გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-8-კ-02 29 ივნისი, 2002 წ., ქ .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაბრუნებულ თანხებზე საურავის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
15.09.2000წ. შპს «ჯ-მ” სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თბილისის რეგიონალური საბაჟოს მიმართ, საურავის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგენლისათვის ხელშეკრულებით გადასახდელი თანხების დაკისრების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999წ. იანვარში შპს «ჯ-ს» დაუბრუნდა ზედმეტად გადახდევინებული საბაჟო გადასახდელების თანხა 47532,64 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, დაბრუნებულ თანხებს უნდა დაერიცხოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული განაკვეთების მიხედვით საურავი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე საურავის სახით 5353,9 ლარის დაკისრება.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 17.10.2000წ. გადაწყვეტილებით შპს «ჯ-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, თბილისის რეგიონალურ საბაჟოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საურავის თანხის _ 5353,9 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის და სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების, სულ 348 ლარის გადახდა. სასამართლომ, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს დაბრუნებულ თანხებთან ერთად უნდა აუნაზღაურდეს საურავის თანხა. საქართველოს საბაჟოO დეპარტამენტმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 28.12.98წ. ¹991 განკარგულების შესაბამისად მხარისათვის დაბრუნებულ თანხაზე დარიცხული საურავი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს უნდა გადახდეს. აპელანტმა მუთითა აგრეთვე, რომ საბაჟოO ორგანოები «სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის თანახმად საერთო სასამართლოში საქმის განხილვისას თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად უკანონოა რაიონული სასამართლოს მიერ მისთვის ბაჟის დაკისრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.11.01წ. გადაწყვეტილებით საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს ,,ჯ-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის რეგიონალურ საბაჟოს მოსარჩელის სასარგებლოდ საურავის სახით დაეკისრა 5353,9 ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების _ 214 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შპს «ჯ-ს” მიერ ზედმეტად გადახდილ თანხას საურავი უნდა დარიცხვოდა გადამხდელისათვის ანაზღაურების შესახებ დეკლარაციის წარდგენის მომენტიდან ნამეტი თანხის დაბრუნების მომენტამდე, რაც მთლიანობაში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ყოველწლიური განაკვეთის შესაბამისად 5353,9 ლარს შეადგენდა. აპელანტს დაეკისრა აგრეთვე ადვოკატისათვის გადახდილი თანხის _ 214 ლარის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით საბაჟო დეპარტამენტი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შპს «ჯ-ს” დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საბაჟო დეპარტამენტის მიერ გასაჩივრდა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ჯარიმებისა და საურავების სადავო თანხების დაბრუნება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება. კასატორი, თვლის რომ შპს «ჯ-ს” მიერ ზედმეტად გადახდილ თანხაზე დარიცხული საურავის თანხის გადახდა იმ ორგანოს უნდა დაეკისროს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის 29.12.98.წ. ¹991 განკარგულებით ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება დაევალა, კერძოდ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტს. კასატორს უკანონოდ მიაჩნია აგრეთვე მისთვის ადვოკატის ხარჯების დაკისრება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სააპელაციო პალატის 06.10.01წ. გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
«საქართველოს საბაჟო კოდექსის” 75-ე მუხლის თანახმად, საბაჟო გადასახდელების უკან დაბრუნებისას მათზე დაირიცხება პროცენტი საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით. საგადასახადო კოდექსის მითითებული ნორმის თანახმად, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით გადასახადის ზედმეტად გადახდევინების შემთხვევაში, პროცენტი გადახდილ უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელისათვის ანაზღაურების შესახებ დეკლარაციის წარდგენის მომენტიდან ნამეტი თანხის დაბრუნების მომენტამდე.
აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ შპს «ჯ-ს” ზედმეტად გადახდილ თანხაზე საურავი უნდა დარიცხვოდა და შესაბამისი ანაზღაურებაც მიეღო. ამასთანავე დავის სწორი გადაწყვეტა მოითხოვს საურავის ანაზღაურებისათვის ვალდებულიპირის ზუსტ განსაზღვრას. მართალია, ჩვეულებისამებრ საბაჟო სამართალურთიერთობების მონაწილეებს წარმოადგენენ საბაჟო ორგანო და საბაჟო გადასახადის გადამხდელი, მაგრამ კონკრეტული დავის სპეციფიკური ხასიათის გათვალისწინებით კონკრეტულ სამართალურთიერთობაში საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხების და მასზე დარიცხული საურავების დაბრუნებაზე ვალდებული პირის, საბაჟო დეპარტამენტის მხარეზე თანამოპასუხის სახით ჩაბმა. საქართველოს პრეზიდენტის 29.12.98.წ. ¹991 განკარგულების თანახმად, სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის და საგადასახადო დეპარტამენტის შეჯერებული მონაცემები ორგანიზაციებსა და ბიუჯეტს შორის არსებული ურთიერთდავალიანების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტისათვის უნდა გადაცემულიყო, რომელსაც უშუალოდ ეკისრება წარმოდგენილი დასკვნების შესაბამისად თანხების დაბრუნების უზრუნველყოფა. საკასაციო სასამართლო მხარისა და სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მითითება კონკრეტულ დავაზე ვრცელდება და არ ეხება სხვა სახის საბაჟო სამართალურთიერთობებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძვლს წარმოადგენს, შესაბამისად გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს სსსკ-ს 412-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი. საქმის ხელმეორედ განხილვისას სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა საქმეში საბაჟო დეპარტამენტის მხარეზე თანამოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის ჩართვის თაობაზე. საურავის თანხის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით საჭიროა ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების თარიღის დადგენა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.11.01წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.