გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-7-კ-ს-02 22 მარტი, 2002წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: სარჩელის აღძვრამდე აქტის მოქმედების შეჩერება.
აღწერილობითი ნაწილი:
10.12.01წ. თბილისის საოლქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის თავმჯდომარე _ შ. ნ-შვილმა, რომელმაც მიუთითა, რომ «2001-2002 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის საქართველოს ენერგოსისტემის მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 26.11.01წ. ¹108 გადაწყვეტილება ადგენს ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ადეკვატურად, ქ. თბილისის მხოლოდ იმ რაიონებში, სადაც არ არის დამთავრებული გამრიცხველიანობის პროცესი და ადგილი აქვს ელექტროენერგიის საფასურის მასობრივ არგადახდას. აღნიშნული სამართლებრივი აქტი, განმცხადებლის აზრით, მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის, «მონოპოლური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ" და «მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონების აშკარა დარღვევით და უგულებელყოფით, რაზედაც პარტია აპირებს აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრას სასამართლოში. სასამართლო პროცედურების ჩატარებამდე და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მითითებული აქტის მოქმედება აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს მომხმარებელს, თბილისის მოსახლეობას, მათ შორის განმცხადებელ ორგანიზაციას. მომხმარებლების გამრიცხველიანობის პროცესი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და «ეი-ი-ეს სილქ როუდ ჰოლდინგ ბი. ვი."-ს შორის დადებული ხელშეკრულებით ეკისრება კომპანიას და მის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა არ უნდა წარმოადგენდეს ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის პირობას. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით სადავო აქტით დადგინდა მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგადი წესი, სემეკმა ფორმით ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი ჩამოაყალიბა შინაარსით ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა აქტის შეჩერება სასამართლოს მიერ აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 11.12.01.წ. განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სემეკის 26.11.01.წ. ¹108 გადაწყვეტილება «2001-2002 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის საქართველოს ენერგოსისტემის მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ" თავისი შინაარსით არის ნორმატიული აქტი, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერებას, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 30-ე მუხლების დებულებები ეხება მხოლოდ ინდივიდუალურ აქტებს, შესაბამისად არ არსებობს განმცხადებლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მომავალში სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას არ შეექმნება დაბრკოლება.
საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის თავმჯდომარე _ შ. ნ-შვილმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 11.12.01.წ. განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომლითაც ითხოვა განჩინების გაუქმება და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად სემეკის 26.11.01წ. ¹108 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება შემდეგი მოსაზრებების გამო: «ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მე-5, მე-151 და მე-19 მუხლების შესაბამისად სემეკის ნორმატიული აქტია დადგენილება და არა გადაწყვეტილება, «ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ინდივიდუალურ საკითხებზე კომისია იღებს გადაწყვეტილებებს. ფორმით ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის შინაარსით ნორმატიული აქტის გამოცემა სემეკის მიერ დამატებით ადასტურებს მის უკანონობას, სასამართლო ვალდებული იყო სასკ-ის 30-ე მუხლის შესაბამისად შეეჩერებინა ადმინისტრაციული აქტის იურიდიული მოქმედება, რადგანაც არსებობს დასაბუთებული ეჭვი მისი კანონიერების შესახებ. კერძო საჩივრის ავტორი უსაფუძვლოდ თვლის აგრეთვე სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მომავალში სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ შეიქმნება დაბრკოლება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების საფუძველზე რიგ უბნებს შეუწყდათ ელექტროენერგიის მიწოდება, სასამართლოს მიერ აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნება გადაწყვეტილების უკან დროში გადანაცვლება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 15.01.02წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი ქცევის ზოგად წესს. სემეკის 26.11.01წ. ¹108 გადაწყვეტილება ადგენს მრავალჯერადი ქცევის წესს, რაც ეწინააღმდეგება ინდივიდუალური აქტის ბუნებას _ მის ერთჯერადობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კოლეგიამ მართებულად ჩათვალა სადავო აქტის ნორმატიულ აქტად მიჩნევა, მიუხედავად მისი გადაწყვეტილების სახით მიღებისა. კოლეგიამ დადასტურებულად მიიჩნია აგრეთვე ის, რომ პარტიის შუამდგომლობა არ შეიცავს იმის დასაბუთებას, თუ რატომ გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა დასაშვებად თვლის კერძო საჩივარს და აღნიშნავს, რომ იგი შეტანილია სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში, პალატას სსსკ-ის 197-ე მუხლის ანალოგიის გამოყენებით შესაძლებლად მიაჩნია სარჩელის აღძვრამდე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლო კოლეგიის 11.12.01წ. განჩინების გასაჩივრება საქართველოს ლეიობორისტული (შრომის) პარტიის მიერ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ გამორიცხავს ნორმატიული აქტის შეჩერების შესაძლებლობას. ადმინისტრაციულიული საპროცესო კოდექსის 29-ე და 30-ე მუხლები, რომელიც ითვალისწინებენ ადმინისტრაციული და არა ნორმატიული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერებას, არ გამორიცხავენ სარჩელის უზრუნველყოფის სახით ნორმატიული ადმინისტრაციული აქტის შეჩერებას, სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსსკ-ის 198-ე მუხლის «ვ" ქვეპუნქტის მიხედვით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს ნორმატიული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისაგან განსხვავებით (სასკ-ის 29-ე მუხლი) სამოქალაქო სამართალწარმოებაში სარჩელის წარდგენა და მისი წარმოებაში მიღება თავისთავად არ აჩერებს აქტის მოქმედებას, ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული წესების დაცვითაა შესაძლებელი. ამასთანავე, საკასაციო პალატა უმართებულოდ თვლის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 11.12.01წ. და 15.01.02წ. განჩინებებით სადავო აქტის ნორმატიულ აქტად მიჩნევას, სემეკის 26.11.01წ. ¹108 გადაწყვეტილების ნორმატიულ აქტად მიჩნევა ეწინააღმდეგება «ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მე-5, მე-151, მე-19, 38-ე, 41-ე მუხლების, «ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს, ის არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების რეესტრში, არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ გამოცემაში, მას არ აქვს მიცემული ნორმატიული აქტისათვის საჭირო ფორმა, შესაბამისად ის არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. ამდენად, მართებულია სასკ-ის 30-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის წარდგენა სარჩელის აღძვრამდე. პალატა თვლის, რომ აქტის აღსრულებით შესაძლოა არსებითი ზიანის მიყენება, რაც სასკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების საფუძველს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 29-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე, 197-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 11.12.01წ. და 15.01.02წ. განჩინებები.
2. შეჩერდეს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 26.11.01წ. ¹108 გადაწყვეტილების მოქმედება.
3. საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიას სარჩელის აღძვრის ვადა განესაზღვროს 2002 წლის 10 აპრილამდე. კერძო საჩივრის შემტანს ეცნობოს, რომ სარჩელის აღნიშნულ ვადაში არაღძვრის შემთხვევაში, სსსკ 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდება.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.