Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-9-კ-02 29 ივნისი, 2002 წ., ქ .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაბრუნებულ თანხებზე საურავის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

15.09.2000წ. შპს «კ-მ” სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თბილისის რეგიონალური საბაჟოსათვის, საურავის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგენლისათვის ხელშეკრულებით გადასახდელი თანხების დაკისრების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999წ. იანვარში შპს «კ-ს” დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხა 32337,97 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, დაბრუნებულ თანხებს უნდა დაერიცხოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული განაკვეთების მიხედვით საურავი, რის გამო შპს «კ-სათვის» ასანაზღაურებელი თანხა 5675,7 ლარს შეადგენს.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 17.10.2000წ. გადაწყვეტილებით შპს «კ-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, თბილისის რეგიონალურ საბაჟოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საურავის თანხის _ 5675,7 ლარის გადახდა, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების, სულ 369 ლარის ანაზღაურება. საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხის დაბრუნებასთან ერთად უნდა აუნაზღაურდეს საურავების თანხები.

საქართველოს საბაჟოO დეპარტამენტმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 28.12.98წ. ¹991 განკარგულების შესაბამისად მხარისათვის დაბრუნებულ თანხაზე დარიცხული საურავი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს უნდა გადახდეს. აპელანტმა მიუთითა აგრეთვე, რომ საბაჟოO ორგანოები «სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის თანახმად საერთო სასამართლოში საქმის განხილვისას თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად უკანონოა რაიონული სასმამართლოს მიერ მისთვის ბაჟის დაკისრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.11.01წ. გადაწყვეტილებით საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს ,,კ-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის რეგიონალურ საბაჟოს მოსარჩელის სასარგებლოდ საურავის სახით დაეკისრა 5675,7 ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების _ 227 ლარის გადახდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შპს «კ-ს” მიერ ზედმეტად გადახდილ თანხას საურავი უნდა დარიცხვოდა გადამხდელისათვის ანაზღაურების შესახებ დეკლარაციის წარდგენის მომენტიდან ნამეტი თანხის დაბრუნების მომენტამდე, რაც მთლიანობაში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ყოველწლიური განაკვეთის მიხედვით, 5675,7 ლარს შეადგენდა. აპელანტს დაეკისრა აგრეთვე ადვოკატისათვის გადახდილი თანხის _ 227 ლარის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით საბაჟო დეპარტამენტი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შპს «კ-ს” დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საბაჟო დეპარტამენტის მიერ გასაჩივრდა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ჯარიმებისა და საურავების სადავო თანხების დაბრუნება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება. კასატორი თვლის, რომ შპს «კ-ს” მიერ ზედმეტად გადახდილ თანხაზე დარიცხული საურავის თანხის გადახდა იმ ორგანოს უნდა დაეკისროს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის 29.12.98წ. ¹991 განკარგულებით ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება დაევალა, კერძოდ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტს. კასატორს უკანონოდ მიაჩნია აგრეთვე მისთვის ადვოკატის ხარჯების დაკისრება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სააპელაციო პალატის 06.10.01წ. გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

«საქართველოს საბაჟო კოდექსის” 75-ე მუხლის თანახმად, საბაჟო გადასახადების უკან დაბრუნებისას მათზე დაირიცხება პროცენტი საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით. საგადასახადო კოდექსის მითითებული ნორმის თანახმად, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით გადასახადის ზედმეტად გადახდევინების შემთხვევაში, პროცენტი გადახდილ უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელისათვის ანაზღაურების შესახებ დეკლარაციის წარდგენის მომენტიდან ნამეტი თანხის დაბრუნების მომენტამდე.

აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ შპს «კ-ს” ზედმეტად გადახდილ თანხაზე საურავი უნდა დარიცხვოდა და შესაბამისი ანაზღაურებაც მიეღო. ამასთანავე, დავის სწორი გადაწყვეტა მოითხოვს საურავის ანაზღაურებისათვის ვალდებული პირის ზუსტ განსაზღვრას. მართალია, ჩვეულებისამებრ საბაჟოO სამართალურთიერთობა წარმოებს საბაჟო ორგანოსა და საბაჟო გადასახადის გადამხდელს შორის, მაგრამ კონკრეტული დავა სპეციფიურ ხასიათს ატარებს. საქართველოს პრეზიდენტის 29.12.98წ. ¹991 განკარგულების თანახმად, სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის და საგადასახადო დეპარტამენტის შეჯერებული მონაცემები ორგანიზაციებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის არსებული ურთიერთდავალიანების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტისათვის უნდა გადაცემულიყო, რომელსაც უშუალოდ ეკისრებოდა წარმოდგენილი დასკვნების შესაბამისად თანხების დაბრუნების უზრუნველყოფა. სახაზინო დეპარტამენტის ჩართვა საჭიროა აგრეთვე თანხის დაბრუნების დღის და შესაბამისად დასარიცხი საურავის ოდენობის ზუსტი განსაზღვრის თვალსაზრისით, რადგან საურავი ირიცხება გადასახადის ზედმეტად გადახდის მომენტიდან ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების (ჩათვლის) მომენტამდე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ სამართალურთიერთობაში საბაჟო დეპარტამენტის მხარეზე თანამოპასუხედ ჩართულ უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტი, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხებისა და მასზე დარიცხული საურავების დაბრუნებაზე ვალდებული პირი. საკასაციო სასამართლო მხარისა და სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მითითება კონკრეტულ დავაზე ვრცელდება და არ ეხება სხვა სახის საბაჟო სამართალურთიერთობებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, არსებობს სსსკ-ს 412-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას, საქმის ხელმეორე განხილვისას პალატამ უნდა იქონიოს მსჯელობა საქმეში საბაჟო დეპარტამენტის მხარეზე თანამოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის ჩართვის, საურავის თანხის ოდენობის თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.11.01წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.