3გ-ად-9-02 29 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ქ. ბათუმის მერის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში გატარების შესახებ.
აწერილობითი ნაწილი:
ლ. ქ-ძის რწმუნებულმა 16.05.02წ. სარჩელი აღძრა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში მოპასუხის – ქ. ბათუმის ¹1 საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საოლქო საარჩევნო კომისიის დავალდებულება 16.06.02წ. დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის არჩევნებში ქ. ბათუმის მერის კანდიდატად ლ. ქ-ძის წარდგენის თაობაზე საინიციატივო ჯგუფის განცხადების რეგისტრაციაში გატარება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 13-14 მაისს მიმართეს ქ. ბათუმის ¹1 საოლქო საარჩევნო კომისიას, რათა წარედგინათ საინიციატივო ჯგუფის განცხადება ქ. ბათუმის მერის კანდიდატად ლ. ქ-ძის რეგისტრაციაში გატარების შესახებ. საინიაციტივო ჯგუფის წარმომადგენლებს არავინ დახვდათ საარჩევნო ოლქში. 15.05.02წ. ჯგუფის წევრებმა კვლავ მიაკითხეს საოლქო საარჩევნო კომისიას, სადაც უარი განაცხადეს განცხადების ჩაბარებაზე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 20.05.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მას ბათუმის ¹1 საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა ლ. ქ-ძეს ქ. ბათუმის მერის კანდიდატად რეგისტრაციისათვის განცხადების მიღებაზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 15.05.02წ. ლ. ქ-ძის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფმა მართლაც მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით ლ. ქ-ძის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, სადაც მათ განემარტათ, რომ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია არ იყო შევსებული სათანადო წესით, შემდგომში კომისიისათვის საინიციატივო ჯგუფის წევრებს არ მიუმართავთ. კოლეგიამ აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ პასუხობს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, განცხადებას თან არ ახლავს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული სააღრიცხვო ბარათი ორ ცალად, რომელშიც მითითებული იქნებოდა, რომ ლ. ქ-ძე თანახმა იყო კენჭი ეყარა მოცემულ საარჩევნო ოლქში. 20.05.02წ. გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ქ. ბათუმის მერიის კანდიდატთა განცხადების რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამასთანავე ქ. ბათუმის ¹1 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რ. ა-ძემ სასამართლოში მიცემულ ახსნა-განმარტებაში მზადყოფნა განაცხადა, მიიღოს და გაატაროს რეგისტრაციაში ნებისმიერი კანდიდატის და საინიციატივო ჯგუფის განცხადება, დოკუმენტაციის კანონის მოთხოვნათა დაცვით შევსების შემთხვევაში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 20.05.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. ქ-ძის წარმომადგენლის რ. გ-შვილის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ 13 მაისიდან 16 მაისამდე საინიციატივო ჯგუფი განცხადებით მიმართავდა საოლქო საარჩევნო კომისიას, რათა მიეღოთ განცხადება და კანდიდატად რეგისტრაციაში გაეტარებიათ ლ. ქ-ძე, კომისიაში ზეპირსიტყვიერად უარს აცხადებდნენ განცხადების მიღებაზე, განმეორებით უარის მიღების გამო მოქალაქეების მიერ აღნიშნულის შესახებ 16.05.02წ. შედგა აქტი, რომელიც სსსკ-ს 244-ე მუხლის დარღვევით არ იქნა შეფასებული სასამართლოს მიერ. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც მიუთითა, რომ განცხადებას თან უნდა ჰქონოდა დართული სააღრიცხვო ბარათი, მაშინ როდესაც სააღრიცხვო ბარათი გაიცემა განცხადების მიღების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო კოლეგიამ უხეშად დაარღვია «აჭარის ა/რ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და მათი არჩევნებ შესახებ» კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნები. 20.05.02წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მითითება იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება არღვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 23-ე ნაწილის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 20.05.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება, ლ. ქ-ძის ქ. ბათუმის მერობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარება.
მოწინააღმდეგე მხარე _ ¹1 ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რ. ა-ძე თავის შესაგებელში საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ ცსკომ 14.05.02წ. მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა, რომ აჭარის ა/რ 16.06.02წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს 2001 წ. შექმნილი საარჩევნო ოლქები. ¹1 საარჩევნო ოლქი მუშაობას შეუდგა 15.05.02წ., ჩატარდა კომისიის სხდომა, შემუშავდა სამუშაო რეგლამენტი, განხილულ იქნა ორგანიზაციული საკითხები. მოქ. ლ. ქ-ძის წარმომადგენლებმა საოლქო საარჩევნო კომისიას ლ. ქ-ძის ქ. ბათუმის მერობის კანდიდატად წარდგენისათვის მიმართეს 15.05.02წ. 11.00 საათზე. კომისიას წარედგინა ლ. ქ-ძის და 10კაციანი საინიციატივო ჯგუფის განცხადება კანდიდატად რეგისტრაციაში გატარების შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წარმომადგენლებს განემარტათ, რომ წარმოდგენილი განცხადება ვერ პასუხობს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს, მათ მიეცათ წინადადება წარმოედგინათ სრულყოფილი დოკუმენტაცია, რომელთა ნიმუშების მისაღებად მიემართად საარჩევნო კომისიისათვის 16.05.02წ. 17.00 საათზე. მიუხედავად ამისა, ლ. ქ-ძის წარმომადგენლები დანიშნულ დროს არ გამოცხადდნენ კომისიაში, აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში მათი სარჩელის განხილვისას მათ განემარტათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში შეუძლიათ აიღონ ყველა საჭირო დოკუმენტაციის ნიმუში და შემოიტანონ დოკუმენტები რეგისტრაციისათვის. ლ. ქ-ძის წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადნენ 22.05.02წ., მიიღეს საჭირო დოკუმენტების ნიმუშები, 27.05.02წ. მათ მიმართეს კომისიას შეკითხვით შესაძლებელი იყო თუ არა სააღრიცხვო ბარათის პირადი ხელმოწერის ფაქსის საშუალებით გამოგზავნა, დადებითი პასუხის გაცემის მიუხედავად კანდიდატის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია კომისიაში არ შემოსულა.
საკასაციო პალატის სხდომაზე ლ. ქ-ძის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, მოწინააღმდეგე მხარის _ ¹1 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები პროცესზე არ გამოცხადნენ, კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა საჩივრის მათი დასწრების გარეშე განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძლების კანონიერების შესწავლის, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის ¹1 ბაათუმის საარჩევნო ოლქში ლ. ქ-ძის ქ. ბათუმის მერობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებას ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ პასუხობს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 119-ე, «აჭარის ა/რ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მათი არჩევნების შესახებ» აჭარის ა/რ 08.05.02წ. ორგანული კანონის 27-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში არ არის მითითებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრების რეგისტრაციის ადგილი, დამოუკიდებელი კანდიდატის დაბადების წელი, თვე და რიცხვი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, განცხადებას არ ერთვის კანდიდატის მიერ ხელმოწერილი ორი ცალი სააღრიცხვო ბარათი. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბარათი გაიცემა განცხადების მიღების შემდეგ, რომ განცხადებასთან ერთად სააღრიცხვო ბარათების წარდგენის საჭიროებაზე მითითებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიამ უხეშად დაარღვია «აჭარის ა/რ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და მათი არჩევნების შესახებ» 08.05.02წ. ორგანული კანონის მოთხოვნები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად), რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქეობის პირადობის მოწმობისა და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი და თარიღი, დაბადების თარიღი) მითითებული უნდა იყოს, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემულ საარჩევნო ოლქში. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო ბარათში დამატებით უნდა აღინიშნოს კანდიდატად წარმოდგენილი პირის საქართველოში 5 წლის მანძილზე მუდმივად ცხოვრების შესახებ. პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე იმას, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 20.05.02წ. გადაწყვეტილების მიღებისას კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა არ იყო ამოწურული, «აჭარის ა/რ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების დანიშვნის შესახებ» აჭარის ა/რ მეთაურის 02.05.02წ. განკარგულებით აჭარის ა/რ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები 16.06.02წ. დაინიშნა. ,,აჭარის ა/რ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მათი არჩევნების შესახებ» აჭარის ა/რ ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-20 დღისა. სასამართლო კოლეგიის 20.05.02წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიეთითა წარდგენილი დოკუმენტაციის ნაკლოვანებაზე და განემარტა სასამართლო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობაზე. კანდიდატად რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღების და რეგისტრაციის მზადყოფნა დაადასტურა აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. მიუხედავად აღნიშნულისა, საოლქო საარჩევნო კომისიას არ წარედგინა ლ. ქ-ძის მერობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია, შესაბამისად მას არ მიეცა კანონმდებლობით გათვალისწინებული მხარდამჭერთა სიების წარდგენის უფლება.
ლ. ქ-ძის წარმომადგენლის რ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი საკასაციო პალატის მიერ წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის 23-ე ნაწილის საფუძველზე, რომლის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ცენტრალური ან საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო სასამართლოში, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას, უკანასკნელი 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 20.05.02წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითება იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება ვერ გახდება აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სსსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საქმის გადაწყვეტის აღნიშნულ პროცესუალურ ხარვეზს არ გამოუწვევია განსახილველი დავის არასწორი გადაწყვეტა, საქმეზე კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 20.05.02წ. გადაწყვეტილება.
2. კასატორს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.