Facebook Twitter

3გ-ად-9-01 26 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მსაჯულები: ო. იასეშვილი,

ი. ბუხნიკაშვილი

დავის საგანი: რ. გ-ოვის მიმართ «საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 28.05.01წ. ¹212 ბრძანებულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. გ-ოვმა სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ დაიბადა ... წელს, ბოლნისის რაიონის სოფ. ...ში, 1989წ. დაამთავრა მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფილიალი, 1982 წლიდან მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს ორგანოებში. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შს მინისტრის 10.07.91წ. ¹490 ბრძანების საფუძველზე, იგი მივლინებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შს სამინისტროს განკარგულებაში სამუშაოდ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. განჯის პროკურორი, რომელსაც ადრე აღძრული ჰქონდა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე, დაინიშნა რა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორად, განაახლა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე გაუგებარი ბრალდებით, გამოაცხადა ძებნა, რის შედეგადაც 10.01.01წ. მოსარჩელე დაკავებული იქნა. საქართველოს გენერალური პროკურატურის 05.03.01წ. ¹24-2გ-2001წ. წერილის საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს 31.01.01წ. ¹06/01-23 დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელე ცნობილი იქნა საქართველოს მოქალაქედ და დაუყოვნებლივ განთავისუფლდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმავე დასკვნის საფუძველზე რ. გ-ოვს გადაეცა საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტმა, საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებით, 08.05.01წ. დასკვნით შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა, ისე, რომ არ გაუუქმებია მისი საქართველოს მოქალაქედ ცნობის დასკვნა. აღნიშნული დასკვნა მოსარჩელემ მიიჩნია უკანონოდ და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:

1. «საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ» დებულების 31-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებული იყო საქართველოს მოქალაქეობის დადგენისათვის მოეთხოვა დაინტერესებული მხარისათვის წარედგინა საქართველოში არანაკლებ ხუთი წლით მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტის, პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლები ანდა იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები, ცნობა საპასპორტო სამსახურიდან იმის შესახებ, რომ დაინტერესებულ პირს კანონით დადგენილ ვადაში უარი არ განუცხადებია საქართველოს მოქალაქეობაზე. მოსარჩელის განმარტებით, დასკვნის მასალებში არ არსებობს მისი დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, მშობლის საპასპორტო მონაცემები და სხვა დოკუმენტაცია, რომლის წარდგენა აღნიშნული დებულების თანახმად, სავალდებულოა.

2. მოსარჩელის აზრით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაეყრდნო მხოლოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შს სამინისტროს ცნობას იმის შესახებ, რომ იგი ითვლებოდა აზერბაიჯანის მოქალაქედ, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. «აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც 1992წ. 1 იანვრისათვის არ იყო აზერბაიჯანის მოქალაქე, მაგრამ რეგისტრირებულია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ითვლება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქედ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირი მიიღებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში წერილობით მიმართავს მოქალაქეობის შეძენის თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩაეწერა მხოლოდ 1995 წელს და ამრიგად, 1992 წლამდე და მის შემდეგაც არის საქართველოს მოქალაქე, მოპასუხეს უნდა გაერკვია და გამოეთხოვა ის დოკუმენტი, რომლითაც რ. გ-ოვმა მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის ორგანოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე. ასეთი დოკუმენტის არ არსებობის გამო დაინტერესებული მხარე მას სრულიად უსაფუძვლოდ თვლის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქედ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არასოდეს უფიქრია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღებაზე, არსად განცხადებით ამის თაობაზე არ მიუმართავს, დაინტერესებულ მხარეს შეცდომაში შეჰყავს იუსტიციის სამინისტრო, რომლის დასკვნა ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობას მოქალაქეობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 08.05.01წ. დასკვნის, სამინისტროს კოლეგიის დადგენილების ბათილად ცნობა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად აღნიშნული დასკვნის და დადგენილების მოქმედების შეჩერება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 25.07.01წ. განჩინებით რ. გ-ოვს უარი ეთქვა სასარჩელო განცხადების მიღებაზე და საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 26.07.01წ. განჩინებით რ. გ-ოვს უარი ეთქვა ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერებაზეც.

თბილისის საოლქო სასამართლოში რ. გ-ოვმა შეცვალა თავისი მოთხოვნა, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხედ საქართველოს პრეზიდენტის ჩაბმა იმ საფუძვლით, რომ მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს პრეზიდენტის 28.05.01წ. ¹212 ბრძანებულება რ. გ-ოვისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული ბრძანებულების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად მისი მოქმედების შეჩერება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 03.08.01წ. განჩინებით რ. გ-ოვის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, საქართველოს პრეზიდენტის 28.05.01წ. ¹212 ბრძანებულების «საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ» გაუქმების თაობაზე მიღებულ იქნა წარმოებაში, აღნიშნული ბრძანებულების მოქმედება შეჩერდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 07.08.01წ. განჩინებით საქმეში მოპასუხის მხარეზე მესამე პირად ჩაბმული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 22.11.01წ. განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმის მასალები რ. გ-ოვის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის და მესამე პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» ორგანული კანონის 42-ე მუხლის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. მხარეებს აგრეთვე განემარტათ, რომ უფლებამოსილ სასამართლოში საქმის განხილვამდე საქართველოს პრეზიდენტის 28.05.01წ. ¹212 ბრძანებულება რ. გ-ოვის მიმართ შეჩერებულია თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 03.08.01წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით.

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას მხარეები დაეთანხმნენ განსახილველ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადობას, მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს სასარჩელო განცხადებას, მოითხოვეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და აღნიშნეს, რომ 1991-99 წ.წ. რ. გ-ოვი მივლინებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებში საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით, 1991-99წ.წ. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შსს ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის მიუხედავად იგი არ კარგავდა კავშირს საქართველოსთან, სადაც ცხოვრობდნენ მისი ოჯახის წევრები. მოსარჩელემ აღნიშნა აგრეთვე, რომ მას არასოდეს მიუმართავს ოფიციალური ორგანოებისათვის განცხადებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, საქმეში დაცული განცხადების ასლი მისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პასპორტის გაცემის შესახებ ყალბია და არ არის შედგენილი მისი ხელით, იუსტიციის სამინისტრომ ისე მოამზადა და დაამტკიცა დასკვნა რ. გ-ოვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ, რომ მისთვის ამის შესახებ არ უცნობებიათ. რ. გ-ოვმა დააყენა სასამართლოს წინაშე შუამდგომლობები მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის განხილვის დაწყების შესახებ მისთვის სამინისტროს მიერ შეტყობინების გამოგზავნის გადამოწმებაზე, პასპორტის გაცემის შესახებ განცხადების ექსპერტიზაზე გადაგზავნის შესახებ. მოპასუხემ – საქართველოს პრეზიდენტის და მესამე პირის – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი არ დაუჭირეს რ. გ-ოვის შუამდგომლობას და განაცხადეს, რომ «საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ» დებულების თანახმად დაინტერესებული პირის მოწვევა არის დეპარტამენტის უფლება და არა ვალდებულება (17-ე, 26-ე მუხ.), მიუხედავად ამისა მოსარჩელეს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, რ. გ-ოვის უცხო ქვეყნის მოქალაქეობა დასტურდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პასპორტის გაცემის შესახებ განცხადების გარეშეც, იუსტიციის სამინისტროს თავდაპირვლი დასკვნა ემყარებოდა საპასპორტო მონაცემებს, რომელშიც იმ დროს მოქმედი წესების დარღვევით არ იყო ასახული 1991 წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. რ. გ-ოვმა მოხსნა დასმული შუამდგომლობები და აღნიშნა, რომ მხოლოდ 1995 წელს ოფიციალურად ამოეწერა საქართველოდან და ჩაეწერა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მანამდე და მის შემდეგ ის ინარჩუნებდა საქართველოს მოქალაქეობას, რაც დადასტურდა კიდეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თავდაპირველი დასკვნით. აზერბაიჯანის რესპუბლიკის შსს ორგანოებში მსახურობდა საქართველოს კომპეტენტური ორგანოს ნებართვით, საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში არ დამდგარა იმის გამო, რომ საქართველოს საკონსულო გაიხსნა მისი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან წასვლამდე 1 წლით ადრე. საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 28.05.01წ. ¹212 ბრძანებულების ბათილად ცნობა. მოპასუხე – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა და საქმეში მესამე პირად ჩაბმული – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სადავო აქტის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად თვლის, რომ რ. გ-ოვის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ საქმეზე ფაქტობრივად დადგინდა, რომ 20.11.60წ. ბოლნისის რაიონის სოფ. ...ში (ფარხალო) დაბადებული რ. გ-ოვი 14.08.91წ. დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. განჯის კიაპაზის შს რაიგანყოფილების უფროს ...ედ, 1991წ. ოქტომბერში რ. გ-ოვი გადაყვანილ იქნა ქ. განჯის ნიზამინის შს რაიგანყოფილების ...ად, 1992წ. მაისიდან უფროს ...ად, 1994წ. ივნისში ტაუზის პოლიციის რაიგანყოფილების ...ად, 1995წ. დეკემბერში გერანბოის პოლიციის რაიგანყოფილების ...ად, 1996წ. მარტში _ ამავე რაიგანყოფილების უფროს ...ად, 1998წ. მაისში ხანლარის შს რაიგანყოფილების ...ედ, 1999წ. ივლისში რ. გ-ოვი განთავისუფლდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შს ორგანოებიდან.

15.01.01წ. საქართველოს გენერალურ პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა, რომელმაც მოითხოვა რ. გ-ოვის ექსტრადაცია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 31.01.01წ. ¹06/01-23 წერილის საფუძველზე, რომლითაც საპასპორტო მონაცემების მიხედვით რ. გ-ოვი «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» ორგანული კანონის 3 მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად ითვლება საქართველოს მოქალაქედ, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» მინსკის 22.01.93წ. კონვენციის 57-ე მუხლის თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას უარი ეთქვა რ. გ-ოვის გადაცემაზე, რ. გ-ოვი განთავისუფლდა წინასწარი პატიმრობიდან.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 01.03.01წ. წარდგინებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელშიც აღნიშნა, რომ ექსტრადაციის მასალების მიხედვით რ. გ-ოვი არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე და 1991-99 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» კანონის 32-ე და 35-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოითხოვა რ. გ-ოვის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტმა განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან შემოსული წარდგინება და თანდართული დოკუმენტები, წარდგინების და თანდართული მასალების განხილვის შედეგად დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული რ. გ-ოვისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე წარდგინების დაკმაყოფილება. დასკვნა, თანდართულ მასალებთან ერთად, წარედგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კოლეგიას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კოლეგიის 08.05.01წ. ¹9/45 დადგენილებით «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» ორგანული კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, დამტკიცდა მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის დასკვნა რ. გ-ოვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ, წინასწარი განხილვის მასალები, დასკვნასთან ერთად, წარედგინა საქართველოს პრეზიდენტს. «საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 28.05.01წ. ¹212 ბრძანებულებით რ. გ-ოვს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. გ-ოვი 1991-99წ.წ. მსახურობდა რა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონის შსს ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე, მუდმივად ცხოვრობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. «აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ» 30.09.98წ. კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით კანონის ძალაში შესვლის დღისათვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია წარმოადგენდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქედ მიჩნევის საფუძველს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სარეგისტრაციო სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, რ. გ-ოვი შსს რესპუბლიკური სამისამართო ბიუროს ინფორმაციის და აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის 1 პუნქტის საფუძველზე ითვლება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქედ. პალატა არ ეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ «აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ის ვერ იქნება მიჩნეული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქედ ვინაიდან აღნიშნული ნორმის თანახმად მოქალაქეობის მიღება შესაძლებელი იყო უკეთუ იგი ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში წერილობით მიმართავდა მოქალაქეობის შეძენის თაობაზე, რაც მას არ განუხორციელებია. პალატა თვლის, რომ ასეთი მიმართვის არარსებობა არ უარყოფს რ. გ-ოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობას, ვინაიდან აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილი არ შეეხება რ. გ-ოვს, კანონის აღნიშნული ნორმის ტექსტის თანახმად იგი ეხება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულ, 1992წ. 1 იანვრისათვის მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომელთათვისაც მოქალაქეობის მიღების პირობას წარმოადგენდა კანონის ძალაში შესვლის დღიდან ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადებით მიმართვა. ამდენად, რ. გ-ოვი აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ითვლება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქედ.

პალატა არ იზიარებს აგრეთვე მოსარჩელის მოსაზრებას მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს პრეზიდენტის 09.11.98წ. ¹637 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ» დებულების 31-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამავე დებულების V თავით, დებულების 31-ე მუხლი განსაზღვრავს არა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის, არამედ საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტში წარსადგენ დოკუმენტაციას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტის მიღებისას დაცულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების წესები, დებულებით დადგენილი წესის დაცვით რ. გ-ოვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობის წარდგინებით იუსტიციის სამინისტროს მიმართა რესპუბლიკის პროკურატურამ (49-ე მუხ.), სამინისტროს ადმინისტრაციული წარმოების საქმეში დაცულია მოქალაქეობის დაკარგვის საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტაცია, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 31.01.01წ. წერილი საპასპორტო მონაცემების მიხედვით რ. გ-ოვის საქართველოს მოქალაქედ მიჩნევის შესახებ, სსრკ პასპორტის გაცემის შესახებ რ. გ-ოვის განცხადების ასლი, რ. გ-ოვის ახსნა-განმარტების ტექსტი; საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია – აზერბაიჯანის რესპუბლიკის შსს საპასპორტო-სარეგისტრაციო სამმართველოს უფროსის ცნობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურის წერილი რ. გ-ოვის მიერ 1991წ. აგვისტოდან შს სამინისტროს ორგანოებში სამსახურის შესახებ, რ. გ-ოვის 29.04.2000წ. განცხადების ასლი პასპორტის გაცემის შესახებ. პალატა არ იზიარებს რ. გ-ოვის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მისთვის არ უცნობებიათ მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. იუსტიციის სამინისტროს საქმის წარმოების მასალებში დაცულია მოქალაქეობის განყოფილების მრჩევლის მიერ რ. გ-ოვის სახელზე გაგზავნილი შეტყობინება (27.03.01წ. ¹06/01-65) იუსტიციის სამინისტროში საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ წარდგინების შემოსვლის შესახებ, რასთანაც დაკავშირებით რ. გ-ოვს ეთხოვა სამინისტროში გამოცხადება. სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე იმას, რომ ...ის თემის საკრებულოს გამგეობის მიერ უზენაესი სასამართლოსათვის გაცემული ცნობის თანახმად რ. გ-ოვი არ იმყოფება თემის საკრებულოს ტერიტორიაზე და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. საქართველოს პრეზიდენტის, იუსტიციის მინისტრის და სხვათა სახელზე რ. გ-ოვის განცხადებაში მოსარჩელე თავად აღნიშნავს, რომ პირადი დაცვის მოსაზრებებით გამუდმებით იცვლის საცხოვრებელ ადგილს. ამავე განცხადების ტექსტიდან ირკვევა, რომ რ. გ-ოვისათვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ უნდა დაწყებულიყო საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა, მიუხედავად ამისა რ. გ-ოვს არ მიუმართავს იუსტიციის სამინისტროსათვის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმის მოთხოვნით. ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას რ. გ-ოვის გარეშე არ გამოუწვევია არასწორი გადაწყვეტილების მიღება. პალატა თვლის, რომ სახეზეა ორგანული კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ყველა საფუძველი. რ. გ-ოვი 1991წ. აგვისტოდან მსახურობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებში. მართალია აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონი «პოლიციის შესახებ», რომელიც ადგენს პოლიციის ორგანოებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეთა სამსახურს, მიღებულ იქნა 1999წ. ოქტომბერში, რ. გ-ოვის შსს ორგანოებიდან დათხოვნის შემდეგ (1999წ. ივლისი), მაგრამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 55-ე მუხლი ადგენდა, რომ სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირები ინიშნებიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეთა რიცხვიდან. აზერბაიჯანის რესპუბლიკის შს ორგანოებში სამსახური თავისთავად ადასტურებს აღნიშნული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების, იქ რეგისტრაციის ქონის ფაქტს, რაც ,,აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქედ მიჩნევის საფუძველს. სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის, «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» ორგანული კანონის 1-ლი, 32-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს. რ. გ-ოვი მუდმივად ცხოვრობდა რა სხვა სახელმწიფოში, არასაპატიო მიზეზით არ დამდგარა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში (32-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტი). საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაარსდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 24.02.93წ. ¹8/29 დადგენილების საფუძველზე, «დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ» ვენის კონვენციის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის და «საკონსულო ურთიერთობის შესახებ» ვენის კონვენციის 70-ე მუხლის თანახმად საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უფლებამოსილი იყო შეესრულებინა საკონსულოს ფუნქციები. ამდენად, პალატა უსაფუძვლოდ თვლის რ. გ-ოვის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას არ დაურღვევია ორგანული კანონის 32-ე მუხლის ,,ბ,, ქვეპუნქტის მოთხოვნები, რადგანაც საქართველოს საკონსულო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მისი საქართველოს ჩამოსვლამდე ერთი წლით ადრე გაიხსნა.

სახეზეა აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის 32-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. რ. გ-ოვი მუშაობდა რა მარნეულის შსს რაიგანყოფილების უბნის ...ად 12.02.91წ. განცხადებით მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შს სამინისტროს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შსს ორგანოების სამსახურში მიღების შესახებ. უკანასკნელის დეპეშის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 10.07.91წ. ბრძანებით რ. გ-ოვი განთავისუფლდა მარნეულის შს რაიგანყოფილების პროფილაქტიკის ქვეგანყოფილების არასრულწლოვანთა საქმეების ...ის თანამდებობიდან და მივლინებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შსს განკარგულებაში. პალატა შსს 10.07.91წ. ბრძანებას ვერ მიიჩნევს ორგანული კანონის 32-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უცხო სახელმწიფოს პოლიციის სამსახურში შესვლის საქართველოს კომპეტენტური ორგანოს ნებართვად, ვინაიდან ბრძანება გამოცემულია «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» 25.03.93წ. ორგანული კანონის მიღებამდე, ჯერ კიდევ ერთიანი სსრ კავშირის მოქალაქეობის არსებობის პირობებში, რ. გ-ოვის მიერ 1991-99წ.წ. პერიოდში უცხო ქვეყნის შს ორგანოებში სამსახური ვერ იქნება მიჩნეული მივლინებად.

პალატა არ იზიარებს აგრეთვე მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა არ დაიშვებოდა იუსტიციის სამინისტროს 31.01.01წ. დასკვნის გაუქმების გარეშე, რომლითაც რ. გ-ოვი მიჩნეულ იქნა საქართველოს მოქალაქედ. პალატა მოსარჩელის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის 31.01.01წ. ¹06/01-23 წერილი, რ. გ-ოვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ, ამავე დეპარტამენტის 08.05.01წ. დასკვნის მსგავსად, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, შესაბამისად მოქალაქეობის შეწყვეტა არ საჭიროებდა მის გაუქმებას. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის 31.01.01წ. ¹06/01-23 წერილი მარნეულის რაიონის შს რაიგანყოფილების უფროსის მიმართ მომზადდა რ. გ-ოვის საპასპორტო მონაცემების საფუძველზე, რომლის ჩანაწერები, იმჟამად არსებული ჩაწერის წესების დარღვევით, არ ასახავდნენ 1991 წლიდან რ. გ-ოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. საქართველოს მოქალაქეობის დადგენა არ გამორიცხავს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (დებულების 31-ე მუხ. 2 ნაწ. «ბ» ქვეპუნქტი). პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ რ. გ-ოვი 1991წ. აგვისტოდან მუდმივად ცხოვრობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც მსახურობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შსს ორგანოებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ამდენად «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» 25.03.93წ. ორგანული კანონის შემოღების დროისათვის რ. გ-ოვი მუდმივად არ ცხოვრობდა საქართველოში (მე-3 მუხ. «ა» ქვეპუნქტი), მან 1991წ. 21 დეკემბრამდე დატოვა საქართველოს ტერიტორია (მე-3 მუხ. «ბ» ქვეპუნქტი), რაც ქმნის აგრეთვე «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» კანონის 32-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს რ. გ-ოვის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს პრეზიდენტის 28.05.01წ. ¹212 ბრძანებულება რ. გ-ოვის ნაწილში მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამასთანავე, პალატა აღნიშნავს, რომ «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» ორგანული კანონის 42-ე მუხლი, ითვალისწინებს რა საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში, არ ეხება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა იხილავს რა რ. გ-ოვის სარჩელს «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» ორგანული კანონის 42-ე, «საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ» ორგანული კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე, თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42.1 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ძირითად უფლებათა რიგს განეკუთვნება და წარმოადგენს ყველა სხვა უფლებების და თავისუფლებების დაცვის გარანტიას, აღნიშნული უფლება საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, გულისხმობს და მოიცავს მისი სრულად რეალიზების კონკრეტულ გარანტიებს, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. საქმის სამართლიანი და ღია მოსმენის უფლების უზრუნველსაყოფად (,,ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ” კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი), მოსარჩელისათვის სათანადო პროცესუალურ-სამართლებრივი გარანტიების მინიჭების მიზნით, სასამართლო პროცესუალური ანალოგიის გამოყენებით შესაძლებლად თვლის პალატის გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლების დაშვებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 249-ე, 391 მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. რ. გ-ოვის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს საქართველოს პრეზიდენტის 28.05.01წ. ¹212 ბრძანებულება ,,საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ».

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზ-შვილების ქ. ¹32) გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო საჩივრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეტანით.