Facebook Twitter

3გ/ად-9-კს-02 12 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტისაგანGდაწყებული გზის მშენებლობის დამთავრების მოთხოვნა იმდროინდელი მანეთის შესაბამისი ლარის კურსის ფარგლებში.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 6 დეკემბერს ... საქართველოს კავშირმა სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს საქართველოს გზების სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ და მიუთითა, რომ საქართველოს ... კავშირის გამგეობის წევრმა და კავშირის თავმჯდომარის მოადგილე _ ე. ჩ-ძემ 1989 წელს ხარაგაულის რაიონში ორი გზის გაყვანის თაობაზე შექმნა ორი პროექტი, პირველი _ ...-ის შვიდკილომეტრიანი გზის მოწყობა, რომელიც 700 000 მანეთი ჯდებოდა და, მეორე _ ხარაგაულის რაიონში, სოფ. ...-ში სამკილომეტრიანი ახალი გზის გაყვანა, რომელიც 200 000 მანეთის ღირებულების იყო. აღნიშნული ორივე პროექტი შემოწირულობების ხარჯზე ... კავშირის მიერ იყო დაფინანსებული და ყველა სამუშაოც მისი სახელით ხორციელდებოდა. ამასთან, მოზიდული თანხების დეპარტამენტის ანაგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, ხაშურის მეხუთე საგზაო სამმართველოსთან ერთად ...-ში მეომარმა ვეტერანებმა და სტუდენტურმა ჯგუფმა გარკვეული სამუშაოები შეასრულეს, სამუშაოს საბოლოოდ დასრულება კი ხაშურის მეხუთე საგზაო სამმართველოს დაევალა. 1990 წლისათვის ...-ის გზის მშენებლობის 10%, ხოლო სოფ. ...-ში შესრულებული სამუშაოების 50% იყო დასრულებული, თუმცა შემდგომში, რაჭა-იმერეთის რაიონებში მომხდარი მიწისძვრის გამო, მითითებული გზების მშენებლობა შეჩერდა. ... კავშირის გამგეობის წევრის ე. ჩ-ძის არაერთი მიმართვის შედეგად, საგზაო დეპარტამენტმა თანხმობა განაცხადა მითითებული ორი გზიდან ერთერთის _ ხაშურის რაიონში, სოფ. ...-ში გათვალისწინებული გზის მშენებლობაზე, თუმცა სოფ. ...-ში საგზაო მაგისტრალის მშენებლობა არ გაგრძელებულა. ამასთან, საგზაო დეპარტამენტმა არაერთხელ აცნობა მოსარჩელე მხარეს, რომ ბიუჯეტში თანხების სიმცირის გამო პროექტით გათვალისწინებული გზის მშენებლობა ვერ გაგრძელდებოდა და დროებით შეჩერებული იყო. დეპარტამენტი აქვე დაამატებდა, რომ შემოსავლების გაზრდის შემთხვევაში, მათ მიერ განხილულ იქნებოდა გზების მშენებლობის დასრულებისათვის დოტაციის გამოყოფის საკითხი, რაც, მოსარჩელის აზრით, მოპასუხის მხრიდან თანხმობას ნიშნავდა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხე საგზაო დეპარტამენტისაგან ხარაგაულის რაიონის სოფ. ...-ის სამკილომეტრიანი გზის მშენებლობის დამთავრება მოითხოვა იმდროინდელი 150 000 მანეთის შესაბამისი ლარის კურსის ფარგლებში.

მოპასუხე _ საგზაო დეპარტამენტმა მის მიერ წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ სოფ. ...-ის გზის მშენებლობას აწარმოებდა ¹5 საგზაო-სამშენებლო სარემონტო სამმართველო (ამჟამად, შპს «გ.-ი»), რომელიც ხაშურის რ-ის სოფ. ო.-ში მდებარეობდა. მოპასუხის თქმით, მითითებული გზა ადგილობრივი მნიშვნელობის გზას განეკუთვნებოდა და მისი დაფინანსება რაიონიდან ამოღებული თანხებით უნდა მომხდარიყო. ამრიგად, მოპასუხის მოსაზრებით, საქართველოს საგზაო დეპარტამენტი არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ ორივე გზის ოფიციალური დამკვეთი «ქ.-ა» იყო, ხოლო შემსრულებელი _ შპს «გ.-ი». ხელშეკრულებაც «ქ.-სა» და შპს «გ.-ს» შორის იყო გაფორმებული, ამდენად რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მხარეები არასათანადო მოსარჩელესა და არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდნენ და რადგან ე. ჩ-ძემ უარი განაცხადა სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე, სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... კავშირმა და მიუთითა, რომ სარჩელში ნახსენები გზების მშენებლობის დამკვეთიცა და დამფინანსებელიც ... კავშირი იყო, ამდენად, სასამართლოს მიერ მისი არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევა უსაფუძვლო იყო. მოსარჩელემ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

2001 წლის 28 სექტემბერს მოპასუხე საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა სასამართლოში სააპელაციო საჩივარზე პასუხი წარადგინა და მიუთითა, რომ იგი არასათანადო მოპასუხე იყო და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მართებულად ეთქვა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამასთან, საგზაო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ სარჩელი შეტანილ უნდა ყოფილიყო მოპასუხის («გ.-ის») ადგილმდებარეობის მიხედვით, ხაშურის რაიონის სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ... კავშირის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამრთლოს

გადაწყვეტილება და საგზაო დეპარტამენტს ხარაგაულის რაიონის სოფ. ...-ში დაწყებული გზის მშენებლობის დასრულება დაევალა.

საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხედ მიჩნეული «ქ.-ა» ლიკვიდირებული იყო და მის უფლებამონაცვლეს საქართველოს საგზაო დეპარტამენტი წარმოადგენდა, რომელსაც საქართველოს გზების მოვლა-პატრონობა, მათი მართვა და სრულყოფა ევალებოდა, ამდენად, სწორად მას უნდა დავალებოდა დაწყებული გზის მშენებლობის დასრულება. ამასთან, საოლქო სასამრთლომ მიუთითა, რომ საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ თანხების არსებობის შემთხვევაში სადავო გზის მშენებლობის დასრულებაზე თანხმობა მიჩნეულ უნდა ყოფილიყო მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებად.

2001 წლი 20 ნოემბერს ... კავშირის წარმომადგენელმა ე. ჩ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მან სასამართლოს სამომრიგებლო განცხადება წარუდგინა, რომელშიც მითითებული იყო, რომ თუ მოპასუხე ხარაგაულის რაიონში არსებული გზის მშენებლობას დაასრულებდა, მეორე გზაზე _ ...-ის დასრულებაზე პრეტენზია არ ექნებოდა. აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული არ იყო, ამდენად, ჩ-ძე მითითებულ საკითხზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვდა.

2001 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ე. ჩ-ძის განცხადება ვადის გაშვების გამო განუხილველად იქნა დატოვებული.

ე. ჩ-ძემ თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 27 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა სამომრიგებლო აქტი, რომელიც ადასტურებდა, რომ აპელანტი მოპასუხე მხარის მიერ სოფ. ...-ის გზის მშენებლობის დასრულების შემთხვევაში, მეორე გზის _ ...-ის დასრულებაზე პრეტენზიას აღარ განაცხადებდა და იტოვებდა უფლებას, რომ მითითებული საკითხი ცალკე სასარჩელო წესით შემდგომში დაეყენებინა სასამართლოს წინაშე. ე. ჩ-ძის თქმით, მითითებული განცხადება საოლქო სასამართლოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული არ იყო.

კერძო საჩივრის ავტორი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გაეცნო 7 ნოემბერს და წერილობითი სახით ჩამოაყალიბა განცხადება ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით. მითითებული განცხადება სხდომის მდივანს ხელზე ჩაბარდა და ჩ-ძემ აქვე მოითხოვა, რომ მისი სამომრიგებლო წინადადება გადაწყვეტილებაში ყოფილიყო ფორმულირებული. სხდომის მდივნის მიერ მას განემარტა, რომ გადაწყვეტილების საბოლოო ვარიანტი 20 ნოემბერს გადაეცემოდა. 20 ნოემბერს გადაწყვეტილების გაცნობისას აღმოჩენილი ხარვეზები კვლავ არ იყო გამოსწორებული და ე. ჩ-ძემ ახლა უკვე წერილობით ჩამოაყალიბა შენიშვნები. მან აქვე დაამატა, რომ სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მას გასაჩივრების ვადა გაშვებული ჰქონდა, არ იყო მართებული, რადგან მან სხდომის დროს დააყენა სამომრიგებლო წინადადება, მას შემდეგაც არაერთხელ ზეპირსიტყვიერად მოითხოვდა არსებული ხარვეზების გამოსწორებას, მითითებული მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის გამო კი ე. ჩ-ძემ 2001 წლის 20 ნოემბერს წერილობით ჩამოაყალიბა თავისი შენიშვნები და წარადგინა იგი სასამართლოში. ამდენად, ჩ-ძემ მიიჩნია, რომ მას დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნის ვადა გაშვებული არ ჰქონდა და ითხოვდა დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ე. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ გამოუყენებია სხდომის ოქმზე შენიშვნების შეტანის უფლება, თუმცა აღსანიშნავია, რომ სხდომის ოქმში საქმის მსვლელობის ყველა არსებითი მომენტი სრულყოფილად იყო ასახული.

ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ე. Aჩ-ძეს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების შეტანის ვადა გაშვებული ჰქონდა და მას მართებულად ეთქვა უარი განცხდების განხილვაზე. ამასთან საოლქო სასამართლო დაამატებს, რომ კერძო საჩივარში მოყვანილი გარემოებები შესაძლებელია გამოყენებულ ყოფილიყო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებისას და აღნიშნული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად ვერ იქნებოდა მიჩნეული. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საოლქო სასამართლომ ე. ჩაჩანიძის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ... საქართველოს კავშირის წარმომადგენლის ე. ჩ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დავის საგანს ხარაგაულის რაიონის სოფ. ...-ის სამკილომეტრიანი გზის მშენებლობის დამთავრება წარმოადგენდა. მოსარჩელე ... კავშირს სასარჩელო მოთხოვნა ...-ის შვიდკილომეტრიანი გზის დამთავრების თაობაზე სასამართლოში არ დაუყენებია. შესაბამისად, საქართველოს გზების სახელმწიფო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარიც სასამართლოში მითითებული მოთხოვნის ფარგლებში იქნა წარდგენილი და იგი ხარაგაულის რაიონის სოფ. ...-ში დაწყებულ გზის მშენებლობას ეხებოდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვერ გასცდებოდა აპელანტ _ საგზაო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და ვერ იმსჯელებდა ...-ის გზის მშენებლობის საკითხზე, ვინაიდან აღნიშნული საკითხი დავის საგანს არ წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ რადგან ...-ის გზის მშენებლობის დამთავრების შესახებ დავა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს არ განუხილავს, ... კავშირს ამ საკითხზე სასამართლოში ახალი სასარჩელო მოთხოვნის წარდგენა შეუძლია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ... კავშირს გაშვებული აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 7 დღიანი ვადა და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა 7 დღიანი ვადის ათვლას მოიაზრებს მოტივირებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ან მისი მხარისათვის Aჩაბარებიდან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვეტერანთა კავშირს საოლქო სასამართლოს 2001 წლის 5 ნოემბრის მოტივირებული გადაწყვეტილება ჩაბარდა იმავე წლის 20 ნოემბერს, მას ზემოთმითითებული საპროცესო ნორმით დადგენილი ვადა არ გაუშვია.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილება გამოდის მხოლოდ იმ მოთხოვნებზე, რომლის შესახებაც მხარეებმა სასამართლოში წარადგინეს მტკიცებულებანი და სასამართლოს მისცეს ახსნა-განმარტებანი, ...-ის გზის მშენებლობის თაობაზე კი მხარეს მოთხოვნა არ ჰქონია. ... კავშირის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ... კავშირის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 ნოემბრისა და 24 დეკემბრის განჩინებები იმ ნაწილში, რომლითაც ... კავშირს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარი ეთქვა 7 დღიანი ვადის გაშვების გამო.

3. ... კავშირის წარმომადგენელს _ ე. ჩ-ძეს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.