებდა იგივე რაოდენობის ლერწმის შაქრის მასალას, რაზედაც მხარეებს შორის 14.05.01წ. გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა აღნიშნულ პერიოდში 7-8 ბალიანი ღელვის არსებობას და მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების («ლ.-ის" 07.05.01 წ. შეტყობინება, გემ «...-ის" კაპიტნის 06.05.01.წ შეტყობინება) საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაში ფორს-მაჟორული სიტუაციის არსებობას. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ფორს-მაჟორისათვის დამახასიათებელი ყველა მომენტი, რის შედეგადაც ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე თავისდაუნებურად იქცა მეორე მხარისათვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენების მიზეზად, ე.ი. 04.04.01წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება აღნიშნული ნედლეულის მიწოდების შესახებ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას ვერ მოხერხდა, რაშიც არც ერთ მხარეს ბრალი არ მიუძღვის და მით უფრო, გამოირიცხება სს «ქ.-ის" ბრალი ლიცენზიით მინიჭებული შეღავათიანი პერიოდის უშედეგოდ გაშვებაში. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ დაუძლეველი ძალის არარსებობის შემთხვევაში სს «ქ.-ი" ისარგებლებდა «უცხოური ინვესტიციების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით, არსებობს მიზეზობრივი კავშირი დაუძლეველ ძალასა და სს «ქ.-სთვის" კანონით მინიჭებული შეღავათების დროულად გაუვრცელებლობას შორის.

პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ ¹.../OLAღ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს მძიმე ეკონომიკურ შედეგებს სს «ქ.-ისათვის". კერძოდ, თუკი სს «ქ.-ი" ვეღარ ისარგებლებს «უცხოური ინვესტიციის შესახებ" საქართველოს კანონით მინიჭებული შეღავათებით, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, იგი იძულებული იქნება უარი თქვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის 37500 მ.ტ. ლერწმის შაქრის მასალის მიღებაზე, რისთვისაც მას დაეკისრება საჯარიმო სანქცია საქონლის სრული ღირებულების 15%-ის ოდენობით, გარდა ამისა, სს «ქ.-ი" დაკარგავს წინასწარი გადახდილი ნედლეულის ღირებულებას 2081872 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც საბოლოოდ საფრთხე შეექმნება სს «ქ.-ის" არსებობას. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ «ლ.-ს" და სს «ქ.-ს" შორის დადებული ¹.../OLAღ კონტრაქტის შესრულების შემთხვევაში 37500 მ.ტ. ნედლეულის გადამუშავებითა და რეალიზაციით სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს 5252161 ლარს, პორტი და რკინიგზა 776250 ლარს, რკინიგზა რეალიზაციისას _ 165600 ლარს, გაზის მრეწველობა _ 1 332 800 ლარს, კერძო მიმწოდებელი _ 180000 ლარს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 09.10.01წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საბაჟო «...-ის" მიერ. კასატორმა მიუთითა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით შეუძლებელია ნათლად დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი 7-8-ბალიან ღელვას აღნიშნულ ვადებში, რა სახის ზიანი მაიდგა გემს და შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ამ ზიანის შედეგად ნედლეული გადასამუშავებლად უვარგისი გამხდარიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა 09.10.01წ. განჩინების გაუქმება და მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმა.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა. კასატორმა მიუთითა, რომ არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ გაურკვევია იყო თუ არა საბაჟო «...-ი" სათანადო მხარე მოცემულ დავაში. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით საქონლის შეღავათიანი რეჟიმით გაფორმება ხდება საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელე ასაჩივრებდა საბაჟო დეპარტამენტის უარს მის მიერ იმპორტირებული საქონლის დაბეგვრის შეღავათიან რეჟიმზე. ამდენად, კასატორის აზრით, მოცემულ საქმეში მოპასუხე უნდა ყოფილიყო თავად საბაჟო დეპარტამენტი და არა საბაჟო «...-ი".

კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი და საქმეში არ ჩააბა საბაჟო დეპარტამენტი, რომელიც არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზე მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამასთანავე, კასატორის აზრით, საქმეში, გარდა სს «ქ.-თან" მიმოწერისა, არ მოიპოვება არანაირი მტკიცება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 09.10.01წ. განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისთვის იმავე სასამართლოში დაბრუნება. საკასაციო პალატის მიერ საქმის განხილვისას საბაჟო დეპარტამენტმა მოთხოვნა დააზუსტა, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის 09.10.01წ. განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოწინააღმდეგე მხარემ, სს «ქ.-ის" წარმოადგენელმა არ ცნო საკასაციო საჩირების საფუძვლები და ითხოვა საოლქო სასამართლოს 09.10.01წ განჩინების უცვლელად დატოვება. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სს «ქ.-მ" მხოლოდ უცხოური ინვესტიციის ლიცენზიით მინიჭებული შეღავათების გათვალისწინებით გადაწყვიტა 37500მ.ტ. შაქრის ნედლეულის შესყიდვა, რომ არა 7-ბალიანი ღელვა და გემის დაზიანება შაქრის მასალა დათქმულ დროს მიეწოდებოდა სს «ქ.-ს". ამდენად, უსაფუძვლოა ხელშეკრულების მხარეებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ფორს-მაჟორული გარემოება მხარისათვის პატივსადებ მიზეზად ჩაითვლებოდა და კვლავ იქნებოდა შესაძლებელი «უცხოური ინვესტიციების შესახებ" კანონით დადგენილი შეღავათებით სარგებლობა, სს «ქ.-ი" დათანხმდა «ჰ.-ის" წინადადებას მომდევნო 1 წლის განმავლობაში მიეღო იგივე რაოდენობის შაქრის მასალა, რომლის დროულად მიწოდება შეუძლებელი გახდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასარჩელო განცხადების ტექსტის და საქმის მასალების მიხედვით სს «ქ.-მ" 18.05.01წ. წერილით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა 37500 მ.ტ. ნედლეულის შემოტანისას საბაჟო «...-ზე" უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს ¹... ლიცენზიით მინიჭებული შეღავათების გავრცელების დავალება. საბაჟო დეპარტამენტმა 08.06.01წ. ¹05-15/4304 მიმართვით განუმარტა სს «ქ.-ს", რომ ვინაიდან მათ მიერ ვერ მოხერხდა ნედლეულის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური ინვესტიციების ¹... ლიცენზიის და «საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ" 12.11.96წ. კანონით გათვალისწინებულ ვადებში, აღნიშნულ საქონელზე ვერ გავრცელდება ამ კანონის მე-13 მუხლით მინიჭებული შეღავათები. საბაჟო დეპარტამენტის უარი საბაჟო ,,...-ისათვის" ტვირთზე შეღავათების გავრცელების დავალების გაცემაზე აღნიშნულია აგრეთვე სს «ქ.-ის" სასარჩელო განცხადების ტექსტში. ამდენად, სს «ქ.-მ" სასამართლოში ფაქტობრივად საბაჟო დეპარტამენტის უარი გაასაჩივრა. მიუხედავად ამისა, სარჩელი აღიძრა საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის, _ საბაჟო ...-ის მიმართ, რომელსაც უშუალოდ უნდა განეხორციელებინა შემოტანილ ნედლეულზე შეღავათების გავრცელება. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა სახელმწიფო უფლებამოსილების გამოყენებას ეხება, საბაჟო ,,...-ი" და საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილები არიან წარმოადგინონ სახელმწიფო ინტერესები სასამართლოში. საკასაციო პალატა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დასაშვებად, ვინაიდან ერთიანი საბაჟო პოლიტიკის განხორციელება განაპირობებს საბაჟო ორგანოების სისტემის ერთიანობას, საბაჟო ორგანოები იერარქიულ დაქვემდებარებაში იმყოფებიან ერთმანეთთან, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს, როგორც ზემდგომ ორგანოს, იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილება უნდა იქნეს გამოტანილი, აქვს უშუალო პროცესუალური და მატერიალური ინტერესი განსახილველი საქმისადმი. შესაბამისად, დეპარტამენტი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა საქმეში მისი ჩაბმა და დაეცვა სახელმწიფო ინტერესები მოცემულ დავაში. დეპარტამენტს არ გამოუყენებია აღნიშნული უფლება ქვედა სასამართლო ინსტანციებში საქმის განხილვისას, ამდენად, დეპარტამენტის უფლებები სასამართლოების მიერ არ შელახულა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს მიერ 20.05.96წ. გაცემული უცხოური ინვესტიციის ¹... ლიცენზიით სს «კ.-ი" სარგებლობდა «უცხოური ინვესტიციების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლით მითითებული შეღავათებით, რომლის თანახმად «ნედლეული, ნახევარფაბრიკატები, მაკომპლექტებელი ნაკეთობანი, სათადარიგო ნაწილები, რომლებიც შემოტანილია საქართველოს რესპუბლიკაში უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს საჭიროებისათვის, თავისუფლდება გადასახადისაგან და მათთან გათანაბრებულ მოსაკრებლებისაგან". ქარელის რაიონული სასამართლოს 02.08.99წ. გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ 13.07.99წ. ხელშეკრულებით სს «კ.-მ" სს «ქ.-ს" გადასცა 20.05.96წ. ¹... უცხოური ინვესტიციის ლიცენზიით მინიჭებული უფლებები და სარგებელი. ქარელის რაიონული სასამართლოს 02.08.99წ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, სს «ქ.-ი" წარმოადგენდა «უცხოური ინვესტიციების შესახებ" 30.06.95წ. კანონის 21-ე მუხლით მინიჭებული შეღავათებით მოსარგებლე საწარმოს. «საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ" 12.11.96წ. კანონის მე-13 მუხლის თანახმად, უცხოური ინვესტიციებით Aშექმნილ საწარმოებს, რომლებსაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღებული ჰქონდათ უცხოური ინვესტიციის ლიცენზია, მისი გაცემის დღიდან 5 წლის განმალობაში უნარჩუნდებოდა ,,უცხოური ინვესტიციების შესახებ" 30.06.95წ. კანონით გათვალისწინებული შეღავათები საქმიანობის იმ სფეროში, რომელზეც გაცემული იყო უცხოური ინვესტიციის ლიცენზია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს «ქ.-ს" «უცხოური ინვესტიციების შესახებ" კანონით მინიჭებული შეღავათების სარგებლობის ვადა 20.05.01წ. ამოეწურა. «საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ" 12.11.96წ. კანონის მე-13 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოებისათვის შეღავათებით სარგებლობის ვადას და არ ითვალისწინებს აღნიშნული ვადის განვრცობის შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს «ქ.-ს" არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი ევარაუდა, რომ უცხოური ინვესტიციის ¹... ლიცენზიით მინიჭებული შეღავათები გავრცელდებოდა მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ პერიოდზე. მიუხედავად ამისა, სს «ქ.-სა" და ფირმა «ლ.-ს" შორის 14.05.01წ. გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამყიდველმა იკისრა ვალდებულება ერთი წლის განმავლობაში მიეწოდებინა 04.04.01წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იგივე რაოდენობის ლერწმის შაქრის მასალა. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალსიწინებს უცხოური ინვესტიციების ლიცენზიის ვადის გაგრძელებას, ნედლეულის შემოტანის გადასახადისაგან გათავისუფლების, შესაბამისად, ადრეული კანონმდებლობით გათვალისწინებული საშეღავათო საგადასახადო რეჟიმის მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დაშვება იწვევს კანონით დადგენილ და შემოღებული გადასახდებისა და მოსაკრებლების გადახდის კონსტიტუციური ვალდებულების დარღვევას, ქმნის მის შესრულებაზე უარის თქმის პრინციპულ პირობას, არღვევს საგადასახადო დაბეგვრის საყოველთაობის, გადასახადებისაგან მხოლოდ კანონით გათავისუფლების კონსტიტუციურ პრინციპს. საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობა საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს, პროდუქციის შემოტანისას საგადასახადო შეღავათების გავრცელება არ შეიძლება ყოფილიყო სახელშეკრულებო შეთანხმების საგანი, მხარეები მოკლებული არიან შესაძლებლობას შეიტანონ ხელშეკრულებებში ე.წ. საგადასახადო შესწორებები, მოაგვარონ თავიანთი საგადასახადო ვალდებულებები პარტნიორებთან დადებული გარიგების საშუალებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს «ქ.-ის" სასარჩელო მოთხოვნას არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მხარეებს შორის ფორს-მაჟორის, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პატივსადები მიზეზის, არსებობის დადასტურებას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ შეეძლო გამოეწვია სახელმწიფოსათვის, რომელიც არ წარმოადგენდა ხელშეკრულების მონაწილე მხარეს. აღნიშნულს არ ცვლის სააპელაციო პალატის მოსაზრება ფორს-მაჟორის ობიექტური და აბსოლუტური ხასიათის შესახებ. ამასთანავე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით შეუძლებელია ფორს-მაჟორული გარემოების, სახელდობრ გემის 7-ბალიან შტორმში მოხვედრის, წყალქვეშა რიფებთან შეჯახების გამო გემისათვის მიყენებელი ზიანის ხასიათის, მიღებული დაზიანების შედეგად ნედლეულის უვარგისობის, მისი წყლით გაჯერების დადგენა. ამ მიმართებით სს «ქ.-თან" მისი ბიზნეს-პარტნიორის, მიმწოდებელი მხარის _ «ლ.-ს" და გემ «...-ის" კაპიტნის შეტყობინების გარდა არ მოიპოვება სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლომ ისე მიიჩნია 04.04.01წ. ¹.../OLAღ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 37500 მ.ტ. ლერწმის შაქრის მასალის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა ფორს-მაჟორულ გარემოებად, რომ არ უმსჯელია ჰქონდა თუ არა შტორმს მიზეზობრივად აუცდენელი კავშირი დამდგარ შედეგთან, წარმოადგენდა თუ არა უკანასკნელი დაუძლეველ ძალას, შეეძლო თუ არა ფორს-მაჟორულ გარემოებას გამოეწვია სამართლებრივი შედეგი ხელშეკრულებაში მონაწილეობის არმქონე პირისათვის. სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მითითება ლიცენზიის მოქმედების ვადის გავრცელების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში მოსალოდნელი შენატანების თაობაზე. დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, უკანასკნელს არ აქვს პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონმდებლობის ნორმატიული მოთხოვნების დაცვასთან, მით უფრო, რომ ლიცენზიით გათვალისწინებული შეღავათების მოქმედების გავრცელების, საგადასახადო გადასახდელებისა და მოსაკრებლების გადახდისაგან გათავისუფლების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს 3 მლნ. აშშ დოლარზე მეტი თანხა დააკლდება.

აღიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, სს «ქ.-ს" უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე, 386-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო «...-ის" საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 09.10.01წ. განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. სს «ქ.-ის" სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდეს.

4. სს «ქ.-ს" გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.