Facebook Twitter

3გ-ად-8-02 23 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

მსაჯულები: ლ. გაჩეჩილაძე,

შ. გაგოშიძე

დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილად ცნობა და საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა.

აღწერილობითი ნაწილი:

¹20 ქ. რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის (ცსკოს) 08.05.02წ. ¹5 განკარგულებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნის დარღვევის გამო, ქ. რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ ხ. ე-ის კანდიდატურას.

13.05.02წ. ხ. ე-მა განცხადებით მიმართა საქართველოს ცსკოს და მოითხოვა ¹20 ქ. რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის 08.05.02წ. ¹5 განკარგულების გაუქმება და მისი კანდიდატურის რეგისტრაციაში გატარება. საქართველოს ცსკოს 18.05.02წ. ¹64/2002 განკარგულებით გაუქმდა ¹20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის 08.05.02წ. ¹5 განკარგულების მე-2 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა საარჩევნო რეგისტრაციაზე რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატს ხ. ე-ს და იგი გატარდა რეგისტრაციაში ¹20 რუსთავის საარჩევნო ოლქის საკრებულოს წევრობის კანდიდატად.

არასამთავრობო ორგანიზაციის «.. ..-ის" დამკვირვებელმა ლ. დ-შვილმა 21.05.02წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც აღნიშნა, რომ 07.05.02წ. ¹20 ქ. რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა მოსარჩელე როგორც არასამათავრობო ორგანიზაცია «.. ..-ის" დამკვირვებელი, რათა განეხორციელებინა «საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 68-70-ე მუხლებით დამკვირვებლისათვის მინიჭებული უფლებები. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს ცსკოს ¹64/2002 განკარგულება, რომლითაც გაუქმდა ¹20 ქ. რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის 08.05.02წ. განკარგულების მე-2 პუნქტი და ხ. ე-ი გატარდა რეგისტრაციაში საკერებულოს წევრობის კანდიდატად, ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მე-6 პუნქტის კატეგორიულ მოთხოვნებს, კერძოდ, კანდიდატის მიერ სააღრიცხვო ბარათი კანონის მოთხოვნათა დარღვევით იქნა შევსებული: 1. ბარათში არ იყო მითითებული იმ ორგანოს დასახელება, რომლის წევრობის კანდიდატად იქნა იგი წარდგენილი; 2. სააღრიცხვო ბარათში არასრულადაა მითითებული კანდიდატის სახელი და გვარი; 3. სააღრიცხვო ბარათში შეუვსებელია გრაფა შრომითი საქმიანობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ცსკოს 18.05.02წ. ¹64./2002 განკარგულების ბათილად ცნობა და ხ. ე-ის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა.

საქართველოს ცსკოს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკამყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: 1. კანდიდატად წარდგენილი პირის სააღრიცხვო ბარათის მე-10 პუნქტში მითითებულია: «თანახმა ვარ კენჭი ვიყარო, როგორც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა საკრებულოს მაჟორიტარმა კანდიდატმა ¹20 რუსთავის საარჩევნო ოლქში; 2. კანდიდატის სააღრიცხვო ბარათის ერთ-ერთ ეგზემპლარში ე-ის ნაცვლად მითითებულია «ეჩ-ი", რაც საარჩევნო ბარათის შევსებისას კანდიდატის მიერ დაშვებულ მექანიკურ შეცდომას წარმოადგენს; 3. მართალია, სააღრიცხვო ბარათში სამუშაოს გრაფა შეუვსებელია, მაგრამ საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში მითითებულია, რომ ხ. ე-ი არის უმუშევარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცსკოს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მითითებული ხარვეზები სააღრიცხვო ბარათში არ წარმოადგენენ საკმაო საფუძველს კანდიდატის პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევისათვის.

მესამე პირმა _ ხ. ე-მა და მისმა წარმომადგენელმა ასევე არ ცნეს სარჩელი და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმავე საფუძვლებით.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კანდიდატის სააღრიცხვო ბარათში იმ ორგანოს მიუთითებლობა, რომლის წევრობის კანდიდატად იქნა იგი დასახელებული, საქართველოს ორგანული კანონის _ «საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 120-ე მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილის მიხედვით, არ წარმოადგენს კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას მესამე პირმა _ ხ. ე-მა წარმოადგინა კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებისათვის სავალდებულო დოკუმენტი _ მის მხარდამჭერთა სია (ფორმა ¹1/2001), რომელშიც მითითებულია, რომ ხელისმომწერნი თანახმანი არიან, რომ ქ. რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატად ¹20 რუსთავის საარჩევნო ოლქში დასახელდეს ხ. ე-ი. ამასთანავე, კანდიდატად წარდგენილი პირის სააღრიცხვო ბარათის მე-10 პუნქტში აღნიშნულია, რომ კანდიდატი თანახმაა იყაროს კენჭი, როგორც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილმა საკრებულოს მაჟორიტარმა კანდიდატმა ¹20 რუსთავის საარჩევნო ოლქში. სახელდობრ საარჩევნო ოლქში კანდიდატის კენჭისყრაზე თანხმობის ფიქსაციას მოითხოვს კოდექსის 119-ე მუხლის მე-6 ნაწილი.

2. საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაციაში გატარების სავალდებულო პირობას წარმოადენს კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი (120.5 მუხ.), რომლის ორი ეგზემპლარი თან ერთვის განცხადებას კანდიდატად წარდგენის შესახებ. პალატა იზიარებს ცსკოს წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხ. ე-ის ერთ-ერთ საარჩევნო ბარათში კანდიდატის გვარის მითითებისას დაშვეული ხარვეზი («ე-ი”-ს ნაცვლად მითითებულია «ეჩ-ი") მექანიკურ შეცდომას წარმოადგენს, აღნიშნული არ წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის, შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების, კერძოდ, პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვის საფუძველს, საარჩევნო რეგისტარციისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია მთლიანობიაში იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობას. საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში კანდიდატის მხადარმჭერთა სიაში, სააღრიცხვო ბარათის მეორე ეგზემპლარში სწორად არის მითითებული წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის გვარი, აღნიშნული დადასტურდა აგრეთვე ხ. ე-ის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი პირადობის მოწმობით.

3. სააღრიცხვო ბაართის მე-13 გრაფა არ შეიცავს მითითებას შრომითი საქმიანობის შესახებ, რაც მოპასუხის განმარტებით განპირობებული იყო იმით, რომ სააღრიცხვო ბარათის შევსებისას იგი იყო უმუშევარი. ამასთანავე, საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში მითითებულია, რომ სიანიციატივო ჯგუფის საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარმოდგენილი ხ. ე-ი არის უმუშევარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ¹20 რუსთავის საარჩევნო ოლქში საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარდგენილი დოკუმენტაცია, ცალკეული ხარვეზების მიუხედავად, სრულად იძლევა მისი ინდენტიფიცირების შესალებლობას და საკმარისია ხ. ე-ის საკრებულოს წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებისათვის, აღნიშნულით არ ილახება ვინმეს უფლებები და იძლევა საარჩევნო უფლების სრულად რეალიზაციის შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულდან გამომდინარე, არ არსებობს «ხ. ე-ის ¹20 რუსთავის საარჩევნო ოლქის საკრებულოს წევრობის კანდიდატად რეგისტარციის შესახებ" საქრათველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 18.05.02წ. ¹64/2002 განკარგულების ბატილად ცნობის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე და 249-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლ. დ-შვილის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს საქართველოს ცსკოს 2002 წლის 18 მაისის ¹64/2002 განკარგულება «ხ. ე-ის ¹20 რუსთავის საარჩევნო ოლქის საკრებულოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ".

2. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.